18-07-2024 22:23:12 ეს საინტერესოა ,ინტერვიუ
უკრაინაში რამდენიმე სტარტაპი ავითარებს ტექნოლოგიას ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვის მიზნით რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოყენებული დრონების სამართავად, იუწყება Reuters.
ტექნოლოგია მიზნად ისახავს რუსი სამხედროების მიერ სიგნალის ჩახშობის დაძლევას და ასევე, მოსალოდნელია, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდებს დიდ ჯგუფებში ოპერირების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, ის შეამცირებს რისკებს დრონების ოპერატორებისთვის, რომლებიც მტრის პრიორიტეტული სამიზნეა.
Reuters-თან საუბარში Swarmer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა (ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგიებით დაკავებული სტარტაპი) სერგეი კუპრიენკომ თქვა, რომ „ადამიანებისთვის თითქმის შეუძლებელია ათი ან ოცი დრონისაგან შემდგარი ჯგუფის მართვა“, მეორეს მხრივ, AI–ს შეუძლია, მართოს ასობით.
Styx ტექნოლოგია აკონტროლებს ნებისმიერი ტიპის დრონების ქსელს. თითოეულ დრონს შეეძლება საკუთარი მოძრაობების დაგეგმვა და ჯგუფში სხვების ქცევის პროგნოზირება, აღნიშნა კუპრიენკომ. თუმცა, მან აღიარა, რომ ტექნოლოგია ახლა ექსპერიმენტულ ეტაპზეა.
უსაფრთხოების ექსპერტმა სამუელ ბენდეტმა, რომელსაც სააგენტო ციტირებს, თქვა, რომ AI-ზე დაფუძნებული დრონის კონტროლის სისტემა კვლავ მოითხოვს ადამიანის მონაწილეობას, რათა თავიდან იქნას აცილებული შეცდომები სამიზნეების შერჩევისას. ასევე არსებობს ეჭვები ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტროლირებადი იარაღის ეთიკის შესახებ. 2020 წელს ევროპარლამენტში წარდგენილ კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასეთი სისტემები შეიძლება არღვევდეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებს ხშირად უწოდებენ "მომავლის იარაღს". ამერიკულმა უსაფრთხოების ცენტრმა (CNAS) მოამზადა ანგარიში რუსეთ-უკრაინის ომში დრონების როლისა და ამ ტექნოლოგიის შესაძლო მომავლის შესახებ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ცვლის ბრძოლის ლანდშაფტს მათი შედარებით იაფი და მასობრივი ხელმისაწვდომობის გამო. ასევე, პილოტისთვის სიკვდილის საფრთხის არარსებობა უფრო სარისკო ოპერაციების საშუალებას იძლევა. კონფლიქტის ორივე მხარე ამ მიმართულებით შეიარაღების რბოლაში შევიდა და მუდმივად აუმჯობესებს და ზრდის დრონების ფლოტს.