„26 მაისს ამაზეც მიგვანიშნეს“: დამოუკიდებლობის დღე და არაშემთხვევითი სიმბოლიკა

27-05-2024 16:33:23 თავდაცვა ,ანალიზი

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ ბევრს გაუჩინა განცდა გარდაუვალი შედეგის დემონსტრირებისა, რაც ემუქრება ქვეყანას პარტნიორებთან ურთიერთობების ჩიხში მოქცევის პირობებში – მარტოდ ეგზისტენციალური გამოწვევების ფონზე: გარდა იმისა, რომ შეიარაღებულ ძალებს ფიცის დადების შემდეგ მოღალატედ გამოუცხადეს უმაღლესი მთავარსარდალი, განსხვავებით გასული წლების აღლუმებისგან, როდესაც ქართველ სამხედროებთან ერთად მარშირებდნენ მათი, მათ შორის, ამერიკელი, ბრიტანელი, პოლონელი კოლეგები, პარტნიორებზე ყოველგვარი მინიშნების კომპონენტი ამოიღეს ცერემონიიდან. მიზეზი არავის განუმარტავს, მაგრამ სიმბოლიკა ყოველთვის მნიშვნელოვანია და ის არასდროს არის შემთხვევითი. სწორედ ამ ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას „აქცენტის“ თანამოსაუბრეებიც.

„წინა აღლუმებზე რუსთაველზე „აბრამსი“ და „ბრედლი“ იდგა, ამერიკელი სამხედროები მარშირებდნენ, იყო ბრიტანული ორკესტრი, იყვნენ პოლონელები, ბალტიისპირელები, გერმანელები... მაქსიმალურად ვცდილობდით და ბევრჯერ დაგვიმთხვევია ამ პერიოდისთვის საერთაშორისო სწავლებაც... მრავალი წელია, პარტნიორებთან ერთად აღვნიშნავდით ამ დღეს. ცხადია, ეს იყო მინიშნება, რომ მარტონი არ ვართ, რომ ეს ტექნიკა საქართველოშია, რომ ჩვენს გვერდით დგანან მოკავშირეები, წვრთნებს ვატარებთ... ეს მოსახლეობისთვისაც იყო აღმაფრთოვანებელი... ვფიქრობ, ძალიან კარგი იყო საერთაშორისო სახის მიცემა, რომ ქართველები ვართ ნაწილი, თავსებადი დასავლურ შეიარაღებასთან, თანამედროვეობასთან, მოწინავე სამხედრო ძალასთან და ა.შ. იგივე ახალგაზრდა ჯარისკაცისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც მას გვერდში ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი და ა.შ. უდგას, მარშირებს და დებს ფიცს ქვეყნის დაცვაზე“,– ამბობს „აქცენტთან“ გადამდგარ გენერალ–მაიორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსი [2004-2005 და 2013-2016 წლებში], ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც 25–ზე მეტ აღლუმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ის სხვა თვალშისაცემ გარემოებებზეც ამახვილებს ყურადღებას:

„არ გამოირჩეოდა იგივე ტექნიკის, სიახლეების ჩვენებით და ყველაზე ცუდი, რაც ძალიან არ მესიამოვნა, ჯარის წინ პოლიტიკური დაპირისპირებაა“.

მისი ხედვით, არც პრეზიდენტის პოლიტიკური განცხადებები იყო კონკრეტული დროისთვის შესაფერისი და „შეეძლო საღამოს მიემართა საზოგადოებისთვის“ იგივე ტექსტით და ასევე კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს, „უმაღლეს მთავარსარდალს ჯარის წინ უძახო მოღალატე – ეს სამხედროების მორალზე ძალიან ცუდად მოქმედებს!“

„სამოქალაქო იდეის“ მკვლევარი გიორგი შაიშმელაშვილიც იზიარებს შეფასებას იზოლაციონისტური სიმბოლიკის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღლუმი იყო გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს და რომელიც, მათ შორის, შეთქმულების თეორიებისა და ცრუ დილემების პროპაგანდირებასაც მოიცავს:

„როგორც ჩანს, მათ აქვთ წარმოდგენა, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ის ხალხი მსახურობს, სადაც ფსევდონაციონალისტურ განწყობებს მარტივად გაყიდიან. აქ კი ძალიან მძიმედ ცდებიან: ნებისმიერ ქვეყანაში შეიარაღებული ძალები ძირითადად კონსერვატიული საზოგადოებაა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში „ოცნება“ ცდილობს, შეიარაღებულ ძალებს ამ კონსერვატიზმის საფარქვეშ მიყიდოს ქვეყნის რეალურად დესუვერენიზაცია და ამას არ იყიდიან! ისინი განათლებული ადამიანები არიან, აბსოლუტურ უმრავლესობას განათლება მიღებული აქვს დიდ ბრიტანეტში, გერმანიაში ან აშშ–ში... აი, ამ ხალხს ეუბნებიან, რომ ჩასრულდება პროცესი და შემდეგ განათლებას რიაზანში [რუსეთის ოლქი – რედ.] მიიღებთო!“.

თუ პარტნიორების მხარდაჭერა რეალურად შეწყდება ...

ამ მხარდაჭერის შეწყვეტა იქნება უდიდესი გამოწვევა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების, მოდერნიზების, გადაიარაღების და ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოებებისთვის! ღმერთმა ნუ ქნას, რასაც ამბობენ, განხორციელდეს და ამერიკული და ევროპული დახმარება აღარ მივიღოთ,– ხაზგასმით აღნიშნავს „აქცენტთან“ ვახტანგ კაპანაძე და განმარტავს:

  • „სოლიდური თანხები იხარჯებოდა ამერიკიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე. ზოგადად, საქართველოს საჯარო სამსახურებიდან ყველაზე მეტი მოსამსახურე თავდაცვის სამინისტროდან დადიოდა დასავლეთში მასპინძელი ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით – ეს იყო განათლება, კურსები, სწავლება... როდესაც ვსაუბრობთ განათლებაზე, მხოლოდ საკუთარ სივრცეში ვერ ჩაიკეტები! ამით ძალიან მნიშვნელოვან ელემენტს კარგავ შენი სამეთაურო და სამხედრო ხელმძღვანელობის განვითარების კუთხით!
  • მეორე – სად ვაპირებთ სათადარიგო ნაწილების თუ შეიარაღების შესყიდვას? როგორ ვაპირებთ მოდერნიზებას, თუ ევროპის ქვეყნებისგან და აშშ–დან არ გვექნება შესაბამისი მხარდაჭერა. საბჭოთა ტექნიკა მთელი მსოფლიოდან უკრაინაში გაიხარჯა, სათადარიგო ნაწილსაც ვერ შევიძენთ ჩვენი საბჭოთა ტექნიკისთვის. ამიტომ, უნდა გადავიდეთ დასავლურ აღჭურვილობაზე. და დასავლურ აღჭურვილობაზე გადასვლა იმ პირობებში, თუ დასავლეთმა ჩაგვიკეტა ეს ყველაფერი, როგორ მოხერხდება? აღჭურვილობის დიდი ნაწილს ვიღებდით ან შეღავათიან ფასად, ან პარტნიორების დაფინანსებით! ნუ დაგვავიწყდება ის მხარდაჭერა, რაც ჩვენს სასაზღვრო ძალებს, სანაპირო პოლიციას ჰქონდა ამერიკიდან და ევროკავშირიდან – ტექნოლოგიური და ტექნიკური. ეს ყველაფერი ხომ საფრთხის ქვეშ დადგება და მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და ზოგადად, უსაფრთხოებაზე?!
  • გარდა ამისა, წვრთნები, საქართველოში მოქმედი ნატოს საწვრთნელი ცენტრი, სადაც პარტნიორები არიან ჩართული...
  • ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია დანიის ინიციატივა, უკრაინა გახდეს ევროკავშირის სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის ნაწილი. არის შესაძლებელი, საქართველოც ჩაერთოს ამ სისტემაში უკრაინასთან ერთად. ეს უდიდესი მნიშვნელობის იქნებოდა ჩვენი, ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარებისა და გადაიარაღებისთვისაც. არსებულ მოცემულობაში კი ამაზე არავინ ილაპარაკებს“.

შაიშმელაშვილი კი დარწმუნებულია, რომ თუ ოქტომბრის არჩევნების გზით ქვეყანაში მშვიდობიანი პოლიტიკური ცვლილებები არ განხორციელდა, მომავალი აღლუმი საქართველოს შეიარაღებული ძალების კომპონენტის გარეშეც ჩაივლის, რადგან „რუსები საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან ერთად (რომელსაც შემოგვთავაზებენ „ნეიტრალიტეტის“ ან სხვა ფორმით), პირველი, რასაც აქ გააფუჭებენ, იქნება შეიარაღებული ძალების სრულიად გამიზნული დაშლა": „რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ თავდაცვის სამინისტრო რეალურად ამერიკელების ძალიან აქტიური მონაწილეობითაა შექმნილი, განსაკუთრებით სძულთ ეს სტრუქტურა და სრულიად გამიზნულად დაშლიან მას. ვფიქრობ, 26 მაისს ეს მინიშნებაც ვიხილეთ“.

ის ხაზს უსვამს, რომ ქვეყანა ამერიკული დახმარების გარეშე ვერ შეინარჩუნებს შეიარაღებულ ძალებს და კონსტანტირებს შემდეგ მოცემულობას:

"უკვე 20 წელზე მეტია, ყოველწლიურად $2 მილიონი იხარჯება ჩვენი ოფიცრების მხოლოდ განათლებაში (პროგრამა დაიწყო 2002 წელს და მას შემდეგ არ შეწყვეტილა), აღარ ვსაუბრობ წვრთნებსა და შეიარაღებაზე. დიახ, გვაქვს ჩვენი განათლების სისტემა, რომელიც ასევე ამერიკელების მიერ არის შექმნილი, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გვქონდეს მაღალი დონის განათლება. ამიტომ, ყველა ოფიცერი შემდეგ კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა კურსებს გადის დაწყებული უმცროსი ოფიცრის დონიდან, დამთავრებული სტრატეგიული – ომის კოლეჯის დონით. წელიწადში მინიმუმ 20–30 ოფიცერი მიემგზავრება მხოლოდ ამერიკაში. თუ ეს ყველაფერი გადაიხედება, უბრალოდ არავის ექნება ამ ჯარში გაჩერების მოტივაცია! საბჭოთა კავშირის დროს განსხვავებით მეზობლებისგან, ერთ–ერთი გამორჩეული ერი ვიყავით ამ თვალსაზრისით, რომელიც სრულიად გამიზნულად არ მსახურობდა საბჭოთა ჯარში. ეს იმიტომ, რომ თუ ჩვენ ჩვენს ქვეყანას არ ვემსახურებით, არ გვიღირს სხვა ქვეყნის ჯარში მსახური. სწორედ მსგავსი რამ მოხდება – ჯარში მსახური გახდება არაპრესტიჟული“.

ის დარწმუნებულია, რომ ამერიკული დახმარების შეჩერების შემდეგ, მთავრობაც შეამცირებს თავდაცვის ისედაც მწირ ბიუჯეტს და ეს აუცილებლად შეეხება ადმინისტრაციულ ნაწილსაც. ამდენად, არც მათ უნდა ჰქონდეთ სიმშვიდის საფუძველი:

„დარჩება ალბათ ერთი ბრიგადა და ადმინისტრაციული რესურსი. თუმცა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ხალხი, რომელსაც თავი ადმინისტრაციულ რესურსად მიჩნია, ასევე საფრთხე დაემუქრება – ამ იზოლაციონისტური პოლიტიკის ფონზე, თუ სადმე რესურსები შემცირდება (რუსების ცალსახა მოთხოვნაც იქნება), ეს უპირველესად იქნება თავდაცვა, შესაბამისად, ის კადრებიც, ვინც ახლა პოლიტიკური ნიშნითაა დანიშნული, რადგან უბრალოდ მათი შესანახი ფული არ ექნებათ. ტექნიკაზე, განვითარებაზე აღარაფერს ვამბობ“.

შაიშმელაშვილი შემაჯამებლად ხაზს უსვამს, რომ ლოგიკურად, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ჯარის გაღიზიანება, მაგრამ ვინაიდან ამას „განზრახ სჩადიან“, ერთის მხრივ, ეს არის „სიგნალი რუსებისთვის“, მეორეს მხრივ – „დღესვე ინიშნება ადგილი, რომელიც უნდა განადგურდეს და ეს არის ქართველი ოფიცრების ღირსება და სისტემა, რომელიც 20 წელზე მეტია, მის ირგვლივ შენდება“.

იხილეთ ასევე: სამწუხაროდ, ზოგიერთი შესაძლებლობას დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს - ინტერვიუ აშშ–ის თავდაცვის ატაშესთან

ახალი ამბები

სხვა სიახლეები