ვინაა „ლავასოღლის“ კონკურენტი აჭარაში და ახალი დაპირისპირების მოლოდინი კლანების გაერთიანების ფონზე

17-01-2020 15:39:04 ანალიზი

ქართული წარმოშობის კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი“, რომელსაც საქართველოში 12–წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, თურქული ციხის დასატოვებლად ემზადება. როგორც თურქული მედია წერს, „თუ საქართველო გორაძის მიღებას კვლავ არ დასთანხმდება, თურქეთი იძულებული იქნება, 2020 წლის თებერვალში ის გაათავისუფლოს, ვინაიდან პატიმრობის 15–თვიანი ვადა იწურება“.

39 წლის გორაძის წინააღმდეგ ოპერაცია 2018 წლის 25 ოქტომბერს ტრაპზონის პროვინციაში თურქეთის დაზვერვისა და ორგანიზებული კონტრაბანდის ბრძოლის განყოფილების ჩართულობით ჩატარდა და მედიის ცნობით, ანკარა დიპლომატიური კავშირების საშუალებით ცდილობს მის ექსტრადირებას, თუმცა ქართული მხარე პატიმრის მიღებაზე უარს აცხადებს.

თავად გორაძის ადვოკატი საქართველოში ალექსანდრე კობაიძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირწმუნებიან, რომ „ლავასოღლი“ თურქეთში სწორედ ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს, რომელსაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "კანონიერი ქურდობისთვის", ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის 12–წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.

საინტერესოა, რომ „ლავასოღლი“ საქართველოში 2016 წელს დააკავეს, თუმცა მოგვიანებით წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც მისი ადვოკატი აცხადებდა, გორაძის პატიმრობის კონსტიტუციური ვადა ამოიწურა და გათავისუფლების საფუძველი სწორედ ეს გახდა, თუმცა წაყენებული ბრალდება მას არ მოხსნია. გორაძემ საქართველო დატოვა და მოგვიანებით მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენიც დადგა. რატომ არ ეყო პატიმრობის 9–თვიანი კონსტიტუციური ვადა ბრალდებას ბრალის დასამტკიცებლად? უცნობია.

წულუკიანი, ისევე როგორც პროკურატურა ამბობდა გასული წლის ნოემბერში, ახლაც ამბობს, რომ მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურები და ბრალდება, თითქოს ქართულ მხარეს არ სურს ექსტრადაციის წარმატებით დასრულება, უბრალოდ ტყუილია. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, თუ მსგავსი მზაობა ორივე ქვეყანას აქვს, მაშ პროცედურის დროულად დასრულებას რა უშლის ხელს?

„ლავასოღლის“ ქართველი ადვოკატი ირწმუნება, რომ მიზეზი თურქეთისთვის ქართული მხარის მიერ წარდგენილი არასაკმარისი არგუმენტაციაა. ამ შემთხვევაშიც ჩნდება კითხვა – გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის პირობებში რატომაა რთული ადეკვატური არგუმენტაციის მომზადება, თუ სხვა პროცესთან გვაქვს საქმე?

ოპოზიციაში აქვთ ეჭვი, რომ „ლავასოღლი“ საქართველოს ხელისუფლებას სწორედ პენიტენციური დაწესებულების გარეთ სჭირდება საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით. ბუნებრივია, თავად მმართველ გუნდში მსგავს ეჭვებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, ირწმუნებიან, რომ არჩევნების მოსაგებად საარჩევნო ხმების მობილიზების პროცესში კრიმინალური ავტორიტეტების ჩართულობა არ სჭირდებათ, თუმცა „აქცენტი“ მაინც დაინტერესდა საქართველოში გორაძის გავლენებით და ამ საკითხზე „სამართალდამცველთა დაცვის ლიგის“ წევრ ირაკლი ქადაგიძეს ესაუბრა, რომელიც შსს–ში მუშაობის დროს ორგანიზებულ დანაშაულს ებრძოდა და კრიმინალური სამყაროს თემა ამჟამადაც წარმოადგენს მისი დაკვირვების სფეროს.

გასულ წლებში აქტიურად იყო საუბრები გორაძის გავლენებზე აჭარაში. მართალია, მოქალაქეები კომენტარების საჯაროდ გაკეთებას თავს არიდებდნენ, თუმცა არაოფიციალურად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საუბრობენ იმაზე რომ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ აქტიურად იყო ჩაბმული აჭარაში მიმდინარე პროცესებში. ქადაგიძე ამბობს, რომ სადღეისოდ ეს გავლენები შესუსტებულია, რაც გორაძის პატიმრობაში ყოფნამ განაპირობა:

„სადღეისოდ შესუსტებულია მისი გავლენები სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ თურქულ ციხეში იმყოფება, ქართული მხარე კი თურქეთს საექსტრადაციო მასალებს არ აძლევს. გორაძის და აქტიურად ცდილობდა, ქართულ მხარეს დროულად გადაეგზავნა საექსტრადაციო მასალები, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცამ მას „დროულად“ აუხსნა, „ნუ ყვირი! თუ საქართველო – დაკავების ინიციატორი მხარე არ გადააგზავნის საექსტრადაციო მასალებს, თურქეთი ვალდებული იქნება, გაათავისუფლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ის უკანონო პატიმარია“.

ქადაგიძე რამდენიმე ოპერატიულ ინფორმაციას გვანდობს და ამბობს, რომ ეს ცნობები ყურადღების გამახვილებას იმსახურებენ:

„გორაძეს წარსულში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თურქეთში მყოფ ასლან ქობულაძესთან, რომელიც წარმოშობით აჭარელია და ასევე „კანონიერი ქურდი“ გახლავთ. ისინი შერიგდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, ორი კლანი ერთიანდება. თუმცა სადღეისოდ აჭარაში ახალი კლანი ჩნდება ვინმე „ენცოს“, იგივე ტუღუშის ხელმძღვანელობით (ისიც თურქეთში იმყოფება), რომელიც აგრესიულობით გამოირჩევა და ცდილობს ქობულაძისა და გორაძის გავლენის სფეროების ათვისებას“.

როგორც ჩანს, „კონკურენტით“ უკმაყოფილოები არიან საქართველოში.

„ქართულ მხარეს სურს, გორაძე არ იმყოფებოდეს საქართველოში და ხოფადან აკონტროლოს ვითარება, როგორც ამას წარსულში აკეთებდა. თუმცა, კულუარულად მისი გარემოცვიდან ვრცელდება ინფორმაცია, „ხელს არ გავანძრევთ! რასაც შეგვპირდნენ, არ გააკეთესო“. ვინ რას შეპირდა, არ ვიცი, თავს რამდენად დაიჭერენ, ესეც სხვა საკითხია, თუმცა სადღესიოდ ასეთი განწყობაა“,– ამბობს ქადაგიძე, თუმცა ელის რომ გორაძე ისევ „საკუთარი ინტერესებისთვის" ჩაერთვება პროცესებში.

ზოგადად ასე ხდება – ერთი თუ წაბორძიკდა, მეორე წამოყოფს თავს, ამყარებს კონტროლს, შემდეგ კი იწყება ომი. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც არასდროს არაფერი შეუქმნიათ, სხვის „კისერზე“ იყვნენ და სხვას ინაწილებდნენ. არც ისაა ხელწამოსაკრავი ინფორმაცია, რომ ქობულაძისა და გორაძის კლანები ერთიანდებიან. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ გორაძე არავისთვის არაფერის დამთმობი არაა და შესაძლოა, აჭარაში (მოიცავს გურიის ნაწილსაც) ახალ დაპირისპირებას ველოდოთ: დაიწყება გავლენის სფეროების დაბრუნებისთვის ბრძოლა.გავლენის სფერო კი აერთიანებს ყველა მიმართულებას: სათამაშო ბიზნესს, სამშენებლოს და ა.შ. პოლიტიკაც შემადგენელი ნაწილია იმდენად, რამდენადაც, როდესაც შენ რაღაცაზე „თვალს ხუჭავ“, ამის საფასური ისაა, რომ შემდეგ მან შენთვის სასარგებლო რამ გააკეთოს, მათ შორის არჩევნებზე, როგორც ეს წარსულში არაერთგზის ვიხილეთ“,– ყვება ქადაგიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები