მოსკოვი თბილისს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პირობად სოხუმისა და ცხინვალის აღიარებას უყენებს

13-06-2024 04:25:53 კონფლიქტები ,პოლიტიკა

რუსეთს რომ რაც მეტს დაუთმობ, მით მეტს მოგთხოვს და მხოლოდ ძალის ენა ესმის, საქართველოში უმრავლესობას კვლავინდებურად გვახსოვს, მაგრამ ზოგიერთებს აშკარად დაავიწყდათ, ან არ აწყობთ, ახსოვდეთ. ამ აქსიომად ქცეული ორსაუკუნოვანი ემპირიული დასკვნის მორიგი ნათელი დასტურის მომსწრენი გავხდით დღესაც, როცა მოსკოვი მედიაში გავრცელებულ არაოფიციალურ ინფორმაციას გამოეხმაურა ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე აქტიური მუშაობის მიმდინარეობის თაობაზე.

საუბარია ოპოზიციურ ტელეარხ "მთავარის" მიერ 11 ივნისს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელსაც მეორე დღეს ერთ-ერთი უმსხვილესი პროკრემლისტური ტელეგრამ-არხის - BRIEF-ის ანალოგიური შინაარსის ცნობაც მოჰყვა. "საქართველოსა და რუსეთში ორი ქვეყნის საელჩოების მუშაობის აღდგენა მხოლოდ დროის საკითხია" - განუცხადეს BRIEF-ს ჯერ ქართულ დიპლომატიურ წრეებში, ხოლო შემდეგ - თბილისში შვეიცარიის საელჩოში, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს.

  • რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიურად ლობირებენ პრორუსი პოლიტიკოსები, ხოლო რუსეთში - ქართული დიასპორის კრემლთან დაახლოებული წარმომადგენლები. ამის "აუცილებლობაზე" ამასწინათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ "ზვეზდას" ეთერში ისაუბრა, კერძოდ, ქართული წარმომავლობის რუსმა ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ, რომელიც რუსულ პარტიას "სოლიდარობა მშვიდობისთვის" წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს იგი საქართველოს პარლამენტსაც სტუმრობდა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის - დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის მიწვევით, ცოტა ხნის წინ კი მოსკოვში კიდევ ერთ ქართველ დეპუტატს - პარტია "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელს, კორუფციით სახელგანთქმულ, პერიოდულად რუსული ინიციატივების გამჟღერებელ და ამავდროულად საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერ ფრიდონ ინჯიას შეხვდა. თავად ინჯიას არც მოსკოვში ვიზიტის კომენტირება სურს, არც ფიფიასთან შეხვედრის.
  • მიმდინარე წლის მაისში მოსკოვში რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით ჩამოყალიბებული "რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს" მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები გააქტიურდებოდნენ რუსეთ-საქართვლოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების უმოკლეს დროში აღსადგენად.
  • 12-14 მაისს კი მოსკოვში ჩატარდა რუსეთის ქართული სათვისტომოს ფორუმი, რომლის მონაწილეებმა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს "პირდაპირი დიალოგისკენ" მოუწოდეს "იმ რიგი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად, რომელიც ორივე ხალხს აღელვებს".

"ქართულ ოცნებაში" რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენის თემაზე საუბარი დიდად არ სურთ. ამ დრომდე დუმს საგარეო პოლიტიკური უწყებაც. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყებამ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას "ქართული ოპოზიციური არხების ფეიქი" უწოდა.

თუმცა გვაძლევს კი ეს სიმშვიდის საფუძველს? - ნაკლებად, რადგან:

  • საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი მმართველობის დასაწყისშივე აკეთებდა განცხადებებს "გარკვეულ მომენტში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობის" თაობაზე;
  • მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში დაინიშნა გიორგი ქაჯაია, რომელიც ადრე მოსკოვში მოქმედ შვეიცარიის საელჩოსთან საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი ადგილი დაიკავა მამუკა მერკვილაძემ - ბიზნესმენმა, რომელიც 2021 წლიდან პრო-კრემლისტი დავით ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაციის - "ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის" ვიც-პრეზიდენტი გახლავთ;
  • მართალია, ზემოთ ხსენებული "რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს" სხდომებს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ამ დრომდე არასოდეს დასწრებიან ("საქართველოს წარმომადგენლების" სტატუსით სხდომებს თბილისიდან ღიად პრორუსი პოლიტიკოსები, ასევე ზემოთხსენებული პრო-კრემლისტი ცეცხლაძე და სხვა მსგავსი სუბიექტები ესწრებიან), მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ საბჭოს გადაწყვეტილებებს ესხმება მალევე ხორცი, მაგალითად, მისი ინიციატივები ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ უკვე რეალიზებულია;
  • კრემლშიც და "ოცნებაშიც" მშვენივრად იციან, რაოდენ შელახულია ბოლოდროინდელი ნაბიჯებით საქართველოს ხელისუფლების იმიჯი, რამდენად მყიფეა სადღეისოდ "ოცნების" მომავალი და რა ქარიშხალს გამოიწვევდა ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან ასეთ მომენტში დიპურთიერთობების აღდგენისთვის მზადების ოფიციალურად დადასტურება.

საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები წლების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, "დეოკუპაციამდე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი გამორიცხულიაო". არავითარი დეოკუპაცია ჯერ არ მომხდარა და მეტიც, მოსკოვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოსთვის დაბრუნება აზრადაც არ აქვს. პირიქით, კრემლი აქტიურად აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პოლიტიკას, რადგან ისინი სათავისოდ უნდა და არა თბილისისთვის დასაბრუნებლად. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც უკვე ცდილობს ან უახლოეს თვეებში დაიწყებს მცდელობებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დაგვაიმედოს, უბრალოდ ცრუობს. აგერ, ახლახანს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინასაარჩევნო დაპირებას "2030 წლისთვის ევროკავშირში აფხაზი და ოსი და-ძმებითურთ გაწევრიანების" თაობაზე მოსკოვიდან მყისიერად დასცინა ჯერ სენატორმა გრიგორი კარასინმა, შემდეგ - საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ, დღეს კი - დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა, რომლის განცხადებით, "რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაწვევა გამორიცხულია".

ის კი არადა, რუსეთის ხელისუფლება არა მარტო ცალკე აღებულ სოხუმსა და ცხინვალს, მთელს საქართველოსაც იმ ახალი იმპერიის ნაწილად მოიაზრებს, რომლის შენებასაც მაშინვე შეუდგება, თუ, ღმერთმა არ ქნას, უკრაინა ომს წააგებს. ამ იმპერიის ჩამოყალიბების განზრახვა კრემლს ღიად აქვს გაცხადებული და პერიოდულად ემუქრება კიდეც "ურჩ" პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და მათ ყოფილ ავტონომიებს, ხოლო დამყოლებს "პრაგმატულობისთვის" აქებს და როგორც კანონმდებლობის, ისე მმართველობის სტილის, საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკისა და ყველაფერ დანარჩენის რუსეთისასთან ჰარმონიზაციას აიძულებს.

სწორედ ამას ვადევნებდით ბოლო წლებში თვალს აფხაზეთში, რომელსაც მოსკოვმა "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების მიზნით კანონმდებლობების ჰარმონიზაციის" 45-პუნქტიანი გეგმა გაუგზავნა, - სხვათა შორის, "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტის ჩათვლით. ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ გეგმის რეალიზებას შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგება. მადლობა ღმერთს, აფხაზურ "პარლამენტშიც" ჯერ კიდევ შემორჩნენ ეროვნულად მოაზროვნე ცალკეული ადამიანები - და როგორც "უცხოეთის აგენტების შესახებ" რუსული ინიციატივა, ისე 45-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რიგი სხვა საკითხებიც ამ დრომდე ჰაერშია ჩამოკიდებული. თუმცა "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას გუნდი, რომლის მთავარ ინტერესს ძალაუფლების შენარჩუნება წარმოადგენს, მოსკოვური დავალების შესასრულებლად ძალ-ღონეს არ იშურებს და ბოლო დროს "სუვერენიტეტის რუსეთისთვის ნაწილობრივი დათმობის აუცილებლობის" შესახებაც აკეთებს განცხადებებს - აქაოდა, ენგურსგაღმელებს "რევანშის იდეაზე ხელი არ აუღიათ, თავდასხმის შემთხვევაში საკუთარი ძალით ქართველებს ვერ გავუმკლავდებით, ერთადერთი გამოსავალია, სუვერენიტეტი რუსეთს ვუწილადოთ, მე კი - მოქმედი ხელისუფლება - ერთადერთი ძალა ვარ, რომელიც ახლა ომისგან გიცავთო".

ხომ არ გეცნოთ რაიმე? დიახ, დიახ, ანალოგიურ მოვლენებს ვადევნებთ ახლა თვალს ენგურსგამოღმაც: აქაც "პრაგმატულმა" ხელისუფლებამ, რომელიც ასევე ყველა ხერხითა და მეთოდით ძალაუფლების შენარჩუნებაზეა კონცენტრირებული, ძალით გაიტანა "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ "არარუსული" კანონიც, "არარუსული" ანტი-ლგბტ ინიციატივაც, ისევე, როგორც საკანონმდებლო თუ არასაკანონმდებლო სახის არაერთი სხვა "არარუსული" გადაწყვეტილება და ბჟანიას მსგავსად, "მხოლოდ ის გვიცავს ომისგან"... კონსტიტუციის უხეში დარღვევით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის ფაქტობრივი ჩაჩეხვაც, რომელსაც მხოლოდ მოსკოვიდან უკრავენ ტაშს, ასევე "მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობით" "მართლდება". და გამალებული ანტიდასავლური პროპაგანდაც სიტყვა-სიტყვით ემთხვევა რუსულს, რომელიც თავად რუსეთის გარდა, კრემლის ყველა სატელიტი რეჟიმისგანაც გვესმის - იქნება ეს სირიაში, ბელარუსში, თუ სოხუმსა და ცხინვალში - ყველგან, სადაც ავტორიტარული თუ დიქტატორული რეჟიმებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი "ზურგი" პუტინის რუსეთია...

თბილისის "პრაგმატული" დამყოლობის სანაცვლოდ რომ მოსკოვი სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებას არ გვიპირებს, უკვე აბსოლუტურად ნათელია. მაგრამ ეგებ სხვა კუთხით მოგვცა "ოცნების" მიერ დეკლარირებულმა "სტრატეგიული თმენის პოლიტიკამ" რაიმე შედეგი? დიახ, შედეგი ნამდვილად სახეზეა, მაგრამ ვშიშობ, მხოლოდ უარყოფითი და მეტიც - შესაძლოა, საბოლოო ჯამში, დამღუპველიც კი ჩვენი ქვეყნისათვის. და თუ საბოლოო ჯამი ჯერ ვარაუდის დონეზეა, დღევანდელობის შეფასება უკვე ნამდვილად შეგვიძლია. შემოვიფარგლები შედეგების მხოლოდ მოკლე, ზოგადი ჩამონათვალით:

  • შიდა პოლიტიკური კუთხით ქვეყანაში მღელვარებისა და არასტაბილურობის მეტი ვერაფერი შეიმჩნევა;
  • ეკონომიკური კუთხით ვითარება დღითიდღე უარესდება - გინდ ინვესტიციების შემოდინების, გინდ ეროვნული ვალუტის სტაბილურობის, გინდ სხვა მიმართულებით;
  • საგარეო პოლიტიკის კუთხით საერთოდაც კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი: რაც მეტად უახლოვდება ტოქსიკურ რუსეთს, მით მეტ საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა ჩვენი ქვეყანა და მით მეტ მარტოობაში რჩება, მით მეტად დაუცველი, იმპერიის აღზევების ჟინით შეპყრობილი პუტინის პირისპირ; ამასთან, პირველად ისტორიაში, საქართველო შეუერთდა იმ სამარცხვინო მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოთა რიგებს, რომელთა ხელისუფლებებიც დასანქცირებულნი არიან საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მიზეზი - “არარუსული” კანონი, “არარუსული” მმართველობის სტილი, ზოგადად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონსტიტუციაში გაწერილი კურსის პრორუსულით “არჩანაცვლება”...
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს ორი ქვეყანა, რომელიც ბოლო დრომდე საქართველოს არაერთი კომპონენტით ჩამორჩებოდა, უახლოეს ხანებში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს გახსნის, მესამე ქვეყანა კი - საქართველო ამ დროს ამასწინათ ავანსად მიღებული კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის, უვიზო რეჟიმის გაუქმების, ფინანსური დახმარების შემცირება-შეწყვეტის, სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სა და ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობების გადახედვის მოლოდინშია;
  • აშშ-სა და ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობების შესაძლო გადახედვა, რითაც “პრაგმატული” “ქართული ოცნება” ახლა უკვე აქეთ ემუქრება დასავლელ პარტნიორებს, სერიოზულ რისკებს შეუქმნის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებასაც, რადგან თუ რამ აკავებდა მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოს სოხუმისა და ცხინვალის აღიარებისგან, ეს სწორედ საქართველოს დასავლელი პარტნიორების პრინციპული პოზიცია და მათი მხრიდან შესაბამისი სანქციების შიში იყო. ვისაც ამ კუთხით “ოცნების” რუსულ-ანტიდასავლური პროპაგანდის სჯერა, ვურჩევ, თუნდაც პუტინის ვასალი ლუკაშენკოს აღიარებას გაეცნოს - რამ შეაკავებინა თავის დროზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისგან თავი…

ახლა ვნახოთ, ხელისუფლების “პრაგმატული” დამყოლობის რა შედეგი გვაქვს ამ მასალის საინფორმაციო საბაბის - რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენის მიმართულებით. მას შემდეგ, რაც 2008 წლის სრულმასშტაბიანი აგრესიისა და მალევე სოხუმისა და ცხინვალის აღიარების გამო თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, რუსეთიდან პერიოდულად ისმოდა დიპურთიერთობების აღდგენისკენ მოწოდებები, თანაც ყოველგვარი პირობების გარეშე: "ჩვენ არ გაგვიწყვეტია, ქართულმა მხარემ გაწყვიტა, თორემ ჩვენ ამის მომხრენი არასდროს ვყოფილვართ და მხოლოდ მივესალმებით აღდგენასო". თავის მხრივ, თბილისი ყოველ ჯერზე იმ პოზიციას აფიქსირებდა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციამდე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო... ნეტავ იმ დროს... დღეს ფაქტობრივად სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ მოსკოვს, რომელიც კავკასიაზეც კარგავს კონტროლს და ამავდროულად მსხვილი რეგიონალური ეკონომიკური პროექტების მიღმაც რჩება, ჰაერივით სჭირდება საქართველო, განსხვავებით თავად საქართველოსგან, რომელსაც რუსეთთან დაახლოებამ უკვე მიაყენა მნიშვნელოვანი სარეპუტაციო, პოლიტიკური, ეკონომიკური ზიანი, საგრძნობლად გაზარდა რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, ხოლო მთელი ცივილიზებული მსოფლიოს თვალში ტოქსიკურად ქცეულ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ისედაც საგრძნობლად შელახულ საერთაშორისო რეპუტაციასაც საბოლოოდ დაუსამარებდა და მომავალსაც. და აი, ამ ვითარებაში მოსკოვი აქეთ გვიყენებს პირობებს დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად!

კერძოდ, როგორც 12 ივნისს, დიპურთიერთობების შესაძლო აღდგენისთვის მზადების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა, “დიპურთიერთობების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესშია, თუმცა ღიად რჩება მთავარი კითხვა - გაითვალისწინებს თუ არა თბილისი იმას, რაც დღემდე დიპურთიერთობების აღდგენისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს”…

ანუ, ახლა მოსკოვი თბილისს დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად არა მარტო თავად უყენებს პირობებს, არამედ მოითხოვს ზუსტად იმის საწინააღმდეგოს, რასაც თბილისი მოითხოვდა მთელი ამ წლების განმავლობაში: კრემლს სურს, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს ხელისუფლებას სოხუმისა და ცხინვალის “დამოუკიდებლობა” აღიარებინოს!…

მანამდე კი შესასრულებელი გვექნება კიდევ ერთი პირობა - “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის გაუქმება, რაზეც ასევე ზატულინმა მიანიშნა: “საქართველოში არსებობს და პერიოდულად მწვავდება ნადირობა რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მხარს უჭერენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ან ნამყოფები არიან იქ, ასეთი კი რუსეთში უმრავლესობაა - არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც აფხაზეთში უბრალოდ დასასვენებად ჩადიან. დიდი ხანია, დროა, ეს გამოსწორდესო”.

ზატულინის კოლეგამ ვიქტორ ვოდოლაცკიმ კი მიანიშნა იმაზე, რომ ამჯერად თბილისს საკუთარი პირობების წაყენების შესაძლებლობა აღარ აქვს და დიპლომატიური ურთიერთობები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა აღადგინოს:

“შესაძლოა, ოფიციალური თბილისისთვის არცთუ კომფორტული გახდა ევროპისკენ მიმავალ გზაზე სიარული… ყველას ხომ მშვენივრად ესმის, რომ რუსეთი სტაბილური პარტნიორია და მასთან პარტნიორობა საქართველოს განვითარების შესაძლებლობას მისცემს… თუკი თბილისი ოფიციალურად მოგვმართავს, მის შემოთავაზებებს, ბუნებრივია, განვიხილავთ. მაგრამ ვფიქრობ იქ არავითარი დაბრკოლებები ან მოთხოვნები არ უნდა იყოსო”….

ასეთია, ბატონებო, მათი „პრაგმატული პოლიტიკის“ შედეგები, ვინც დაივიწყა, ან აწყობს, დაივიწყოს, რას წარმოადგენს რუსეთი, რომელიც ყოველი დათმობის შემდეგ კიდევ უფრო მეტს ითხოვს და “პარტნიორები” ან ვასალებად წარმოუდგენია, ან სულაც “დიადი რუსული იმპერიის” ახალ სუბიექტებად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები