
ელჩი: "ძალიან ვცდილობდით, შეგვენარჩუნებინა "მეტი მეტისთვის" დამოკიდებულება, მაგრამ ახლა გამოსავალი არ გვაქვს, რომ არ გადავიდეთ პრინციპზე "ნაკლები ნაკლებისთვის"
06/06/2024 13:51:25 ციტატა
"ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მუშაობისას ყოველთვის მივდევდით "მეტი მეტისთვის" პრინციპს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. [საქართველოს] ყოველი პოზიტიური ნაბიჯისას იქნება უფრო და უფრო მეტი ჩართულობა ჩვენი მხრიდან. ეს პრინციპი გასულ კვირამდე გამოიყენებოდა საქართველო– ევროკავშირის ურთიერთობებში. ახლა რისკის ქვეშ ვდგავართ, რომ პრინციპიდან "მეტი მეტისთვის" გადავიდეთ პრინციპზე"ნაკლები ნაკლებისთვის". [...] და როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი ვამბობ, რომ ეს გულდასაწყვეტია, რადგან ძალიან ვცდილობდით, შეგვენარჩუნებინა "მეტი მეტისთვის" დამოკიდებულება, მაგრამ ახლა გამოსავალი არ გვაქვს, რომ არ გადავიდეთ პრინციპზე "ნაკლები ნაკლებისთვის", – ამის შესახებ, "ფორმულას" ცნობით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს. პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.
24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.
28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და "აგენტების კანონი" საბოლოოდ მიიღო.
3 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „აგენტების კანონს“ ხელი მოაწერა. კანონი ძალაში უკვე შევიდა. როგორც მან აღნიშნა, 4 ივნისიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს შეიმუშავებს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის. მისივე თქმით, 60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება, რა დროსაც მათ 2023 წელს მიღებული შემოსავლები უნდა დაადეკლარირონ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021