Accentnews.ge
რა დაადგინა სტრასბურგმა „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე

რა დაადგინა სტრასბურგმა „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე

23/05/2024 09:02:23 სამართალი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

ECHR–ის ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის თანახმად,

"სასამართლო:

  • ერთხმად დაუშვებლად აცხადებს განმცხადებლის საჩივრებს კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, ორივე საჩივართან – N 6232/20 და N 22394/20 დაკავშირებით.
  • განცხადება N 22394/20–თან დაკავშირებით, ადგენს ერთხმად, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას, რომელიც შეეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთმოსამართლიანი შემადგენლობის (მოსამართლე გ.ა.) დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას;
  • ორივე საჩივართან – N 6232/20 და N 22394/20 დაკავშირებით, ადგენს ერთხმად, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტის დარღვევას, რომელიც შეეხება მტკიცებულებების ადმინისტრირებას ეროვნული სასამართლოების მიერ;
  • ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, ადგენს, რომ N 22394/20 სარჩელთან დაკავშირებით არ დარღვეულა კონვენციის მე-7 მუხლი".

რას ამტკიცებდა სააკაშვილი

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორი საჩივარი ჰქონდა შეტანილი. „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის პირველი ნაწილი ეხებოდა 2005 წლის ივლისში თავდასხმას პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე, ხოლო მეორე ნაწილი ეხებოდა მის მიერ 2008 წელს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულთა შეწყალებას.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის შემდეგი მუხლები:

  • მე-6 მუხლის პირველი და მე-3 (დ) პუნქტები — სამართლიანი სასამართლოს უფლება/მოწმეების დასწრებისა და დაკითხვის უფლება); სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ მისი ვერდიქტი ეფუძნებოდა ბრალდების მხარის ორი მოწმის დაუმოწმებელ ცნობებს და რომ მათი ჩვენებები არ იყო სანდო, რადგან ისინი მისი პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ. იგი დამატებით ამტკიცებდა, რომ მოსამართლე, რომელმაც მის წინააღმდეგ მეორე საქმე განიხილა, არც მიუკერძოებელი იყო და არც დამოუკიდებელი.
  • მე-7 მუხლი — არავითარი სასჯელი კანონის გარეშე; იგი ამტკიცებდა, რომ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებისთვის, რაც მისი უფლება იყო საქართველოს კანონმდებლობით.
  • მე-18 მუხლი — უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები. სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მოტივი პოლიტიკური დევნა იყო.

ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ "ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ” საქართველოს გამარჯვებით დასრულდა".

„სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ” ჩვენი სახელმწიფოს სრული გამარჯვებით დასრულდა!დეტალებს საზოგადოებას მალე შევატყობინებთ“, -დაწერა რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S