ომი კულისებში: ვისი დახმარებით მოუგო თბილისმა არაღიარებისთვის ბრძოლა მოსკოვს და არის რისკის ქვეშ ეს შედეგი?

21-05-2024 18:04:08 კონფლიქტები ,ინტერვიუ

მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული გარემოსა, ალბათ, ცოტა თუ შეაფასებს არაღიარების პოლიტიკას სხვაგვარად, გარდა წარმატებულისა. არც მმართველი გუნდის წევრები უშვებენ შესაძლებლობას ხელიდან, თავი მოიწონონ შედეგებით, მაგრამ „სუვერენული დემოკრატიის“ პროპაგანდირებაში გართულებს „გამორჩებათ“ ხოლმე მთავარი აქტორების ხსენება, მათ შორის, ამ უკიდურესად მნიშვნელოვანი მიმართულებისა, რადგან სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ფუნდამენტია ქართული სახელმწიფოებრიობის.

„აქცენტის“ რესპონდენტები, რომლებიც სხვადასხვა დროს თავად იყვნენ პროცესის მონაწილეები, ხაზს უსვამენ პარტნიორების როლს, მათ შორის, „რთულად საურთიერთობო“ ქვეყნებთან და მძლავრ რუსულ გავლენასთან მიმართებით, რამაც „ომის მოგება“, ყოველ შემთხვევაში, დღემდე, შესაძლებელი გახადა. თუმცა პროცესი განგრძობითია და ბუნდოვანია, მაინც რაზე ამყარებს პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესული „ქართული ოცნება“ იმედებს.

რომ არა პარტნიორების ჩარევა...

„ბუნებრივია, მარტო საქართველო ვერ მოერეოდა იმ მძლავრ წინააღმდეგობას, რომელსაც რუსეთი ახორციელებდა“,– ამბობს „აქცენტთან“ მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილი და განმარტავს, რომ მსგავსი რისკები არ დგას დემოკრატიულ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს და ზოგადად, აღიარებენ საერთაშორისო სამართალს. მაგრამ არსებობს რიგი ქვეყნებისა, მათ შორის აფრიკის, აზიის სახელმწიფოები, სადაც შესაძლოა, „არაერთგვაროვანი იყოს ცალკეული ხელისუფალის დამოკიდებულებები“.

ცქიტიშვილს მაგალითად მოჰყავს კონკრეტული ფაქტიც: ბურკინა–ფასოს შემთხვევა, როდესაც იყო საუბარი, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან ფორმალური ურთიერთობების დაწყების შესაძლებლობის თაობაზე.

„მაშინ ჩვენი აქტიური ჩართულობით (პირადად ვიყავი ჩართული) და ასევე იყო საფრანგეთის ხელისუფლება, მოხდა [განზრახვის სისრულეში მოყვანის – რედ] ეფექტური პრევენცია“ ,– გვიამბობს ცქიტიშვილი და დასძენს, „ამგვარი საკითხები ძალიან ბევრია. მათგან ნაწილის შესახებ დეტალური ცოდნა მაქვს, ნაწილის – ნაკლებად, მაგრამ გარკვეულ ქვეყნებში, რომელთაც შესაძლებელია, არ ჰქონდეთ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკები, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით, შესაძლოა გაგვქცეოდა კონტროლიდან ეს პროცესი, რაც ძალიან ცუდი ნიშანი და ტალღა იქნებოდა“.

ის ხაზს უსვამს ქართველი დიპლომატების დამსახურებებს, განსაკუთრებით გაეროში – ვინაიდან საქართველოს რიგ ქვეყნებში არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, სწორედ გაეროში დგებოდა კომუნიკაცია დიპლომატებთან, „მაგრამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩარევის გარეშე ეს ძალიან გაგვიჭირდებოდა და მაღალი ალბათობით, რუსეთი გარკვეულ რეგიონებსა და ქვეყნებში მოახერხებდა“, „აღიარების“ მოპოვებას.

ის აღწერს ზოგად მოცემულობას: აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკები ძალიან მყიფეა, ამასთან, არსებობენ ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც ცდილობენ, „გარკვეული მხარდაჭერები (ფინანსური თუ სხვაგვარი) მიიღონ და ამ შემთხვევაში რუსეთი თავისი "შავი ფულით" და არა მარტო, ცდილობს მოწყვლად ქვეყნებზე ზეგავლენა მოახდინოს“.

„ეს მისი სტრატეგიაა და ცხადია, ამ პროცესის კომპენსირება საქართველოს მარტოს გაუჭირდებოდა, მით უმეტეს, აფრიკაში მხოლოდ ორი საელჩო გვაქვს, აფრიკა კი ძალიან მრავალფეროვანია, ასევე აზიის ქვეყნები – ასე მარტივად არ არის მათთან ურთიერთობა შესაძლებელი და მხოლოდ გაეროს ფარგლებშიც რთულია ხოლმე. გარკვეული ისტორიული კავშირებიდან გამომიდინარე, მათთან თანამშრომლობის ხიდეს ჩვენი პარტნიორები გვაშენებინებენ. ამიტომ, ჩვენი პარტნიორების ჩარევით – ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აშშ–ის – ვიტყოდი, რომ ეს ბრძოლა ამ ეტაპზე დიდწილად მოგებული გვაქვს და იმედია, ასეც გაგრძელდება – რუსეთმა ვერ მოახერხა, გარკვეული ჯგუფი მაინც შეექმნა ქვეყნებისა, რომლებიც აღიარებდნენ – სირია და ნიკარაგუა არ გადის თვლაში, რადგან მათ თავიანთი სახელმწიფოებრიობის პრობლემები აქვთ“.

არც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აკნინებს ქართველი დიპლომატების როლს, თუმცა საზოგადოებას უამბობს მისთვის შესაძლო უცნობ დეტალებსაც არაღიარების პროცესში ჩართული პარტნიორების და აქტივობების თაობაზე:

„ეს არის პირველ რიგში აშშ, ევროკავშირი და შემდეგ, ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ავსტრალია და ახალი ზელანდია. საქართველოს მთავრობა იქნებოდა უძლური, ვერ დაიცავდა თავის სუვერენიტეტს, რომ არა მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოში ხედავდნენ და ჯერ კიდევ ხედავენ დემოკრატიისკენ სწრაფვას“.

ის თემის სენსიტიურობის გათვალისწინებით, დეტალიზაციის გარეშე იხსენებს, რომ „რამდენიმე აფრიკული სახელმწიფოს“ შემთხვევაში საჭირო გახდა „პარტნიორების ჩართვა“, „იყო ნიუანსები ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც რუსეთის დიპლომატია მუშაობდა, მაგრამ ჩაერთო აშშ და ისინი მიხვდნენ, რომ სჯობდა, ამ თემისთვის ხელი არ მოეკიდათ“.

„ნაურუში დღემდე არ არიან ჩამოყალიბებულები – მიმდინარეობს ბრძოლა ამ საკითხის ირგვლივ და ის მაგალითია ამ ზეგავლენის. ვანუატუმ უკან წაიღო აღიარება, რადგან იყო ზემოქმედება დასავლელი პარტნიორების მხრიდან“.

ის ასევე ხაზს უსვამს ჩანაწერს აშშ–ის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, რომ ის არ დაეხმარება სახელმწიფოებს, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობას“.

მოდუნების საფუძველი არსებობს?

სირიის მაგალითი, როდესაც სამოქალაქო ომში გახვეულმა ქვეყანამ 2018 წელს ცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“, ცხადყოფს, რომ სურათი ცვალებადია და მუდმივ ჩართულობას საჭიროებს.

„სამოქალაქო ომის პირობებში მოხდა მათზე ზემოქმედება. რა მიიღეს სანაცვლოდ, ვერ გეტყვით – შესაძლოა, იარაღი, გარკვეული მხარდაჭერა, მაგრამ ფაქტია, რომ აღიარება მოხდა მაშინ, როდესაც განსაკუთრებით მოწყვლადი გახდა სირია“,– იხსენებს ცქიტიშვილი.

„აქცენტის“ თანამოსაუბრეები შიშობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ჩიხში მოქცევა, მათ შორის, არაღიარების პოლიტიკასაც დააყენებს რისკის ქვეშ.

„დემოკრატიული ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც აღიარებენ საერთაშორისო სამართალს, არადემოკრატიულ ქვეყნებში საკითხი სხვაგვარად დგას, მით უმეტეს ხშირად იცვლებიან ხელისუფლებები არადემოკრატიული გზით და სად რომელი რეჟიმი მოვა, რთულია პროგნოზირება. შემდეგ ეს რეჟიმები უმეტესწილად რუსეთის მიერ არის მხარდაჭერილი. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის გვჭირდება პარტნიორების ჩართულობა, რათა მსგავსი რისკებისგან მუდმივად გვქონდეს დაცული ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

როდესაც ხელისუფლებას დასავლეთთან ურთიერთობა გადაჰყავს კონფრონტაციაში – ამას რიტორიკის დონეზე და ქმედებებშიც ვხედავთ – პრაქტიკულად საქართველო დგება იმ ქვეყნების რიგში, რომელსაც სხვა გზა არ ექნება, გარდა რუსეთისა. ხოლო რუსეთი ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე რომ არ იზრუნებს, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ჩვენ თუ დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაში მოვექეცით, ბევრად უფრო მოწყვლადები და მარტივი სამიზნეები ვხდებით რუსეთისთვის, მანიპულაცია მოახდინოს ნებისმიერი, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხების – ხოლო დამცველი არავინ გვეყოლება. ჩვენ თუ კონფლიქტში შევედით პარტნიორებთან, რომლებიც აყალიბებენ დემოკრატიული საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, გავხდებით რუსეთის დე ფაქტო კოლონია, რომლის ბედსაც რუსეთი განსაზღვრავს!“.

იგივე რისკებს ხედავს ყოფილი სახელმწიფო მინისტრიც:

„თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ვირჩევთ რუსეთს, ავტორიტარიზმს და დასავლეთი უარს იტყვის ჩვენზე, დავკარგავთ მხარდაჭერას, რუსეთი ჩართავს თავის ბერკეტებს, რათა გააძლიეროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების კონტექსტი იგივე აფრიკულ, ლათინურ–ამერიკულ, არაბულ სახელმწიფოებში. და აღმოჩნდება, რომ სუვერენიტეტს იცავს არა „ქართული ოცნების“ მთავრობა, არამედ იცავდა აშშ!

რუსეთი, განსხვავებით დემოკრატიული სახელმწიფოებისგან, რომლებიც ქვეყნებს ეხმარებიან, ელიტებს ყიდულობს. იგივე რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ რას აკეთებდა? იცავდა რეჟიმებს, სანაცვლოდ ჰქონდა საშუალება, მოეპოვებინა ძვირფასი მადანი. ისინი არა სახელმწიფოებს, არამედ რეჟიმებს ეხმარებიან. რეჟიმი კი აუცილებლად ავტორიტარული უნდა იყოს, რადგან დემოკრატიული რეჟიმები იცვლება. რუსეთი მზადაა, დაეხმაროს არა საქართველოს, არამედ რეჟიმს და მნიშვნელოვანია, ეს საზოგადოებამ გაიგოს. თუ რუსეთმა აიღო კურირება საქართველოზე, რეალურად აიღებს „ქართულ ოცნებაზე“ და მათ კეთილდღეობაზე, რაც ბევრად იაფი დაუჯდება და ჩავეწერებით აფრიკული სახელმწიფოების რიგებში. დღეს მართლაც ეგზისტენციალური გამოწვევა გვაქვს – ვირჩევთ განვითარებული ქვეყნების რიგში ჩადგომის შანსს, ან მას 10–20 წლით ვკარგავთ!“.

ცქიტიშვილი კი რუსეთთან ურთიერთობების რეგულირების შესაძლებლობის ილუზიის ქვეშ მყოფებს არც თუ შორეულ წარსულს ახსენებს:

  • „რუსეთი ხელშეკრულებით იყო გარანტი სომხეთის უსაფრთხოების, სომხეთი იყო რუსეთის მიერ მართული კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი და რა მიიღო ამით? კრიტიკულ მომენტში არათუ ვერ, არც კი დაიცვა;
  • რუსეთი თავად იყო იგივე უკრაინის უსაფრთხოების გარანტი – ხელი აქვს მოწერილი ბრიტანეთთან და აშშ–სთან ერთად დოკუმენტზე. გარანტიები მან იმის სანაცვლოდ გასცა, რომ უკრაინამ უარი თქვა ატომურ იარაღზე და რაში გადაიზარდა უკრაინასთან „დალაგებული“ ურთიერთობები?
  • გავიხსენით საქართველოს შემთხვევა – ჩვენ ვიყავით დსთ–ს წევრები და რა შედეგი მივიღეთ? ოკუპირებული ტერიტორიები!“.

ის კონსტანტირებს, რომ აბსოლუტურად აზრს კარგავს ქვეყანასთან რაიმე სახის შეთანხმება, რომელიც სრულიად ამოვარდნილია საერთაშორისო სამართლის პრინციპიდან, არ სცემს მათ პატივს და რომ რუსეთთან ურთიერთობების „დალაგება“ წარმოუდგენელია, გარდა შემთხვევისა, თუ ის იძულებული არაა, წავიდეს დათმობაზე:

„იძულებული შესაძლოა, მაშინ გახდეს, თუ საქართველო არა მარტო დარჩენილი მასთან პირისპირ, არამედ აქვს ძალიან ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა და მყარად დგას საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე და ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია“.

დავით მანიჟაშვილი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები