საქართველო და ევროპა: რა გველის 26 ივნისს

10-06-2024 12:06:37 პოლიტიკა

უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულეს. ასეთია ევროკომისიის უკანასკნელი დასკვნა, რომლის საფუძელზეც კომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ე.წ. ტრიოს წევრ ამ ორ ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად "მწვანე შუქი" აუნთო. რაც შეეხება "ტრიოს" მესამე წევრ საქართველოს, ამ კუთხით ქვეყნის ბედი 26 ივნისს გადაწყდება, როცა საქართველოს საკითხზე სხდომაა ჩანიშნული, თუმცა პროგნოზები სავალალოა: უკრაინა-მოლდოვისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისგან "ქართული ოცნების" ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯების გამო მძიმე სასჯელი ელის.

ეს, როგორც ჩანს, კარგად იციან "ქართულ ოცნებაშიც": საქართველოსთვის მოსალოდნელ სასჯელზე პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ კვლავ მიმართა ევროკავშირისთვის გადაბრალების ნაცად ტაქტიკას, რომელსაც აქტიურად იყენებდა რამდენიმე თვის წინ - ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპერიოდში. მაშინ საქართველოს ამ სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი ჰქონდა შესრულებული და ისიც არასრულად, თუმცა "ოცნება" მოსახლეობას არწმუნებდა, რომ "ყველაფერი შესრულებული" ჰქონდა და "თუ ვინმე იმსახურებდა სტატუსს, ეს სწორედ საქართველო იყო". ამას ფონად გასდევდა "ქართული ოცნებისთვის" უკვე ტრადიციულად ქცეული ანტიევროპული პროპაგანდა, რომლის არაერთი ნარატივი ერთი-ერთში იმეორებდა კრემლის ანტიდასავლურ სადეზინფორმაციო პროპაგანდას... იგივეს ვხედავთ ამჯერადაც, როცა შემდეგი ნაბიჯის - ევროკავშირთან წევრობის საკითხზე მოლაპარაკებების გახსნის დრო დგება. ხოლო რაკი "ქართულ ოცნებას" ამჯერად ახალი 9 პირობიდან საერთოდაც, არც ერთი შეუსრულებია და მეტიც, დასავლელი პარტიორების არაერთი გაფრთხილებისა და თავად ქართული საზოგადოების ორთვიანი უწყვეტი მრავალათასიანი პროტესტის მიუხედავად, მაინც მიიღო რუსულად შერაცხული "უცხოური გავლენის გამჭვირვალების შესახებ" კანონი, რომელიც ხსენებული 9 პირობიდან სულ მცირე, სამს (ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტა, პოლარიზაციის აღმოფხვრა, ფუნდამენტური უფლებების დაცულობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა) არღვევს, ასევე ეწინააღმდეგება ზოგადად ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, 26 ივნისთან დაკავშირებით "ოცნების" მოლოდინი, ცხადია, მძიმეა - და მისმა ანტიდასავლურმა რიტორიკამაც კიდევ უფრო იმძლავრა.

ფაქტობრივად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტრად ქცეულმა ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რა ჩაიდინა და რას სჩადის ახლაც, - იცის როგორც საკუთარი მიზნებიდან, ისე ქვეყნის აბსოლუტურად ყველა დასავლელი პარტნიორის მრავალგზის გაფრთხილებიდან გამომდინარე, მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერ, მათ შორის (ახლა უკვე აშკარაა) ევროპული მომავლისთვის ქვეყნის მრავალათწლეულიანი ბრძოლის კრახით დასრულების ფასად გეგმავს. და ეს - მაშინ, როცა უკრაინის ომით შეცვლილი გარემოებების წყალობით ჩვენს ქვეყანას სწორედ ახლა აქვს უნიკალური, დღემდე არნახული და რაც მთავარია, დროში შეზღუდული შანსი, მრავალსაუკუნოვანი ოცნება აისრულოს და ევროპის ოჯახის სრულფასოვან წევრად იქცეს, ალტერნატივა კი მხოლოდ ერთია - პუტინის ბნელი იმპერიის ნაწილად ქცევა.

ცხრავე პირობის შეუსრულებლობისა და ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპების დამრღვევი "რუსული კანონის" ძალით მიღების ფონზე "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები უტიფრად ირწმუნებიან, რომ საქმე აქ არა მათ გადაწყვეტილებებშია, არამედ თავად ევროკავშირში, რომლის პოლიტიკა "დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე გახსნილი იქნებოდა გაწევრიანების მოლაპარაკებები". სწორედ ამას წერს სოცქსელში, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და კვლავაც საქართველოს რაღაც "მიღწევებზე" ამახვილებს ყურადღებას.

არადა, საქმე ძალიან მარტივადაა: ევროკავშირმა გვითხრა - "შეწყვიტეთ ანტიდასავლური პროპაგანდა, გამოიჩინეთ ევროკავშირის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებებისადმი ერთგულება, შეასრულეთ მკაფიოდ გაწერილი პირობები, რომელთა შესრულებისთვის სრულიად საკმარისი ვადა გაქვთ გამოყოფილი - და მოლაპარაკებებს გაგიხსნით, დაგიცავთ, ყოველმხრივ დაგეხმარებით გასაძლიერებლადო", მაგრამ "ქართულმა ოცნებამ", რომლის ძალაუფლებას ევროკავშირის მიერ გაწერილი პირობების შესრულება უცილობლად მოარყევდა, ყველაფერი პირიქით გააკეთა და აკეთებს დღესაც. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონის "ოცნებისეული" ვერსია კი, რომელიც მმართველმა გუნდმა ძალით (როგორც ირიბი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით) მიიღო, მაღალი ალბათობით, ბოლო ლურსმნად იქცევა საქართველოს ევროინტეგრაციის კუბოში, რაც თავად "ოცნების" გარდა, მხოლოდ ერთ მოთამაშეს აწყობს - საქართველოს დაუძინებელ მტერსა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტ რუსეთს: მისი პრეზიდენტი - საერთაშორისო დამნაშავე პუტინი არ მალავს "რუსსკი მირის" ჩამოყალიბების, "დიადი იმპერიის გაფართოებისა" და "საბჭოთა კავშირის აღდგენის" განზრახვას, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან ჩახსნილი, დასავლელი პარტნიორების მიერ ზურგშექცეული საქართველო კი სრულიად უსუსურ მდგომარეობაში მარტო დარჩება პუტინის რუსეთის პირისპირ... შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ "ოცნებაში", რომლის წარმომადგენლებიც უტიფრად გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს "იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს" და წარმოადგენენ "ომისგან დამცავ ერთადერთ ფარს", მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი, როგორც ჩანს, ქვეყნის სუვერენიტეტზეც დიადია, დამოუკიდებლობაზეც და მომავალზეც - "ქვეყნის მომავალი მომავალს დავუტოვოთ, დღეს კი მთავარია, ძალაუფლება შევინარჩუნოთ და ქვეყნის წინაშე ღალატისა თუ სხვა მრავალი ჩადენილი დანაშაულის გამო ციხეებში არ მოვხვდეთო"..

ნებისმიერი ხელისუფლება ოდესმე მიდის. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მომავალი სწორედ ახლა წყდება და ზიანი, რომელსაც "ოცნება" საქართველოს აყენებს, ფატალური შეიძლება, აღმოჩნდეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვისაც კი, ან, სულ მცირე, მრავალი ათწლეულით უკან გადაისვრის ქვეყანას. და მგონი, უკვე "ოცნებაშიც" აღარ სჯერათ ლამაზი ზღაპრის, რომ "ივანიშვილი უძლეველია და ყველაფერს "დაალაგებს"...

რაც შეეხება უახლოეს პერსპექტივას, რომელიც ხელისუფლების ნაბიჯებმა, უპირველესად კი "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის მიღებამ შეგვიქმნა, 26 ივნისთან, მანამდე კი ევროპელების მიერ უკვე მიმდინარე კვირის განმავლობაში გასამართ სხდომასთან დაკავშირებით ამ დრომდე გამოთქმული ყველა პროგნოზი ნეგატიურია.

კერძოდ, როგორც ორიოდ დღის წინ გავლენიანი ბრიტანული გამოცემა "The Financial Times" (FT) რამდენიმე ევროპელ ჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, ევროკომისიას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირის წევრობის საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია არ გასცეს და მთავარი მიზეზი "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის მიღებაა. "პარასკევს ევროკომისია გამოაცხადებს, რომ მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას გასცემს უკრაინასთან, რომელიც უკვე შეესატყვისება დარჩენილ შეუსრულებელ კრიტერიუმებს ანტიკორუფციული ზომების, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვის, ჩინოსნების აქტივების დეკლარირებისა და უმცირესობათა უფლებების დაცულობის თვალსაზრისით. საქართველო კი, რომელმაც ბრიუსელის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სადავო კანონი მიიღო, ევროკომისიისგან მოლაპარაკებების გახსნაზე "მწვანე შუქს" ვერ მიიღებს" - იუწყებოდა გამოცემა 7 ივნისის დილით – რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა ევროკომისიისგან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საბოლოო რეკომენდაციას მიიღებდნენ.

მეორე დღეს "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას ევროკომისია გამოაქვეყნებს მოხსენებას საქართველოსთან დაკავშირებით, "თუ როგორ უნდა უპასუხოს ევროპამ ე.წ. უცხოური აგენტების კანონს" და ერთ–ერთი ყველაზე მეტად სავარაუდო საპასუხო ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების არდაწყება იქნება: "ეს მოხსენება გამოქვეყნდება, ალბათ, მომავალ კვირას, ხოლო შემდეგ ევროკავშირს ექნება ორი დისკუსია: ჯერ - საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, შემდეგ - კიდევ ერთ სამიტზე, სადაც საქართველოს საკითხი იქნება განხილული.ყველა ზომა განიხილება, მათ შორის - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რასაც ზოგიერთი წევრი ქვეყანა არ ეთანხმება, რადგან ეს ზიანს მოუტანს ყველას საქართველოში (არა მარტო ხელისუფლებას), თუმცა ამავდროულად, ეს არის ერთადერთი ზომა, რომელსაც არ სჭირდება წევრთა სრული კონსენსუსი, განსხვავებით სანქციების დაწესებისგან, რომელსაც ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება და მოსალოდნელია, უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკონ. არის კიდევ ერთი ვარიანტი - გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების არდაწყება და ეს ყველაზე მეტად სავარაუდოა" ["მთავარი არხის" სინქრონული თარგმანი].

ის, თუ რამდენად მოსალოდნელია რეალურად, "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის გამო ევროკომისიამ საქართველოსთან ევროკავშირის წევრობის საკითხზე მოლაპარაკებების გახსნა დაბლოკოს, უშუალოდ ევროკომისიაში ვიკითხეთ. როგორც "აქცენტისთვის" მოწოდებულ ექსკლუზიურ კომენტარში ევროკომისიის პრეს–სპიკერმა ანა პიზონერომ განგვიცხადა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონი" ევროკავშირისკენ გზაზე ქვეყნის პროგრესზე ნამდვილად უარყოფითად აისახება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონი და აღნიშნა, რომ ამჟამად ბლოკისკენ წინსვლის კუთხით არჩევანი საქართველოს ხელშია.

"ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით მკაფიოდ დააფიქსირა თავისი მოლოდინი, რომელიც ასახულია ბლოკის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპული კომისიის ერთობლივ განცხადებაში "აგენტების კანონის" საბოლოოდ მიღების თაობაზე. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ დათქმით მიანიჭა, რომ გადაიდგმება 9 ნაბიჯი, რომელიც კომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციაშია გაწერილი. ეს ნაბიჯები მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას. ამასთან, ამ ნაბიჯებში საუბარია დეპოლარიზაციის აუცილებლობასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე, საბოლოო მოსმენით მიღება ევროკავშირის გზაზე ქვეყნის პროგრესზე უარყოფითად აისახება. წინსვლის გზის არჩევანი საქართველოს ხელშია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს კანონი, შეინარჩუნოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და წინ წაიწიოს აუცილებელი რეფორმების გატარებით, რომლებიც დეტალურად არის გაწერილი 9 ნაბიჯში. ევროკავშირი მზადაა, გააგრძელოს ქართველების ევროპული მომავლის მხარდაჭერა", – განუცხადა "აქცენტს" პიზონერომ, რომლის კომპეტენციაში სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხები შედის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები