აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე: ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე

23-07-2024 23:19:39 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი სიტყვით გამოვიდა კონგრესში, სადაც საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა.

მან საქართველოზე ჯერ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა, შემდეგ კი საქართველოსთან დაკავშირებით კონგრესმენების კითხვებს უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, "მუშაობენ დამატებით ნაბიჯებზე, მათ შორის, დახმარების პროგრამების პოტენციურ გადამისამართებაზე ან შეჩერებაზე და პოლიტიკური ჩართულობის გაუქმებაზე".

გთავაზობთ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მისასალმებელი სიტყვის თარგმანს სრულად:

"საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან და მისი ევროატლანტიკური მისწრაფება და შეერთებული შტატებთან ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენა. მთავრობამ მიიღო არადემოკრატიული კანონი, მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება და ეწევა დეზინფორმაციასა და რიტორიკულ თავდასხმას აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს. "უცხოური გავლენის შესახებ" კანონი, რომელიც 28 მაისს საქართველოს მმართველმა პარტიამ მიიღო, ამ ანტიდემოკრატიული გადახრის სიმბოლოა. ეს კანონი, რომელიც რუსული კანონის ანარეკლია, შექმნილია იმისთვის, რომ ჩაახშონ კრიტიკული ხმები, ჩირქი მოსცხონ დამოუკიდებელ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს და ჩაახშონ საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. "ქართული ოცნების" მთავრობამ ეს კანონი მიიღო საქართველოს მოქალაქეების მასიური პროტესტის, აშშ-ის წინააღმდეგობისა და ვენეციის კომისიის მკაფიო დასკვნის მიუხედავად, რომ ეს კანონი არ იყო ევროპულ ნორმებთან შესაბამისი.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტი ჩართული იყო ყველა დონეზე, რომ ქართველი ხალხისთვის ნათელი გაეხადა, რომ ჩვენ მათი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას განვაგრძობთ და ამასთან, ნათლად ვაჩვენეთ მთავრობას, რომ არასწორი მიმართულებით მიდის. მაისში თბილისში ვიზიტისას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯიმ ო'ბრაიანმა და მე ხაზი გავუსვით საქართველოს მთავრობის არადემოკრატიულ ქმედებებს და გავაფრთხილეთ შედეგებზე, თუ მმართველი პარტია არ შეცვლიდა კურსს. ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილეებმა უზრა ზეიამ და ჯონ ბასმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გაუმეორეს ქართველ ოფიციალურ პირებს, რომ მთავრობის ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სურვილთან. საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების შედეგად 23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა, ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელთათვის პასუხისმგებლობის დასაწესებლად. მან ასევე გამოაცხადა ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის, საქართველოსადმი ჩვენი დახმარების. 6 ივნისს ჩვენ დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები მმართველი პარტიის ათობით წარმომადგენელს, პარლამენტარებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან და მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. ეს ნაბიჯები ემყარება ჩვენს წინა ქმედებებს, ისეთებს როგორებიც იყო კორუმპირებული მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და ქართველი-რუსი ოლიგარქისთვის, FSB-სთან დაკავშირებული ოთარ ფარცხალაძისთვის ფინანსური სანქციების დაწესება.

ჩვენ კოლეგებთან ერთად კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, მათ შორის – დახმარების პროგრამების პოტენციურ გადამისამართებაზე ან შეჩერებაზე და პოლიტიკური ჩართულობის გაუქმებაზე. ცოტა ხნის წინ თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოში სამხედრო წვრთნების გაურკვეველი დროით გადადების შესახებ განაცხადა.

ვიმედოვნებთ, საქართველოს ლიდერები გადახედავენ საკუთარ ქმედებებს და დაუბრუნდებიან საქართველოს ხანგრძლივ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ საქართველოს მთავრობისთვის ცხადი გავხადეთ, რომ ამის გასაკეთებლად საუკეთესო გზა "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის გაუქმება, აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტა, სხვა არადემოკრატიული კანონმდებლობების მიღების შეჩერება და იმის უზრუნველყოფაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩაივლის თავისუფლად და სამართლიანად.

2024 წელი საქართველოს მომავლისთვის და მისი დემოკრატიული პროგრესისთვის გადამწყვეტია. ჩვენ მთავრობასთან ხაზი გავუსვით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას და აღვნიშნეთ, რომ საარჩევნო პროცესების ჩატარებას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს თხოვნას OSCE-დან სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის შესახებ და მოვუწოდეთ მთავრობას, უზრუნველყოს შეუზღუდავი წვდომა არჩევნების საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის.

ჩვენ ვრჩებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მყარი მხარდამჭერები მთავრობიდან მომდინარე წნეხის, მუქარებისა და ფიზიკური თავდასხმების პირისპირ. ჩვენ ჩართულები ვართ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად და აქტიურად ვუჭერთ მხარს მათ მცდელობებს, რომ ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს.

ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი, ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ საქართველოს წინაშე რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების მიმართ, რომელიც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას.

ბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ რთული პერიოდის მიუხედავად, ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ს ერთგულება მყარი და უცვლელია. ამერიკელები და ქართველები იზიარებენ განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე: თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულზე. გავაგრძელებთ ძლიერი, დაცული და დემოკრატიული საქართველოს განვითარების მხარდაჭერას".

კითხვებზე პასუხის რეჟიმზე გადასვლისას, მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ფოკუსირებულია მმართველი პარტია "ქართული ოცნების" პასუხისმდეგლობაზე და არა ქართველი ხალხის".

"ათწლეულების განმავლობაში აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და დემოკრატიას და ჩვენ ამას ვაგრძელებთ მომავალშიც", – დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები