
ინალ არძინბას აფხაზური კარიერის მოულოდნელი დასასრული
20/05/2024 14:05:06 კონფლიქტები
აფხაზეთში ამ დრომდე გრძელდება "საგარეო საქმეთა მინისტრის" თანამდებობიდან ინალ არძინბას წასვლის ირგვლივ მითქმა-მოთქმა.
ყველაფერი საკმაოდ ბანალურად იწყებოდა. "უწყების" აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა მოულოდნელად ერთთვიანი შვებულება აიღო იმ დროს, როცა საზოგადოება აქტიურად განიხილავდა რუსეთის ფედერაციისგან მიღებულ საპროტესტო ნოტას ბიჭვინთის აგარაკის ირგლივ გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თავისთავად შვებულება, თუნდაც ესოდენ ხანგრძლივი, არაფერს ნიშნავს, მაგრამ არის ერთი ნიუანსი: სწორედ ამ შვებულების დროს "საგარეო საქმეთა სამინისტრომ" სახტად დატოვა აფხაზური საზოგადოება გავრცელებული ინფორმაციით, რომ ბ-ნი არძინბა რუსეთის პირველი სატალევიზიო არხის გადაცემა "გლობალური უმრავლესობის" წამყვანი გახდა.
ამ პროექტის ანონსი საკმაოდ პომპეზური იყო. ვარაუდობდნენ, რომ ინალ არძინბა (საგულისხმოა, რომ არა "მინისტრის", არამედ ჟურნალისტის სტატუსით) ისაუბრებდა იმ პოლიტიკურ მოღვაწეებთან, რომლებიც კოლექტიურ დასავლეთს უპირისპირდებიან, ცივილიზებულ მსოფლიო თანამეგობრობაში ძალზე არასახარბიელო რეპუტაცია გააჩნიათ ან სულაც დაკარგული აქვთ საერთაშორისო ლეგიტიმაცია.
ტელერახის ეთერში გადაცემის პირველი გამოშვებაც კი გავიდა და არძინბას სტუმრად სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი მოგვევლინა - ის ასადი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყენებდა პოლიტიკურ მკვლელობებსა და წამებას ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩასახშობად, მას დაქვემდებარებული შეიარაღებული ძალების მხრიდან საკუთარი ხალხის მიმართ უმოწყალო, ხშირ შემთხვევაში სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა კი, რომელიც განგრძობადი სამოქალაქო ომის დროს ვლინდებოდა, ასადის საერთაშორისო იზოლაციის მიზეზად იქცა, ხოლო სირიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი - ტერორისტული ორგანიზაციების თარეშის ზონად.
შეუძლებელია, ამ ტელეგადაცემას ორი სიტყვით არ გამოვეხმაუროთ. გულახდილად რომ ვთქვათ, იგი უფრო წააგავდა კომედიურ შოუს, ვიდრე სერიოზულ პოლიტიკურ დისკუსიას: იჯდა დემოკრატიის ორი "შუქურა" და დასავლეთს აკრიტიკებდა...
წამყვანის მიმანიშნებელი კითხვებით შეგულიანებულმა ასადმაც კრიტიკა არ დაიშურა. აშშ და მთლიანობაში დასავლეთი მან წარმოაჩინა ერთგვარ მონსტრად, რომელიც "დამოუკიდებელი ქვეყნების ეროვნულ იდენტობას ებრძვის, ახდენს ოკუპაციას, ამონებს და ძარცვავს სახელმწიფოებს, აკონტროლებს პოლიტიკოსებს, თავისი მიზნების მისაღწევად კი იყენებს ყველა მეთოდს, ტერორიზმის ჩათვლით". მისივე გაგებით, "უწყინარი" რუსეთი პირიქით, "იცავს საერთშორისო სამართალს, ხელს უწყობს მრავალპოლარულობის პროცესს, განამტკიცებს მსოფიო სტაბილურობას და ხელს უშლის დასავლეთს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაში, რითაც მათ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას იცავს". ამავე ჭრილში განიხილეს თანამოსაუბრეებმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რომელიც, ტრადიციულად, "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიეს. მათი შეფასებით, "დასავლეთი თავისი სპეცსამსახურებისა და "ვასალების" გამოყენებით განაწყობს მონათესავე ხალხებს ყველაფერ რუსულის წინააღმდეგ და კრემლს სხვა აღარაფერი რჩება, თუ არა შეცვალოს ისტორიის მსვლელობა, გამოასწოროს ყველაფერი, რაც სხვებმა "ჩაიდინეს" და ეცადოს იმ ქვეყნების დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების დაცვას", რომლებსაც რუსეთი ამ დრომდე თავის კოლონიებად მიიჩნევს.
საინტერესოა, რომ ტელეგადაცემის მსვლელობისას ბაშარ ასადმა არ გამოიყენა შესაძლებლობა, მოეკითხა მისი "კოლეგა" ასლან ბჟანია, სამაგიეროდ გულითადი მოკითხვა შეუთვალა და მადლობა გადაუხადა "გენიალური შვილიშვილისთვის" ინალ არძინბას ბებიას, რომელიც გადაცემაში ირიბ პერსონაჟად ფიგურირებდა და აქტიურად გულშემატკივრობდა "ახლოაღმოსავლეთელ რაინდს".
თუმცა დავუბრუნდეთ ძირითად თემას. ტელეგადაცემის ეთერში გასვლიდან მალევე ასლან ბჟანიამ ინალ არძინბას თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას მოაწერა ხელი. თანაც იმდენად იჩქარა, რომ ტექსტში მიზეზის მითითება დაავიწყდა და ამასთანავე, პირველივე წინადადებაში დაშვებული შეცდომა - სიტყვა საქმეთა"-ს გამორჩენილობა გაეპარა.
აფხაზეთში უმალვე აგორდა ჭორი ინალ არძინბას ნაჩქარევი გადაყენების შესახებ. ზოგიერთები ირწმუნებოდნენ, რომ "პრეზიდენტის" ბრძანებით, ყოფილი "მინისტრი" აფხაზეთს ვერ ტოვებდა და დე-ფაქტო უშიშროების სამსახურში დაკითხვაზეც კი იყო გადაყვანილი. სხვანი პირიქით, ირწმუნებოდნენ, რომ გადაყენებამდე ერთი დღით ადრე არძინბა სოჭის აეროპორტში ნახეს, საიდანაც მოსკოვში აპირებდა გაფრენას: აქაოდა, .იმ დროისთვის ბჟანიას უკვე ესაუბრა, რის შემდეგაც მოსკოვში "გაიქცაო". იმასაც კი ამბობდნენ, რომ ყოფილი "პირველი დიპლომატი" აფხაზეთში ახალი პარტიის ჩამოყალიბებასა და "საპრეზიდენტო" არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და გადადგომაც ამ გეგმას უკავშირდებაო, თუმცა იქვე თავადვე დასძენდნენ, რომ ინალ არძინბა ამისთვის მეტისმეტად ახალგაზრდაა.
შექმნილ ვითარებას ნათელი მოჰფინა ინალ არძინბას "განუყრელმა მეგობარმა" მარგარიტა სიმონიანმა, განაცხადა რა, რომ აწ უკვე ყოფილი "მინისტრი" თავად დაუკავშირდა და აცნობა გადადგომის შესახებ ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. რატომ გააკეთა არძინბას ნაცვლად პირველი განცხადება კრემლელმა პროპაგანდისტმა - გამოცანად რჩება. შესაძლოა, სიმონიანს მისი ქვეშევრდომის რეპუტაციის გადარჩენა სურდა. მის ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებიდან ზუსტად სამ წუთში ხომ სიტყვა-სიტყვით იგივე ინფორმაცია გაავრცელა აფხაზური "საგარეო უწყების" მედიაცენტრმა, ოღონდ უკვე ინალ არძინბას ოფიციალური განხხადების სტატუსით. როგორც ჩანს, ყოფილ უფროსთან სხვაგვარად დაკავშირება ვერ მოხერხდა.
ყოფილი დიპლომატის კიდევ ერთ დამცველად მოგვევლინა არც მეტი, არც ნაკლები, ყოფილი "პრემიერი", ამჟამად კი "უშიშროების საბჭოს მდივანი" სერგეი შამბა. მან დაადასტურა, რომ გადაწყვეტილების მიზეზად იქცა სხვა სამსახურში გადასვლა, ასლან ბჟანიამ კი არძინბას განცხადება მას შემდეგ დააკმაყოფილა, რაც ყოფილი "მინისტრი" მოსკოვში გაემგზავრა სამუშაო კონსულტაციების გასამართად. მეტიც, შამბამ მადლიერება გამოხატა ინალ არძინბას მისამართით "ერთობლივი პროდუქტიული მუშაობის" გამო და სამომავლო თანამშრომლობის იმედიც გამოთქვა.
თავად ბ-ნი არძინბა მხოლოდ რამდენიმე დღეში გამოჩნდა, თანაც კომენტარი არა აფხაზურ, არამედ რუსულ მედიას მისცა და განაცხადა რუსეთში ახალ სამუშაო ადგილთან დაკავშირებით მიმდინარე რაღაც მოლაპარაკებების შესახებ. როგორც ყოფილმა "მინისტრმა" აღნიშნა, გადაწყვეტილება ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით გეგმიური იყო და "აფხაზეთის უფრო ეფექტური მხარდაჭერის მიზნით უფრო ეფექტურ საქმიანობას" უკავშირდებოდა. თუმცა უცნაურია, რომ ბჟანიას შესაბამისი ბრძანების ტექსტში "საკუთარი ნებით გადადგომის შესახებ განცხადება" ნახსენები არ ყოფილა …
რა გახდა ინალ არძინბას წასვლის რეალური მიზეზი - შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ. საფუძველი შეიძლება, სრულიად ტრივიალური იყოს. მაგალითად, შესაძლოა, ასლან ბჟანია უკმაყოფილო დარჩა ყოფილი "მინისტრის" ახალი - ტელეწამყვანის ამპლუათი და მისი დასჯა განიზრახა. შესაძლებელია ისიც, რომ არძინბას მართლაც შესთავაზეს ახალი სამსახური მოსკოვში. თუმცა თუ კრემლში უშუალოდ ვლადისლავ სურკოვის პატრონაჟით მსახურის წლებში ახალგაზრდა აფხაზის მიერ განხორციელებულ ხმაურიან ფინანსურ მაქინაციებს გავითვალისწინებთ, მსგავსი პერსპექტივა ნაკლებ სავარაუდოდ წარმოჩინდება. არც ის უნდა ამოვიღოთ სათვალავიდან, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების აშკარად პრორუსული ორიენტაციის ფონზე კრემლს აღარაფერში სჭირდებოდა აფხაზეთში ისეთი თავგადაკლული ქართველოფობი, როგორიც ინალ არძინბაა.
ინალ არძინბას წასვლასთან ერთად არსებობა შეწყვიტა მას დაქვემდებარებულმა მედიაცენტრმაც, რომლის ნაცვლად "პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან" უკვე გაიხსნა ახალი საინფორმაციო ცენტრი.
სხვათა შორის, რუსეთის პირველ არხზე "გლობალური უმრავლესობის" მეორე გამოშვება აღარ გასულა და არც გადაცემების ანონსში იძებნება, რაც ასევე არ მეტყველებს ინალ არძინბას სამომავლო დაწინაურების სასარგებლოდ. გამოდის, რომ კრემლელი კურატორების გულის მოგების ყველა მცდელობის მიუხედავად, მათ შორის - აფხაზი ხალხის ინტერესების ხარჯზე, მოსკოვში ინალ არძინბა საჭირო ადამიანად ვერ იქცა, ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით…
ეკა ცანავა