საქართველო–სომხეთის საზღვართან ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

20-01-2020 17:19:45 საზოგადოება ,რეგიონები ,რეპორტაჟი

20 იანვარს საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი ჯავახეთში, ნინოწმინდის რაიონში რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი. გზა სოფელ გორელოვკის მოსახლეობამ გადაკეტა. როგორც ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" იუწყება, მოქალაქეები უწყლობას აპროტესტებენ.

უკვე წლებია სოფელ გორელოვკას წყლის პრობლემა აქვს, ბოლო სამი თვის განმავლობაში კი წყალი საერთოდ არ ყოფილა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს არც სასმელი წყალი აქვს და არც საძოვრებისა და საქონლისთვის.

როგორც აქციაზე ითქვა, სოფელში წყალი მხოლოდ ხუთ ოჯახს აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის სუმბათ კიურეღიანის ოჯახია, ერთი ადგილობრივი დეპუტატის და ერთიც – ნინოწმინდის მერიის წარმომადგენლის.

ადგილობრივების თქმით, ეს ადამიანები სოფელში ნაკვეთების დიდ რაოდენობას ფლობენ და წყლის მთელ მარაგს სწორედ ისინი მოიხმარენ – წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთებული აქვთ საკუთარი მილები და მთელი წყალი მათთან მიდის. სოფლის 300-მდე ოჯახი კი, უწყლოდაა დარჩენილი.

„სოფელში მხოლოდ ოთხი-ხუთი კაცი ცხოვრობს კარგად. ვეხვეწებით რომ წყალი მაინც მოგვცენ, მიწები ხომ წაგვართვეს. ჩემი ცოლი სკოლაში მუშაობს და აქ რომ ვდგავარ მეშინია სამსახური არ დაკარგოს. ახლა მიწასთან ერთად უნდათ, რომ წყალი წაგვართვან, მარტო ჰაერი გვრჩება და ესეც წაგვართვან მაშინ. ამბობენ, რომ საქართველოში კორუფცია არ არისო, ჩვენთან ყველაზე მეტი კორუფციაა“, – განუცხადა რეგიონულ ონლაინ-გამოცემა “სამხრეთის კარიბჭეს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„ჩვენი ხარჯებით გამოვიყვანეთ წყალი და საკრებულოს თავმჯდომარე მოვიდა ასე არ შეიძლებაო. ჩვენ ვუთხარით შენს ბოსელს თუ ყოფნის ჩვენ რატომ არ გვეყოფა –თქო?!” – ამბობს გორელოვკაში მცხოვრები ავთო ლონდარიძე.

„წყალი არავის გვაქვს, დღეს მეორე გაკვეთილიდან ბავშვები გამოუშვეს სკოლიდან რადგან წყალი არ აქვთ და გათბობას ვერ რთავენ. ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მივმართეთ და ყურადღებას არ გვაქცევენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

გორელოვკაში ამბობენ, რომ წყლის მარაგის შესავსებად ხალხი თოვლს ადნობს.

„მაწანწალებივით ვცხოვრობთ, თუ სუმბატ კიურეღიანის საქონელს დარჩა წყალი, ამის შემდეგ უშვებენ ჩვენთან. , – ამბობს ერთ–ერთი აქციის მონაწილე.

წყლის გარდა აქაურები მიწის პრობლემას უჩივიან და ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ.

გორელოვკაში დილიდან მობილიზებული იყო პოლიცია, შუადღისთვის კი იქ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან და დეპუტატ ენზელ მკოიანთან საუბრის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზა გახსნეს. ამირანაშვილმა თქვა, რომ სოფელ გორელოვკაში წყლის პრობლემის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა.

ამავდროულად, რწმუნებული აღიარებს, რომ წყლის ცენტრალურ მილზე უკანონო დაერთებები არსებობს, თუმცა ვის მიერ არის ეს დაერთებები გაკეთებული, არ აკონკრეტებს.

„ცენტრალურ მაგისტრალზე არის უკანონო დაერთებები, ამის გამო მათ გამოთქვეს პროტესტი. დავპირდი, რომ ცენტრალურ ქსელზე ნებისმიერი დაერთება, რომელიც არსებობს, ყველა იქნება ჩაჭრილი და მოსახლეობას თანაბრად მიეწოდება წყალი. ასევე გაზაფხულიდან, როგორც კი ამინდი მოგვცემს შესაძლებლობას, ალტერნატიული საშუალებების მოძიებას დავიწყებთ, რომ ცენტრალურ ავზს დაემატოს ქსელი“, – განუცხადა აქციის მონაწილეებს გუბერნატორმა.

რაც შეეხება საძოვრების საკითხს, ამირანაშვილი აცხადებს, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სოფელში არსებულ ვითარებას შეისწავლის:

“ნებისმიერი უკანონო ფლობა აღკვეთილი იქნება, მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ჩვენი ხელისუფლებისთვის არ არსებობს პრივილეგირებული საკრებულოს თავმჯდომარეები და გუბერნატორები, შესაბამისად, გუშინდელი განცხადებები, რომ მათ წყალს არ აძლევენ, ეს არ არის რეალური. ხვალვე მოხდება ცენტრალური მაგისტრალის გათავისუფლება და ყველას თანაბარ პირობებში მიეწოდება წყალი”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები