"რისკები არ მოხსნილა, საფრთხის განცდა კვლავ მაქვს!"– ბრძოლა დროშასთან

24-06-2024 16:00:44 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

რისკები არ მოხსნილა, საფრთხის განცდა კვლავ მაქვს, შესაძლოა, ისევ გაიმეორონ და უფრო უხეში ფორმებითაც,– უამბობს „აქცენტს“ აქტივისტი ელისო ჯანაშია ფოთში, „ლიმენა“ –სთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ. 22 ივნისს უცნობმა პირებმა შენობის ფანჯრიდან გადმოკიდებული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს.

„სტუმრები გვყავდა. ახალგაზრდა შემოვიდა, გვითხრა, „დროშა ჩამოგლიჯესო“, შენობის წინ ორმოა, სპეციალურად იქ ჩააგდეს“,– იხსენებს აქტივისტი.

ის ინციდენტში მონაწილე ორ პირს დაედევნა და ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მსგავსი რამ პირველად მოხდა. ამიტომაც არ მინდოდა, ეს რეაგირების გარეშე დარჩენილიყო და დავედევნე“,– ყვება ჯანაშია.

ვიდეოში ისმის, რომ აქტივისტი აპროტესტებს მათ ქმედებას და ინტერესდება, რატომ მისცეს მათ საკუთარ თავს ამის უფლება. ორიდან ერთი მამაკაცი ღიზიანდება, რომ მას უღებენ, კითხულობს, „იცი მე ვინ ვარ?“, თუმცა არ აზუსტებს.

„ვიდეოზეც ჩანს, რომ ლამის ხელით შემეხო, მაგრამ ბოლო მომენტში ვეღარ გაბედა...სწრაფი ნაბიჯით წავიდნენ... შემდეგ მითხრეს, რომ ფოთელი „ალტ–ინფოელები“ [პრორუსული ძალადობრივი ჯგუფი] ყოფილან, პირადად არც ერთს არ ვიცნობ“,– იხსენებს აქტივისტი.

ამბობს, რომ პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან ადეკვატური რეაგირების მოლოდინი არ აქვს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ „უკვე გამოქვეყნებულ მასალაზე უნდა მოეხდინათ რეაგირება“. მას შსს–დან არავინ დაკავშირებია. „აქცენტს“ შსს–ში უთხრეს, რომ მათთან შეტყობინება არ შესულა და სიახლის შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან.

„ლიმენას“ ფასადზე კვლავ ფრიალებს ევროკავშირის დროშა.

„ლიმენა“ სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს კულტურულ–საგანმანათლებლო სივრცის შექმნას ადგილობრივებისთვის.

პროექტზე მუშაობა 2022 წელს დაიწყო, თუმცა ვინაიდან შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახლდათ და სურდათ მისი ავთენტურობის შენარჩუნება, აღდგენით და სარემონტო სამუშაოებს ხანგრძლივი დრო დასჭირდა.

ამჟამად კი პარტნიორების და მოხალისეების მხარდაჭერით სივრცე ყველა ასაკის სტუმრებს მასპინძლობს და სურთ, ინფრასტრუქტურა შშმ პირების საჭიროებებთანაც სრულად ადაფტირებული გახადონ.

აქ არსებობს არტ–სივრცე ადგილობრივი მხატვრებისთვის; გეიმ–ზონა სამაგიდო თამაშებისთვის; სურთ, მხარი დაუჭირონ ადგილობრივ მცირე მეწარმეებს საკუთარი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვაში; ფუნქციონირებს კაფე–ბარი; ხორციელდება ფილმების ჩვენება; სემინარები...

„ჩვენი სივრცე მოკლე დროში გახდა პოპულარული, რადგან ქალაქში არ იყო მსგავსი სივრცე, მოთხოვნა კი არსებობდა. „ლიმენა“ იქცა თავისუფალი ადამიანების მიზიდულობის ცენტრად, სრულიად მიტოვებულმა და განადგურებულმა შენობამ კი ახალი სიცოცხლე შეიძინა. გვსტუმრობენ, როგორც ბავშვები, ისე ახალგაზრდები და ასაკოვანი ადამიანები, მოსწონთ მყუდრო გარემო. ძალიან საინტერესო ადამიანები შემოდიან რომელთაც სრულად აქვთ გააზრებული, რომ თითო ფინჯანი ყავის შეძენა ნიშნავს ამ სოციალურ პროექტებში მონაწილეობას“,– დასძენს ჯანაშია.

Новости

Другие новости