Accentnews.ge
კალაძე: აშშ– საქართველოს ურთიერთობები უნდა გადაიხედოს და ვფიქრობ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით უბრალოდ შეუძლებელია

კალაძე: აშშ– საქართველოს ურთიერთობები უნდა გადაიხედოს და ვფიქრობ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით უბრალოდ შეუძლებელია

06/06/2024 09:17:10 ციტატა

„რა თქმა უნდა, აშშ– საქართველოს ურთიერთობები უნდა გადაიხედოს და ვფიქრობ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით უბრალოდ შეუძლებელია. მზად ვართ მეგობრობისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მართლაც გაღრმავდეს და გახდეს ჯანსაღი, ისეთი როგორიც უნდა იყოს და არა ვირტუალური. ეს უნდა იყოს ორმხრივი. საქართველო ვინმეს ვასალი არ არის. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიღაცა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს, მშვიდობას დაანგრევს და ის ვითარება იქნება, რაც სამწუხაროდ, უკრაინაშია. არა მეგობრებო, ჩვენ ამ ქვეყანას ვიცავთ!“,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მნიშვნელოვანი: მოხსენებაში, რომლითაც პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე 28 ივნისს უნდა წარდგეს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს დახმარების არაერთი ფაქტია აღრიცხული განსხვავებით რიტორიკისგან, რომელსაც მმართველი გუნდი აქტიურად იყენებს განსაკუთრებით, "აგენტების კანონის" ინიციირების შემდეგ. ანგარიში მოიცავს 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს.

კერძოდ, ანგარიშში თავდაცვის ნაწილში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ხაზით, 2023-2024 წლებში გაგრძელდა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) იმპლემენტაცია და „აქტიურად მიმდინარეობდა შეიარაღების/აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი“.

2023 წელს, საქართველომ აშშ-სგან მიიღო:

  • საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში (FMF) - 35 მილიონი დოლარი;
  • აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 333-ე პარაგრაფის ფარგლებში - 37 მილიონი დოლარი.
  • 2024 წლის სავარაუდო გეგმაა, ჯამში, კიდევ 55 მილიონი დოლარის მიღება.
  • „მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), რომელიც 2024 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს;
  • მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების, ასევე რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით“, - წერია ტექსტში.

თავდაცვის სფეროს მიმართულებით ხაზგასმულია საქართველოსთვის სხვა ქვეყნების მიერ გამოყოფილი დახმარებაც:

  • შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოყო 18,000 ევრო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის ინგლისური ენის კურსების ჩასატარებლად;
  • დანიის მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამით, დანიურმა მხარემ JTEC-ს გადასცა 403 000 აშშ დოლარის ღირებულების ტექნიკა;
  • 2019 წელს თურქეთთან ხელმოწერილი 100-მილიონიანი გრანტით, საანგარიშო პერიოდში, გამოიყო 6 მლნ ლირა (210,000 დოლარი), რომლითაც სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა შეიძინეს;
  • 2024 წელს თურქეთის რესპუბლიკა 10 მილიონ ლირას, ხოლო დანიის სამეფო − 198,897 ევროს გამოყოფს.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს. პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და "აგენტების კანონი" საბოლოოდ მიიღო.

3 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „აგენტების კანონს“ ხელი მოაწერა. კანონი ძალაში უკვე შევიდა. როგორც მან აღნიშნა, 4 ივნისიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს შეიმუშავებს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის. მისივე თქმით, 60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება, რა დროსაც მათ 2023 წელს მიღებული შემოსავლები უნდა დაადეკლარირონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S