დაანონსებული „ცვლილებები“ რუსეთში – რა გეგმა აქვს პუტინს

16-01-2020 00:05:59 კომენტარი

დღეს კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებები და პრეზიდენტის რიგი უფლებამოსილებების ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო სათათბიროსთვის „გადალოცვის“ შესახებ დააანონსა, შემდეგ კი მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

გასაგები მიზეზების გამო, საქართველოში მუდმივად ინტერესით ადევნებენ თვალს ჩრდილოელი მეზობლის კარზე მიმდინარე პროცესებს და ბუნებრივია, დღევანდელი მოვლენებიც მოექცა ყურადღების ცენტრში. მაინც რასთან გვაქვს საქმე, ტოტალური კორუფციის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, სოციალური უთანასწორობის და ა.შ. ფონზე მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილების ფონზე რუსული პოლიტიკური ელიტის მხრიდან ცვლილებების ილუზიის შექმნის მცდელობასთან, თუ პოლიტიკის შეცვლის საწყის ეტაპთან, ამ საკითხზე „აქცენტი“ "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ დავით ბრაგვაძეს ესაუბრა.

ბრაგვაძე თვლის, რომ „ინიცირებული ცვლილებები არა რუსეთში შექმნილი ვითარების გაჯანსაღებისკენ, არამედ მმართველი ელიტის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების სურვილითაა განპირობებული“:

„იქნება ილუზია, თითქოს რუსეთში საკანონმდებლო ხელისუფლება ძლიერდება, რაც იდეაში იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პოლიტიკურ პროცესში მოსახლეობის ჩართულობა იზრდება, თუმცა რეალურად, ცხადია, ეს ასე არაა. მიუხედავად იმისა, რომ ფედერაციის საბჭოს ეძლევა უფლება, წარადგინოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია, გადასინჯოს კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობა, ეს არც ფედერაციის საბჭოს და არც საკონსტიტუციო სასამართლოს აძლიერებს: კანონების ცვლილება/გაუქმების ინიცირების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს ექნება. შესაბამისად, სრულად ნარჩუნდება შესაძლებლობა, მოქმედებაში იყოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო კანონები. რუსეთის შემთხევაში კონსტიტუციის შესაბამისი კანონმდებლობაც სრულად რეჟიმის ინტერესებსაა მორგებული, არაკონსტიტუციური კანონები კი როგორი იქნება, რთული წარმოსადგენი არაა“.

ბრაგვაძის შეფასებით, ასევე ფასადურია სახელმწიფო სათათბიროსთვის რიგი უფლებამოსილებების დათმობა:

„ფასადურია მთავრობის დამტკიცების წესის ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მეთაურს, მინისტრებსა და მოადგილეებს სახელმწიფო სათათბირო (დუმა) დაამრტკიცებს. სადღეისოდ რუსეთის პრეზიდენტს, როგორც დუმაზე, ისე ფედერაციის საბჭოზე აქვს სრული კონტროლი დამყარებული და ასეთ შემთხვევაში, ცხადია, ეს ინიციატივაც არაფერს ცვლის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ინარჩუნებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, ერთპიროვნულად გაათავისუფლოს თანამდებობებიდან ძალოვანი მინისტრები. ასეთი სურვილის შემთხვევაში, მისთვის ფორმალური ბარიერების არსებობაც არაა მისაღები“.

მნიშვნელოვანი გარემოება, რაზეც ბრაგვაძე ამახვილებს ყურადღებას, პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება:

"მოქმედი კონსტიტუცია რუსეთის პრეზიდენტის არჩევას ზედიზედ ორ ვადაზე მეტით ზღუდავს. დაანონსებული ცვლილებების თანახმად, ამ ჩანაწერში სიტყვა "ზედიზედ" გაქრება. რაც ორ რამეზე მიანიშნებს. პუტინი მზადაა დარჩეს ძალაუფლების ვერტიკალის სათავეში, მარგამ აღარ იყოს ქვეყნის პრეზიდენტი".

ბრაგვაძე ცინიკურს უწოდებს დაანონსებული ცვლილებების რეფერენდუმზე გატანის გეგმას და მას შედეგებთან დაკავშირებით ილუზიები არ აქვს:

„პოლიტიკურ პროცესში საზოგადოების მაღალი ჩართულობის მთავარი ილუზია უკავშირდება ინიცირებული ცვლილებების რეფერენდუმზე გადატანას და მხოლოდ შედეგების გათვალისწინებით დამტკიცების დაპირებას. ამით პუტინს ჩვენება სურს, თითქოს ხელისუფლებას ხალხისგან სრული ნდობა აქვს. რაც ფასადურთან ერთად ცინიკური ნაბიჯია, რადგან ყველასთვის ნათელია, როგორც ჩატარდება ეს რეფერენდუმი“.

ბრაგვაძისთვის მედვედევის პრემიერ–მინისტრის პოზიციიდან გადადგომა "რეალური ცვლილებების" იმიტაციის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა:

„პუტინის მმართველობის პერიოდში მედვედევი ყოველთვის „განტევების ვაცი“ იყო, მისი კრიტიკა ყოველთვის შეიძლებოდა. რუსეთში წლობით დაგროვილი პრობლრმები საჯაროდ ყველას შეეძლო მედვედევისთვის დაებრალებინა და ეს არ იყო დასჯადი ქმედება, განსხვავებით პუტინის კრიტიკისგან. ამიტომ, ვფიქრობ, ბევრს შეიძლება, ძალიან ლოგიკურადაც მოეჩვენოს, რომ "რეალური ცვლილებების" ილუზიის შექმნა პუტინმა სწორედ მედვედევის გაშვებით სცადა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები