რა „გამორჩა“ სუს–ს

12-06-2024 17:09:27 ანალიზი

სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშიც არის „ქართული ოცნების“ მცდელობის ნაწილი, წაშალოს ზღვარი მტერ–მოყვარეს შორის,– ამგვარი შთაბეჭდილება რჩება სუს–ის 2023 წლის ანგარიშის შემფასებელთა ნაწილს. საქმე იმაშია, რომ დოკუმენტში, რომელიც საანგარიშო პერიოდში განვითარებული უსაფრთხოების პროცესების მიმოხილვას და სამსახურის მიერ საფრთხეების და გამოწვევების საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებს მოიცავს, რუსეთს მკაფიოდ მხოლოდ ოკუპაციის კონტექსტში ეკისრება პასუხისმგებლობა. ხოლო დანარჩენ შემთხვევებში, მათ შორის, დეზინფორმაციის, ფარული ოპერაციების, ბუნდოვანი რჩება, რომელ ქვეყანასა თუ ქვეყნებს მოიაზრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – რუსეთს და მის მიერ მხარდაჭერილ რეჟიმებს, თუ „გლობალური ომის პარტიას“, რომელშიც სახელისუფლებო პროპაგანდა სახელმწიფოს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის, სტრატეგიულ პარტნიორ აშშ–ს აერთიანებს.

ანგარიში, რომელსაც სუს–ი ყოველწლიურად ამზადებს, სრულად არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით,– ამბობს „აქცენტთან“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი თეონა აქუბარდია.

მას პრეტენზია არ აქვს ანგარიშის იმ ნაწილთან, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაა აღწერილი – რუსეთის ანექსიური პოლიტიკა, ჰუმანიტარული კრიზისი, მოსახლეობის რუსიფიკაციის მცდელობა, სამოქალაქო ორგანიზაციების შეზღუდვა, საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების კუთხით არსებული მყიფე ვითარება – საქართველოს მოქალაქეების გატაცება, მკვლელობა.

„მაგრამ ჩემთვის პოლიტიკურად პასუხგაუცემელია კითხვა, როდესაც სუსი ანგარიშში წერს, რომ რუსეთის ინტერესია, ოკუპირებულ აფხაზეთში გააქროს სამოქალაქო საზოგადოება, დასავლეთისგან მხარდაჭერილი ორგანიზაციები,მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამა, USAID–ის ხელმძღვანელი პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული, ამ მოცემულობაში ოფიციალურმა თბილისმა როგორ დაასწრო რუსეთს და გააკეთა ის, რასაც რუსეთმა ბოლომდე ვერ მიაღწია ოკუპირებულ აფხაზეთში? ვგულისხმობ რუსული კანონის მიღებას, რითაც ფაქტობრივად სრულდება ნდობის აღდგენის ის პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან გვაქვს, მათ შორის ხალხთა შორის კონტაქტები, რომელიც აქამდე არსებობდა“,– ხაზს უსვამს აქუბარდია.

ის ასევე ხაზს უსვამს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ განუახლებია პოლიტიკა, რომელიც პოლიტიკის დონეზე დაუპირისპირდებოდა რუსეთის გაზრდილ საფრთხეებს – ოკუპაციის, „ბორდერიზაციის“, ანექსიის პროცესში, „ისევე როგორც არ დაწერილა პოლიტიკა, რომელიც რუსეთის „ჰიბრიდულ საფრთხეებს“ გაუმკლავდებოდა“:

„ამგვარი პირობა წინა პრემიერების ანგარიშში არსებობდა. ეს პირობა ირაკლი კობახიძემ თავისი ანგარიშიდან ამოიღო, და როდესაც სუსი საუბრობს „საინფორმაციო ომზე“, რომლის მიზანიცაა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანება, მაგრამ არ საუბრობს, რომელი ქვეყანაა ეს და შემთხვევით, ხომ არ არის რუსეთი?! ბუნებრივია, ვიცით, რომ ეს რუსეთია, რადგან აქამდე სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებში რუსეთი ღიად ეწერა“.

როგორც უკვე აღინიშნა, ანგარიშში არაა მითითებული, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები იდგნენ უწყების მიერ გამოვლენილი საინფორმაციო ომის, ფარული ოპერაციების, ეკონომიკური ბერკეტების მოპოვების, სამხედრო მიმართულებით ინფორმაციის შეგროვების მცდელობის, თუ ეთნიკურ და რელიგიურ თემებში აქტივობების უკან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოში „ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუშია" გამოვლენილი, თუმცა მიზანი არაა მათი დაკავება და „სანახაობის მოწყობა“.

"კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მთავარი მიზანი, ამოცანა არ არის ჯაშუშის დაკავება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ განსაზღვრული მოქმედებები ამოვიცნოთ, დავაიდენტიფიციროთ, მათი დაინტერესების სფეროები განვსაზღვროთ, კავშირები დავადგინოთ, მათი მოქმედების ხერხები და მეთოდები. ამით მოვახდინოთ პრევენცია და ეს გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, არის გამოვლენილი ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში. სანახაობას ჩვენ არ ვაწყობთ და შესაბამისად, ამის შესახებ საჯაროდ არ ვსაუბრობთ," - უთხრა ბატიაშვილმა ჟურნალისტებს.

ამ კონტექსტში კი ხაზგასასმელია, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები უშუალოდ არიან ჩართული ანტიდასავლურ კამპანიაში.

„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ამოცანაა, ტოლობის ნიშანი დასვას მტერსა და მოყვარეს შორის და გარკვეულწილად „დაბლაროს“ ეს საზღვარი, ეს ანგარიშით მკაფიოდ არის წარმოჩენილი“,– ამბობს ანგარიშის სულისკვეთებასთან დაკავშირებით აქუბარდია. რაც შეეხება სპეცსამსახურების საქმიანობას, აქუბარდია პრობლემას სწორედ რომ პოლიტიკაში ხედავს რუსეთის გავლენის ზრდის ფონზე და არა „სატელევიზიო დაკავებების“ არარსებობაში.

დღეს მედია ასევე დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს იმ საქმეების გამოძიება, რომლის შესახებ სუსი მაისის დასაწყისშიც საუბრობდა "აგენტების კანონის" ინიციირების ფონზე, კერძოდ, „მაიდანის სცენარსა" და ხელისუფლების დამხობის საფრთხეზე. ანალოგიური მითითებაა 2023 წლის ანგარიშშიც, თუმცა არც ამ შემთხვევაშია დაკონკრეტებული, რომელი უცხო ქვეყნები ცდილობდნენ „ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას“.

კითხვაზე, რატომ არაა ცნობილი, "სახელმწიფო გადატრიალების" არც ერთ საქმეზე დამდგარი შედეგი, ბატიაშვილმა განაცხადა, რო „ძალიან ძნელია გასაზღვრო" გამოძიების კონკრეტული ვადები.

„ჩასატარებელია მრავალი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება, შესაბამისად, ეს შეიძლება სცდებოდეს საქართველოს ფარგლებს, ასევე იყო სხვა ობიექტური შემაფერხებელი გარემოებები, აქედან გამომდინარე, კონკრეტულ საქმეზე რამდენი ხანი გაგრძელდება გამოძიება, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის“,- ამბობს სუსის უფროსის მოადგილე.

აქუბარდიასთვის კი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით დაწყებული უკვე მრავალი გამოძიება, მაგრამ არც ერთი დასრულებული საქმე, რომელთაც შემდეგ „ქართული ოცნება“ იყენებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიზებაზე მიუთითებს: „ყოველთვის, როდესაც მათ პოლიტიკურად უჭირს, სუსი გამოდის ამგვარი საქმეებით“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები