ო'ბრაიენი "ქართულ ოცნებას" "უკან დასაბრუნებელ გზას" სთავაზობს

31-07-2024 01:00:44 პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ "აგენტების კანონის" მიღების გამო აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა მიმდინარეობს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი "ქართულ ოცნებას" "უკან დასაბრუნებელ გზას" სთავაზობს.

ამის შესახებ მან სენატში გამართულ მოსმენაზე სახელწოდებით "ევროპის მომავალი" ისაუბრა.

"ცხადი უნდა იყოს საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნებისთვის", რომ უკან დასაბრუნებელი გზა არსებობს, ესაა:

  • სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობის გარეშე თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების ჩატარება;
  • "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და არა რუსულთან;
  • ჩინეთის არყოლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაში.

ესაა ნაბიჯები, რომელთა გადადგმა საქართველოსთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია", – განაცხადა ო'ბრაიენმა.

მისივე თქმით, "გასარკვევად ცოტა რთულია" რატომ შეიცვალა კურსი მმართველმა პარტიამ:

"როგორც ჩანს, საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც სხვა ხალხს ეძებენ, ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და ნატო–სკენ მიმავალ გზას. ფაქტია, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერა ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანების შესახებ ერთგულება და ახლა სხვა მიმართულებით მიდის. რატომ? გასარკვევად ცოტა რთულია. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ ძალიან მკაფიო იმასთან დაკავშირებით რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმიტომ, რომ საქართველო ითხოვს კლუბებში გაწევრიანებას, რომელთა ერთ-ერთი ნაწილიც ჩვენ ვართ და მეორე ჩვენი საკვანძო პარტნიორია. მას ამ კლუბების წესების შეცვლის უფლება არ აქვს, რათა გაწევრიანდეს".

როგორც მან აღნიშნა, აშშ–ში საქართველოს დიდი ხნის მეგობრები მიიჩნევენ, რომ გზა, რომელსაც ქვეყანა ახლა ადგას, "არასწორია".

ო'ბრაიენმა იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტია კურსს შეცვლის:

"ერთი წლის წინ ვნახეთ არასწორი გზის ნიშნები და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მხრივ. იმედი მაქვს, რომ ამას კვლავ ვნახავთ".

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებდა. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები