იურისტი: კანონში ჩაემატა ცვლილებები, მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება

17-05-2024 22:03:51 კომენტარი

"სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" იურისტი საბა ბრაჭველი "აგენტების კანონში" ცვილებებზე ამახვილებს ყურადღებას და კანონპროექტის ინიიცირების დღიდან მმართველი გუნდის წევრების მტკიცებაზე, რომ ის ფიზიკურ პირებს არ შეეხებოდათ.

"სინამდვილეში, ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება",– ამბობს ბრაჭველი და აზუსტებს:

"მესამე მოსმენით მიღებული კანონის მიხედვით:

  • იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოითხოვოს არა მხოლოდ ყველა სახის პერსონალური მონაცემი, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც;
  • იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (კიდევ ერთხელ - მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის;
  • ეს ახალი სანქცია დამატებითია და არ ანაცვლებს უკვე ჩაწერილ 25, 10 და 20 ათასლარიან ჯარიმებს;
  • ჯარიმის ან კანონის გასაჩივრება არ შეაჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ან ჯარიმების კიდევ, დამატებით დაკისრებას".

ბრაჭველი განმარტავს, რომ "ამ კანონით ხელისუფლებას უჩნდება შესაძლებლობა, ნებისმიერი ორგანიზაცია, დონორი, ადამიანი დააჯარიმოს იმდენჯერ და იმდენი ოდენობით, სანამ მისი ანგარიშები სრულად არ დაყადაღდება და ფუნქციონირება/ცხოვრება შეუძლებელი არ გახდება".

"ხელისუფლება რომ სიტყვას გატეხდა - ეს ვიცოდით. რუსული კანონი რომ რუსულ თარგზე წავიდოდა და ფიზიკურ პირებს აუცილებლად დაუწესებდა ჯარიმებს - ამასაც ვამბობდით. მაგრამ ისე იჩქარეს, რომ ჯერ არმიღებულ კანონში ჩაწერეს ფიზიკურ პირებზე სანქციები. ეს უტიფრობის სრულიად ახალი მწვერვალია.

ცხადია, რუსული კანონი აქამდეც ეხებოდათ ჩვეულებრივ ადამიანებს. ევროინტეგრაცია რომ გვერდით გადავდოთ, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა მოვიხმართ იმ სიკეთეებს, რაც საერთაშორისო დახმარებებით მიიღწევა. მთავრობა თუ საავადმყოფოებს ხურავს, ცხადია, რომ ეს მხოლოდ ექიმებს და ექთნებს კი არა, ყველა პაციენტს შეეხება.

თუმცა, თუ აქამდე ჩვეულებრივ მოქალაქეზე კანონის გავლენა შეიძლება არაპირდაპირი და დროში გაწელილი ყოფილიყო, ახლა უკვე პირდაპირ და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კი, ეს კანონი ყველას შეგეხებათ. ახლა უკვე ღიად, აშკარად წერია, რომ ულიმიტო და შეუზღუდავი დაჯარიმებების მექანიზმი, ინფორმაციის და საიდუმლოს ულიმიტოდ და შეუზღუდავად გაცემის ვალდებულება ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება".

საყურადღებოა, რომ კანონის მიხედვით, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

ამასთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, "თუ თქვენ, კერძო პირს სამინისტრო რომელიმე ორგანიზაციის მონიტორინგის ფარგლებში მოგთხოვთ, რომ ინფორმაცია წარუდგინოთ და თქვენ ამას დაუყოვნებლივ არ გააკეთებთ, დაჯარიმდებით. ჯარიმის ოდენობა 5000 ლარია".

რა წერია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის "ბ" ქვეპუნქტში:

"განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება".

"ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი „საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც. მოთხოვნის ზუსტი ფარგლები ბუნდოვანია, მაგრამ ზოგიერთი რამ პირდაპირ ჩაწერეს და ესაა „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები“,– ხაზს უსვამს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები