
უშლიან თუ არა ხელს აფხაზებსა და ოსებს საქართველოში შემოსვლაში
30/03/2019 11:29:33 კონფლიქტები
ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში რამდენიმე აფხაზი და ოსი, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები არ შემოუშვეს. ამის შესახებ “აქცენტს” ყოფილმა ომბუდსმენმა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, ადამიანის უფლებათა ცენტრში კონფლიქტების დარეგულირების პროექტის ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა აცნობა.
როგორც უფლებადამცველი არშემოშვებულთა ახლობლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, ზემოაღნიშნული შემთხვევები თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში დაფიქსირდა. აქტივისტების ნაწილი ქვეყანაში საერთოდ არ შემოუშვეს, ნაწილი კი – დაგვიანებით, მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც საქმეში თბილისიდან რიგი ორგანიზაციები და თანამდებობის პირები ჩაერთვნენ.
რაც შეეხება ქვეყანაში ვიზიტის მიზანს, ნანუაშვილის მონაცემებით, არშემოშვებულთა ნაწილი საქართველოში სამკურნალოდ აპირებდა შემოსვლას, ნაწილი – ნათესავების მოსანახულებლად, ნაწილი – უფლებადაცვით საქმიანობასთან დაკავშირებით.
“აქტივისტებისთვის, რომელთაც ცხინვალსა და სოხუმში გაცემული რუსული პასპორტები გააჩნდათ, საქართველოში არშემოშვების მიზეზები ოფიციალურად არავის განუმარტავს, არაოფიციალურად კი რამდენიმე მათგანს უთხრეს, ”თუ აქამდე მსგავს დეტალებს [ცხინვალსა და სოხუმში გაცემულ საბუთებს] ყურადღებას არ ვაქცევდით, ახლა მიდგომა შეცვლილიაო”. ერთ-ერთი არშემოშვებული ჩიოდა, რომ მას უხეშად ეპყრობოდნენ და უსვამდნენ იმგვარ კითხვებს, რომელიც რეალურად, დაშინებას ისახავდა მიზნად. იმის შესახებ, რომ მსგავს პირებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლისას შეიძლებოდა, პრობლემები შეჰქმნოდათ, მანამდეც იყო ცნობილი, მაგრამ პრაქტიკაში მსგავსი აკრძალვა არ გამოიყენებოდა, ყოველ შემთხვევაში, ბოლო 7 წლის განმავლობაში. მეტიც, აქტივისტები, რომლებიც ქართველმა მესაზღვრეებმა ამჯერად ქვეყანაში არ შემოუშვეს, მანამდე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იგივე პასპორტების გამოყენებით დაუბრკოლებლად ხვდებოდნენ. ამდენად, მომხდარის მიზეზების დასახელება გამიჭირდება. იმედი მაქვს, მსგავსი გადაწყვეტილებები სასაზღვრო სამსახურის ცალკეული თანამშრომლების პირადი ინიციატივაა, თუმცა ისგარემოება, რომ ეს შემთხვევები როგორც ზემო ლარსზე, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში (უმთავრესად - ლარსზე), ანუ სხვადასხვა ადგილზე დაფიქსირდა, აჩენს ვარაუდს, რომ შესაძლოა, არსებობდეს თანამშრომლებს შორის გავრცელებული გარკვეული შიდა ინსტრუქცია“,– აღნიშნავს ნანუაშვილი.
იგი გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ხსენებული ინციდენტები დროში დაემთხვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტების მოსაგვარებლად დეკლარირებულ ახალ მიდგომებსა და პოზიტიურ ნაბიჯებს, მათ შორის სპეციალურად ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთათვის შემუშავებულ რიგ პროექტებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები ქართული მხარის ყველა მიღწევის ნიველირებას ახდენს:
„ადამიანები თავისუფლად ჩამოდიან, ზოგიერთებმა ზაფხულში აჭარის კურორტებზეც დაისვენეს,ისევე, როგორც რუსეთის სხვა მოქალაქეებმა, როგორც ტურისტებმა. დღეს მათი ამგვარი გამოყოფა,მით უფრო, როდესაც აფხაზებსა და ოსებზეა საუბარი, ჩემთვის ძალზედ შემაშფოთებელი სიგნალია. ეს ადამიანები ისედაც რისკავენ, როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. რა თქმა უნდა, ახლა ძალზედ რთული იქნება მათი დარწმუნება, რაიმე ერთობლივ საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა. მათ შეძლეს მითების დაძლევა და ჩამოსვლა, არ შეუშინდნენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. თუმცა დღეს, სამწუხაროდ, ამგვარ შემაშფოთებელ სიგნალს ვიღებთ“,– აცხადებს ქართველიუფლებადამცველი.
ნანუაშვილის განმარტებით, მას ძალოვანი უწყებებისთვის კომენტარის მოსაპოვებლად არ მიუმართავს, არაოფიციალური პასუხი კი იმაში მდგომარეობს, რომ „ეს საქართველოს უშიშროების სამსახურების ახალი მიდგომაა“:
„ჩვენ, რა თქმა უნდა, თვალს მივადევნებთ მოვლენებს და უახლოეს დღეებში ოფიციალურ პასუხს გამოვითხოვთ“,– აღნიშნავს ნანუაშვილი.
თავის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ზოგადი განმარტებით შემოიფარგლება:
„თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით შემოდის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მათ ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ატარებენ“.
თავის მხრივ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატში უჩა ნანუაშვილის ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.
“ჩვენთვის არ არის ცნობილი არც ერთი შემთხვევა, როდესაც რომელიმე პირი არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს. ბევრ სერვისზე პირიქით, წვდომა არის გამარტივებული, გადაადგილება - გახშირებული და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტენდენციაა ასეთი, არ შეესაბამება სინამდვილეს. აბსოლუტურად გაუგებარია, რის საფუძველზე კეთდება მსგავსი განცხადებები, განსაკუთრებით - იმ ფონზე, როდესაც ხალთა შორის კონტაქტს ხელი უნდა შევუწყოთ და ინტერესი ამის მიმართ არის მომატებული. სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ორი შემთხვევის შესახებ არის ცნობილი და მაშინაც შეფერხება მხოლოდ ტექნიკური მიზეზით მოხდა და დაუყოვნებლივ მოგვარდა” - განუცხადეს “აქცენტს” სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021