10-06-2024 19:02:15 საზოგადოება ,ეკონომიკა ,ანალიზი
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციების დრამატული კლება დაფიქსირდა. კერძოდ, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში [იანვარი-თებერვალი-მარტი] 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 64.4%-ით შემცირდა:პირველ კვარტალში ქვეყანაში 201.4 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ინვესტიციების მოცულობა 566.4 მლნ დოლარი იყო, კლება 365 მლნ დოლარია.
ინფორმაციისთვის: ეს ეხება პერიოდს, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ინიციირებული "აგენტების კანონი", პარტნიორებთან "ქართული ოცნების" ურთიერთობები ჯერ კიდევ არ არის ჩიხში შესული და არც აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების ოფიციალური პირები სანქცირებული.
საქსტატის ინფორმაციით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის [სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები] მაჩვენებლის შემცირებით.
წლევანდელი წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია თურქეთიდან შემოვიდა 42.4 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა ჩეხეთი - 41.5 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე აშშ - 33.7 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება სექტორებს, წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორმა მოიზიდა 78.7 მლნ დოლარი. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობა - 39.5 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზეა ტრანსპორტის სექტორი 38.8 მლნ. აშშ დოლარით.
ეკონომისტები იხსენებენ, რომ მსგავსი უარყოფითი მაჩვენებელი ქვეყანას პანდემიის პერიოდში და 2009 წელს ჰქონდა.
„შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ახალი ფული ფაქტობრივად, აღარ შემოდის – ძალიან მცირე რაოდენობით, და გასათვალისწინებელია, რომ ეს არის პირველი კვარტალი, როდესაც ის დრამატული მოვლენები[„აგენტების კანონის“ ინიიცირება – მიღება, დაპირისპირება პარტნიორებთან, საქართველოს ოფიციალური პირების აშშ–ის მიერ სანქცირება], რომელიც აპრილიდან დაიწყო, არ იყო მომხდარი. შესაბამისა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მეორე კვარტალში და მესამეშიც, რომელიც საარჩევნო პეიოდს ემთხვევა, კიდევ უფრო დრამატული იქნება ინვესტიციების შემცირება, საწმუხაროდ“,– ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.
ის ხაზს უსვამს, რომ ეს უნდა იყოს „წითელი ხაზი და სიგნალი მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვისაც: „რას აკეთებს ეკონომიკის მინისტრი, რომელსაც ასე კატასტროფულად უმცირდება ინვესტიციები?!“.
ეკონომისტ აკაკი ცომაიასაც არ აქვს საიმედო პროგნოზი, თუ ქვეყანაში არ იქნება ცვლილებები :
„ყველა მიმართულებით გვაქვს კლება. ადრე რეინვესტირების კუთხით მაინც გვქონეა ზრდა და არსებულ ბიზნესებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ მომავალში ეკონომიკა სტრაბლური იქნება და გაიზრდება. დღეს ეს მოლოდინი უარყოფითია და ამას უკავშირდება პირდაპირი ინვესტიციების კლებაც. ეს ტრენდი აუცილებლად შენარჩუნდება, თუ ქვეყანაში არაფერი შეიცვალა“.
ფინანსთა მინისტრი გიორგი კაკაურიძე ინვესტიციების კლებას ფრთხილად აკავშირებს ორ გარემოებასთან
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი რომან გოცირიძე ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკასთან ავლებს პარალელს. სამომავლოდ კი შიშობს, რომ თუ აშშ საქართველოს ხელისუფლების წევრების მიმართ სანქციების გამოცხადებას გააგრძელებს, არსებული ინვესტორებიც დატოვებენ ქვეყანას.
ინფორმაციისთვის: აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პირველი პაკეტის ფარგლებში საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის სავიზო შეზღუდვები დაუწესა "ქართული ოცნების და პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს და კერძო პირებს.
„ანტიდასავლური კამპანიის დაწყების შემდეგ, პირდაპირ შეიმჩნევა უცხოური ინვესტიციების კლების ტენდენცია. 2023-ში იყო ასევე მკვეთრად შემცირებული. ფაქტობრივად, გარედან არაფერი შემოსულა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობა იყო მოგების ჩაბრუნება. ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება, აქაც ნახევარი რეინვესტირებაზე მოდის, გარედან ფული არ შემოდის კვლავ და ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო მიღებული კანონი აგენტების შესახებ, ასევე არ იყოს გამოცხადებული აშშ-ის სანქციები. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება. ერთადერთი გადარჩენა არის ამ ხელისუფლების ჩამოშორება. წინააღმდეგ ქვეყანაში ვერცერთი ინვესტორი ვერ გაბედავს ქვეყანაში ინვესტიციის შემოტანას, რადგან იგი იქნება დაუცველი“, - თქვა გოცირიძემ.
მინისტრის მოადგილე კი გვარწმუნებს, რომ ინვესტიციები შემდგომ წლებში "გაიზრდება ჯამურად: „ვის აქვს სანქცია, მე ინფორმაცია არ მაქვს, თუ არ ვცდები არც არავის აქვს ეს ინფორმაცია. ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ჩვენს ქვეყანაში ეს არის უზრუნველყოფილი. ქვეყანაში კურსი იგივეა, რაც აქამდე ჰქონდა. არაფერი შეცვლილა და მე არ ვფიქრობ, რომ მომავალში ინვესტორები რაიმე შეფერხებას დაინახავენ. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ინვესტიციების მოცულობა ჯამურად იქნება მზარდი“.