01-06-2024 01:48:28 პოლიტიკა
ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარების გამო საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს.
როგორც "აქცენტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა, "ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განსახორციელებლად შერჩეული ჩინური კომპანია CCCC (China Communications Construction Company Limited) აშშ-ის მთავრობის მიერ სანქცირებულ სამხედრო და სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, ასევე იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაშია მხილებული, რის გამოც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა 2021 წელს იგი ე.წ “Entity List”–ში* შეიყვანა".
"ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ შენდება ინფრასტრუქტურა და ვინ აშენებს მას. საქართველოს გლობალურ ბაზრებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერება კარგია, მაგრამ ამ კომპანიას არც ერთის გამოცდილება აქვს, არც მეორესი.
მისი ერთ-ერთი წინა პროექტი, ანაკლიის მსგავსად, დაიწყო საჯარო-კერძო პარტნიორობით, მაგრამ შედეგად ჩინეთმა მიიღო 99-წლიანი იჯარა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, შემდგომში კი ჩინური "კვლევითი ხომალდების" ვიზიტები, რამაც მთელი რეგიონის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. შრი-ლანკაში, ჰამბანტოტაში მდებარე ეს პორტი ამჟამად სამარცხვინოა ჩინეთისა და მასპინძელი შლი-ლანკის სარგებლის უთანასწორობის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, ხსენებულ კომპანიას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც. კერძოდ, 2009 წელს მსოფლიო ბანკმა CCCC–ის დაფინანსებით გზებისა და ხიდების მშენებლობის პროექტები თაღლითობის გამოვლენის გამო დაბლოკა.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში სატენდერო პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, პროექტი სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს და ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემით განხორციელდება. შეერთებული შტატები მზად არის, იმუშავოს საქართველოს მთავრობასთან იმის უზრუნვესაყოფად, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებამ ქვეყნის მოსახლეობას სიკეთე მოუტანოს, თავიდან იქნას აცილებული არამდგრადი ვალი, დაცული იყოს მუშახელის უფლებები, ისევე, როგორც გარემოზე ზემოქმედების სტანდარტები, ამასთანავე, საფრთხე არ დაემუქროს საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, ან ქვეყნის ევროატლანტიკური პარტნიორების უსაფრთხოებას", – განუცხადა "აქცენტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.
ცნობისთვის: 29 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ჩინური კომპანია ააშენებს:
"2023 წლის სექტემბრისთვის უკვე შერჩეული გვყავდა ორი კვალიფიციური კომპანია – ჩინური კონსორციუმი და "თიაიელი" – ლუქსემბურგული კომპანია. ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა დეტალური წინადადებების მიღების პროცესზე. [...] ორივე პრეტენდენტთან გვქონდა დეტალური კონსულტაციები, მაგრამ ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან, ამ შემთხვევაში აპლიკაცია სრულყოფილია, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები, აქედან გამომდინარე უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც გამოვაცხადებთ გამარჯვებულად ჩინურ კონსორციუმს და დავიწყებთ უკვე მოლაპარაკებებს საპარტნიორო შეთანხმების შესახებ".
30 მაისს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება".
2020 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ აღნიშნა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან, მისი ცნობით, კონსორციუმმა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პირველი კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობის ინფორმაციით, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება.
*ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, ამერიკული კომპანიები ამავე დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროდან საჭიროებენ ლიცენზიას გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის, სოფტვერის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე, თუ მათ სურთ ტრანზაქციების განხორციელება ე.წ “Entity List”ში მითითებულ კომპანიებთან.
განახლება
თავდაპირველად მასალაში ეწერა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განსახორციელებლად შერჩეულია ჩინური კომპანია CCCG ("China Communications Construction Group), რომელიც ჩასწორდა CCCC-ით (China Communications Construction Company Limited).
მასალაში მოცემულ თავდაპირველ კომპანიასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ CCCG არ მონაწილეობს რაიმე სახით ანაკლიის პორტის პროექტში, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღო და საბოლოო წინადადება წარმოადგინა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited-მა (CCCC), თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება CCCC-ის შესახებაც იგივეა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის China Communications Construction Company Limited ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2006 წლის 8 ოქტომბერს China Communications Construction Company Limited–მა (CCCC) დააარსა China Communications Construction Group (CCCG).