რატომ არის მიუღებელი ზურაბიშვილის იდეა კრემლისთვის და კრემლის - საქართველოსთვის

26-12-2019 19:55:21 საგარეო პოლიტიკა ,ანალიზი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 24 დეკემბრის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისთვის მისაღებია „ნორმანდიული ტიპის ფორმატი“, მალევე მოჰყვა კრემლის გამოხმაურება ფაქტობრივად საპასუხო ინიციატივით. კერძოდ, მოსკოვში საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის „ნორმანდიული ფორმატის" ჩამოყალიბება არამართებულად მიიჩნიეს და როგორც პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, „რაკი ორი ქვეყნის ურთიერთობების ფორმატი ორმხრივია, მოლაპარაკებათა ფორმატიც ორმხრივი უნდა იყოსო“.

„ნორმანდიული ფორმატი“ უნიკალურია და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის დარეგულირებისთვის შეიქმნა. პრობლემების სტრუქტურა განსხვავებულია, ამიტომ თითოეულ სტრუქტურას თავისი ფორმატი უნდა ჰქონდეს. საქართველოსთან მიმართებაში ვსაუბრობთ რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც ახლა სულ მცირე, უკეთესის სურვილს ტოვებს. ეს გაუარესება, როგორც ვიცით, გამოწვეული იყო საქართველოს იმდროინდელი ხელმძღვანელობის ძალიან არამეგობრული პოლიტიკითა და აგრესიული ქმედებებით“, – განაცხადა პესკოვმა.

მაღალი დონის შეხვედრების თაობაზე ინიციატივა კრემლიდან, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის მხრიდან გასული 7 წლის მანძილზე რამდენჯერმე გაისმა, თუმცა საკითხს საქართველოში მუდმივად ფრთხილად ეკიდებოდნენ. არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ უმაღლესი რანგის შეხვედრა «მხოლოდ შეხვედრისთვის» არ უნდა იმართებოდეს; რუსეთთან სასაუბროდ პირველი რიგის საკითხი ოკუპაციაა, მოსკოვი კი არ ამჟღავნებს სურვილს, პატივისცემით მოეკიდოს მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრა - საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მაინც შედგა და შედგა ყველა თანმდევი უხერხულობით: შეხვედრის ინიციატორის, სასაუბრო თემების, თვით საუბრის ხანგრძლივობის შესახებაც კი მხარეებმა დაინტერესებულ საზოგადოებას განსხვავებული ინფორმაციები მიაწოდეს, უპასუხო კითხვები კი ყოველთვის ტოვებს სივრცეს ათასგვარი სპეკულაციისთვის.

რუსეთის მცდელობას, საქართველო მოლაპარაკებათა მაგიდასთან ერთი-ერთზე სასაუბროდ შეიტყუოს, კრიტიკოსები ეჭვის თვალით რამდენიმე მიზეზით უყურებენ:

საქართველოში ყველა თანხმდება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა საერთაშორისო ზეწოლაზე გადის, ხოლო პირდაპირი დიალოგის შემთხვევაში დასავლეთში შეიძლება, გაჩნდეს განცდა, რომ მოსკოვი და თბილისი საკუთარ პრობლემებს ერთმანეთში თავად აგვარებენ; რუსეთთან პირისპირ, ძლიერი ზურგის გარეშე დარჩენა საშიშია, რადგან მას ზეწოლის ბევრი მექანიზმი გააჩნია; რუსეთი არ არის სანდო, რაც საქართველომ მასთან ხანგრძლივი ურთიერთობების განმავლობაში საკუთარ თავზე არაერთგზის გამოსცადა და ღირს კი ისევ გარისკვა?...

საქართველოში კრემლის (პესკოვის) დღევანდელი განცხადება არ გაჰკვირვებიათ.

„რუსეთი იგივე ევროკავშირის თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან ერთი–ერთზე საუბარზე გასვლას ცდილობს, რადგან ამ ფორმატში თავს ბევრად კომფორტულად გრძნობს, ვიდრე საერთაშორისო კონტექსტში, სხვა საერთაშორისო მოთამაშეების ჩართულობით. როდესაც რუსეთს საერთაშორისო მასშტაბით პრობლემები არ ექმნება და ოკუპაციის პირობებში არ უწევს საფასურის გადახდა, მის ინტერესში ნამდვილად არ შედის, „მიძინებული“ კონფლიქტი „ნორმანდიის“ სიმაღლეზე ავიდეს, რაღაც მიმართულებით მოხდეს აქტივიზაცია და კრემლზე წნეხი გაიზარდოს. ამდენად, პესკოვის მოსაზრებები ლოგიკურია და შესაბამისობაშია რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი.

როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა „ნორმანდიული ფორმატი“ ახსენა, ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილს შეექმნა განცდა, რომ რეალურად, საუბარი იყო არა „ნორმანდიულ მოდელზე“, არამედ რუსეთთან მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებაზე.

„პირდაპირი დიალოგი სხვა პატარა ქვეყნებმაც სცადეს, მაგრამ როგორც წესი, არაფერი გამოდის, რადგან შენ იცავ შეთანხმების პირობებს, მეორე მხარე კი – არა. და ეს უშუალოდ ჩვენც ვნახეთ აფხაზეთში ომის მიმდინარეობისას. ვნახეთ, როგორ "დაიცვა" რუსეთმა მოლაპარაკების პირობები. ამიტომაცაა გასაგები ქართული საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. სალომე ზურაბიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ყოველნაირად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ რუსეთთან მიმართებაში სხვადასხვა გაუგებარი იდეები. ყველანი უნდა ამოვიდეთ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან. ვნახეთ, რომ ფაქტობრივად, მალულად შედგა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. მნიშვნელოვანს და მით უფრო სასიკეთოს არაფერს უნდა ველოდოთ ასეთი სახის შეხვედრებისგან. ამას ისევ რუსეთი გამოიყენებს: როდესაც მას დასავლელი პარტნიორები უსაყვედურებენ ოკუპაციის გამო, კრემლში უპასუხებენ, რომ “აწარმოებენ დიალოგს საქართველოსთან”. ვფიქრობ, ამ იდეის [ზურაბიშვილის ინიციატივის] უკან სწორედ ეს იმალება და მეტი არაფერი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები