ბრეგაძე: „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქართულ-ამერიკულმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია"

25-07-2024 12:34:30 ციტატა

„ქართულ - ამერიკული აუცილებლად ნორმალურ ფარგლებს დაუბრუნდება და დარწმუნებული ვარ, ის ბევრად უფრო ინტენსიური გახდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ქართულ-ამერიკულმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ნებისმიერ ურთიერთობაში შეიძლება არსებობდეს გარკვეული მომენტები, როდესაც მცირედი გაურკვევლობები არის. ჩვენს ურთიერთობას აქვს ისეთი დიდი პოტენციალი და იმდენად ბევრი რესურსი, რომ დარწმუნებული ვარ და ხაზგასმით გეუბნებით, რომ სულ მალე, ეს ნიშნული კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე იქნება ასული“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. თუმცა წელს ხელისუფლების მცდელობა განმეორდა და ამჯერად - შედეგიანად. საზოგადოებისთვის ხელის გრეხვუთ მიღებულ კანონს შარშანდელი კანოპროექტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი", რაც არსობრივად, იგივეა. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები