Accentnews.ge
რუსეთმა  აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა საგრძნობლად დააჩქარა

რუსეთმა  აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა საგრძნობლად დააჩქარა

30/07/2024 17:23:50 კონფლიქტები

სანამ რუსული და საქართველოში მოქმედი პრორუსული სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული მედიასაშუალებები აგრძელებენ იმ ფეიქის ტირაჟირებას, თითქოს საქართველოს ხელისუფლების ლოიალობის სანაცვლოდ მოსკოვი თბილისს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დაუბრუნებს, მოსკოვი აჩქარებს აფხაზეთის ოჩამჩირეს რაიონის ტერიტორიაზე სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობას, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო ხომალდების მუდმივი ბაზირების ადგილად უნდა იქცეს.

განცხადება იმის შესახებ, რომ ოჩამჩირეს განახლებული ბაზა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაწილის მუდმივი დისლოცირების ადგილი იქნება, გასული წლის ოქტომბერში აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ გააკეთა.

ამის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ოჩამჩირეს პორტში მხოლოდ უმნიშვნელო აქტივობები შეიმჩნეოდა, თუმცა 2024 წლიდან სამუშაოები გააქტიურდა. თანამგზავრული ფოტოები მოწმობს, რომ ამჟამად ადგილზე მიმდინარეობს ფუნდამენტებისთვის მიწის მოსწორება, უკვე დაწყებულია მრავალი შენობისა და ობიექტის მშენებლობა, ახალ პერიმეტრზე ეწყობა ზღუდეებიც, რომელიც ბაზის ტერიტორიის მნიშვნელოვან გაფართოებაზე მიუთითებს. ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში, ბაზასა და ქალაქ ოჩამჩირეს შორის პერიმეტრზე დაიგო ახალი გზა, მის გასწვრივ კი მოეწყო ზღუდე, რომელიც ასევე მიუთითებს ბაზის ტერიტორიის მნიშვნელოვან გაფართოებაზე.

ოჩამჩირეს ბაზას რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება, რადგან იგი უკრაინელების დრონების გამუდმებული შეტევების ობიექტად ქცეული რუსული ფლოტისთვის ერთგვარ თავშესაფრად უნდა იქცეს, - თვლიან ექსპერტები.

როგორც ცნობილია, 2022 წლის ოქტომბერში სევასტოპოლზე კომბინირებული საჰაერო და საზღვაო შეტევის შემდეგ რუსეთმა თავისი ფლოტის დიდი ნაწილი ნოვოროსიისკში გაიყვანა, თუმცა 2023 წლის აგვისტოსა და მიმდინარე წლის ივლისში ნოვოროსიისკიც ანალოგიური შეტევების ადგილად იქცა, რის შემდეგაც, ივლისშივე რამდენიმე რუსული ხომალდი ოჩამჩირეში გადაისროლეს.

ოჩამჩირეს ბაზა არახალია. მცირე ბაზა ბოლო დრომდე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სანაპირო დაცვის ხომალდების ჯგუფის მხარდაჭერას ემსახურებოდა. განახლება-გაფართოების შემდეგ კი იგი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების მუდმივი ბაზირების ადგილად იქცევა.

ამ განზრახვის სისრულეში მოყვანა ზეგავლენას მოახდენს საქართველოს გეგმებზეც, განავითაროს ანაკლიის თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი, ვინაიდან ანაკლია ოჩამჩირედან სამხრეთით სულ 30-იოდე კმ-ში მდებარეობს. არადა, ეს მრავალმილიარდიანი პროექტი მოწოდებულია, საქართველო ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ტვირთბრუნვის დამოუკიდებელ საერთაშორისო სატრანზიტო კვანძად აქციოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S