22-07-2024 16:19:12 ციტატა
"ჩვენთვის პრობლემას კრიტიკული განცხადებები არ წარმოადგენს. ჩვენ ვითხოვთ, კრიტიკა იყოს ობიექტური, სამართლიანი და კონკრეტულ არგუმენტებზე დამყარებული. მომიწოდებ და მეუბნები, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ მივიღო, რადგან ეს კანონი არის რუსული, ეს უსამართლობაა. როდესაც საფრანგეთის პირველი და მეორე პალატა გაცილებით მკაცრ კანონს იღებ, ამაზე შენ ხმას არ იღებ, ისევე როგორც მსგავს კანონს იღებს ესპანეთი, კანადა, თურქეთი და ხმას არ იღებენ, ეს ორმაგი სტანდარტია და მიუღებელია. ამ ორ სტანდარტს მათ შორის ამერიკელი ხალხი ეტყვის უარს. ცენტრალურ ევროპაში მოსახლეობამ უკვე უარი უთხრა - ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია. როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში, პარტიაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა. ღირსება არ გააჩნია! მეორე, საფრანგეთის ის რომ არის - მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა, საკუთარმა მოსახლეობამ უარი გითხრა და რომ გამოდიხარ და ამ უძველესი ცივილიზაციის, კულტურის ქვეყანასა და ერს ეუბნები, ევროპული ღირებულებებისგან გადაუხვიეთო... არასწორ რელსებზე ხართო.... ორი მოსმენით საკუთარი ქვეყნის პარლამენტმა მიიღო - შეიძლება მაკრონსაც უმალავენ ამ თემას?! რატომ არ დაგმე?! რატომ არის იქ გამჭვირვალობა მისაღები და ჩვენთან მიუღებელი?! შეგიძლია ახსნა? - საკუთარ ხალხს ვერ აუხსენი, როცა არჩევნები წააგე და ჩვენ რას აგვიხსნი! უსამართლობას არ გავუტარებთ, ვინც არ უნდა იყოს და რა ლიდერიც არ უნდა იყოს. ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, კულტურას, ჩემს მიდგომებს არასწორად შეეხება .... ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების მატარებლები და ერთ-ერთი დამფუძნებლებიც. ჩვენ ვიცავდით ქრისტიანობას, რომელიც არის საწყისი და ყოვლის მომცველი ღირებულებები, რითაც თქვენ დღეს ამაყობთ", – ეს განცხადება გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მისამართით მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.
4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.