19-06-2024 17:11:50 პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
სახალხო დამცველმა მოკლედ წარმოადგინა ანგარიშის ძირითადი მიგნებები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ტენდენციებზე, რომლებიც, ომბუსმენის თქმით, ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს.
"ანგარიშის თემატური მიმოხილვისას სახალხო დამცველმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაუსჯელობის გამოძახილი უწოდა, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. აქვე აღნიშნა საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტი.
სიცოცხლის ხელყოფასთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა; ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა; ხოლო, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, საკუთრებისა და სხვა სახის უფლების დარღვევა, ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის", – ნათქვამია სახალხლო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია 14 წლის აითაჯ შახმიროვას შემზარავი განზრახ მკვლელობის ფაქტი. მთლიანობაში 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა.
სახალხო დამცველის ცნობით, 2024 წლის მარტის თვეში შსს-მ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის აპარატის თხოვნა შოვის ტრაგედიის შესახებ მიმდინარე გამოძიების მასალების საგამონაკლისო წესით გაცნობის თაობაზე, თუმცა საქმის მასალებზე ფაქტობრივად დაშვებას ჯერ კიდევ ელოდება.
ომბუდსმენის თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა - ბავშვთა სიღარიბეა. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა. მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ასევე, ხანდაზმულები.
"სახალხო დამცველმა ვრცლად ისაუბრა უსახლკარო პირთა პრობლემებზე, საკანონმდებლო ხარვეზებზე, ერთიანი პოლიტიკის არარსებობაზე, სოციალური საცხოვრისებში არსებულ არასათანადო გარემოზე. დღემდე არ დამტკიცებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის სტანდარტები.
პრობლემურია ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა, ასევე, სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა. გამოწვევებს შორის რჩება ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მათზე ეფექტიანი რეაგირება", – აცხადებენ ომბუსმენის აპარატში.
"2023 წელს აქტუალური იყო მშვიდობიანი შეკრების სარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები, შეკრების ფორმისა და შინაარსის შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებები. 2024 წელს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს, რომ წელს სამართალდამცავები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა", – ნათქვამია ანგარიშში.
"ქვეყანაში გამოწვევას წარმოადგენს მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არარსებობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა. შემაშფოთებელი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტების ინიცირება, რომლებიც არ შეესაბამება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს. სამწუხაროდ, 2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახავი შეიძლება გახდეს", –აღნიშნულია დოკუმენტში.
ომბუდსმენის ცნობით, წლებია გამოწვევას წარმოადგენს:
"აუცილებელია დაიხვეწოს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა; ასევე სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის", – ნათქვამია ანგარიშში.
"ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები. სამართლებრივი ჩარჩო და არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს პაციენტების მკურნალობას ღირსეულ და იძულებისაგან თავისუფალ გარემოში. არ განახლებულა პაციენტების შეზღუდვის მეთოდების გამოყენების ინსტრუქცია და წესები. თანასწორობის პოლიტიკის და დაუცველი ჯგუფების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები, არ გაუმჯობესებულა არც პოლიტიკის დოკუმენტები, არც საკანონმდებლო რეგულირება", – აღნიშნულია ანგარიშში.
ომბუდსმენის თქმით, "პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა და გოგოების სათანადოდ დაცვა. გამოწვევაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლების ეფექტიანი განხორციელება და სერვისებზე წვდომა".
"არ დაძრულა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების, ასევე, მიყენებული ზიანისა და ჩამორთმეული ქონების ოდენობის აღწერისა და შეფასების საკითხი", – ნათქვამია ანგარიშში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ "საქართველოს სასამართლო სისტემა კვლავ საჭიროებს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ხარვეზების გამოსწორებას, რაც ევროპის კავშირში ინტეგრაციის წინაპირობას წარმოადგენს".
"მისასალმებელია სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების საათობრივი ანაზღაურების მინიმალური ზღვრის დაწესება, თუმცა კვლავ ღიაა ციფრულ პლატფორმაზე დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებებით სარგებლობის საკითხი და კერძო დამსაქმებლების მხრიდან ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლისთვის შვებულების ანაზღაურების ვალდებულება", – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად,
"2023 წელს აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ შემოვიდა 4849 განცხადება, რომლებზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა. "ცხელ ხაზზე" დაფიქსირდა 17567 ზარი. გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა 79 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა სახელმწიფო უწყებებს. საერთაშორისო ორგანოებს წარედგინათ 10 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში. მომზადდა 3 კონსტიტუციური სარჩელი, 23 სასამართლო მეგობრის მოსაზრება და გაიგზავნა 3 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში. უფლებადარღვევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის მიზნით ათეულობით ვიზიტი განხორციელდა სხვადასხვა დაწესებულებებში".