
„გადატრიალების“ მორიგი წინასაარჩევნო ქეისი: საშინაო და საგარეო ასპექტები
31/07/2024 06:29:26 ანალიზი
ქართული პოლიტიკის გასული კვირის ლამის მთავარ მოვლენად სუს-ის განცხადება იქცა ქვეყნის მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე - ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისა და სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო მზადების გამოძიების თაობაზე.
ხელისუფლების ვერსიით, შესაძლო შეთქმულების სავარაუდო ორგანიზატორებად ამჟამად უკრაინაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსები მოიაზრებიან უკრაინული სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომლებთან ერთად, შესაძლო რეალიზატორებად კი - რუსეთთან ომში უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები, რომელთა სამშობლოში დაბრუნებული ნაწილი სუს-ში აქტიურად იკითხება.
რომ არა წინასაარჩევნო პერიოდი, რომელშიც ხელისუფლებას მოსახლეობისთვის პოზიტიური დღის წესრიგის სახით ამ დრომდე ფაქტობრივად არაფერი შეუთავაზებია და ამავდროულად მინიშნება „უკრაინულ კვალზე“, ბევრისთვის ალბათ, გაუგებარი იქნებოდა, რაში დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ სადღეისოდ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. მაგრამ აღნიშნული ფაქტორები მმართველი გუნდის წარმომადგენლების შემდგომი გამოხმაურებების შინაარსთან ერთად „ივანიშვილზე თავდასხმის მზადების“ კარტის გათამაშების რეალური მიზეზებისა და მიზნების საკმაოდ მკაფიო სურათს ქმნის.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში „მშვიდობისა და განვითარების მთავარი გარანტია და სწორედ ამიტომ იქცა ქვეყნის მტრების სამიზნედ“. ამასთან, „ოცნების“ წევრებს სურთ, ქართული საზოგადოების ცნობიერებაში ივანიშვილი იმ მსოფლიო პოლიტიკოსთა რიგში ჩააყენონ, რომლებზეც ბოლო დროს თავდასხმები რეალურად განხორციელდა (სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, აშშ-ის ექს-პრეზიდენტი და მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი).
ამ სურვილზე მეტყველებს, მაგალითად, მამუკა მდინარაძის ამასწინანდელი განცხადება, რომელშიც ფიცოსა და ტრამპზე უკვე განხორციელებულ, ივანიშვილზე კი ჯერ მხოლოდ „მზადებად“ თავდასხმებში „გლობალური ომის პარტიას“ დაედო ბრალი - ანუ კვლავ იმ ეფემერულ ძალას, რომლის შესახებაც „ოცნებას“ საზოგადოებისთვის კონკრეტული ამ დრომდე არაფერი გაუმხელია, რომელიც უკვე ანეკდოტების თემადაა ქცეული, მაგრამ სახელისუფლებო გუნდისთვის მაინც ძალზე კომფორტულ მტრის ხატად რჩება: რაც გინდა და როცა გინდა, დააბრალე - არარსებული ვერც პასუხს გაგცემს, ვერც სიცრუეში გამხელს, ვერც ცილისწამებისთვის გიჩივლებს, ვერც სამაგიეროს გადაგიხდის - ის კი არადა, ვერც კი გაგიბრაზდება... არ გეტყვით, ვინაა, არ გეტყვით, სადაა, მაგრამ ნამდვილად არსებობს - დაგვიჯერეთ და ნუ გვაიძულებთ, გავამხილოთ, რაც ვიცით, თორემ ისეთი ამბები მოჰყვება მსოფლიოში, ღმერთმა დაგვიფაროსო, - სულ ესაა, რაც ქართულ საზოგადოებას „ოცნების“ წარმომადგენლებისგან ამ დრომდე აქვს მოსმენილი „გლობალური ომის პარტიაზე“, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში ყველა უბედურებას მიაწერენ და ნებისმიერ საჭირო მომენტში ახსენებენ...
ამ სურვილის მორიგი დემონსტრირება იყო პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ხელისუფლების პროპაგანდისტულ რუპორად ქცეულ ტელეარხ „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადებაც: „არსებობს საერთაშორისო კონტექსტი, არსებობს ადგილობრივიც და ამ კონტექსტების გათვალისწინებით, ვფიქრობ, არავისთვის უნდა იყოს სიურპრიზი, რომ მსგავსი გეგმები ვიღაცის თავში მზადდება. თუ საერთაშორისო კონტექსტზე ვისაუბრებთ, არსებობს გარკვეული ხელწერა, რომელიც უკვე ნათლად გამოიკვეთა, ეს ძალები მოქმედებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ... რაც შეეხება ადგილობრივ კონტექსტს, იცით, რომ ერთ-ერთი რამ, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოარჩევდა, იყო მკვლელობები - ისინი კლავდნენ ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩებში, პირდაპირ ქუჩებში მოკლეს ათობით ახალგაზრდა... ამდენად, არავის უნდა გაუკვირდეს მათგან მსგავსი დანაშაულის მზადება. დანარჩენს გამოძიება დაადგენსო“... ანუ, „ვიღაცის“ თავში მზადდება „რაღაც“, „მკაფიოდაა“ გამოკვეთილი „გარკვეული ხელწერა“ რაღაც „ძალებისა“, რომლებიც სადღაც მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებენ, უშუალოდ საქართველოში კი დაძრწიან მკვლელობის ჟინით შეპყრობილი „ნაციონალები“, რომელთაც კარგა ხანია, აღარავინ მოუკლავთ და დაუოკებლად სწყურიათ სისხლი, ხოლო რაკი ისინი მანიაკობასთან ერთად „ქვეყნის მტრებიც“ არიან, ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების მთავარი გარანტი კი „უდავოდ“ ივანიშვილია, „რა გასაკვირია“, რომ ახალ მსხვერპლად სწორედ ის შეარჩიეს?!...
მართალია, ჯერ არც ფიცოზე, არც ტრამპზე თავდასხმების საქმეების გამოძიება დასრულებულა და შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი, ამ ორ ფაქტს შორის რაიმე კავშირზე ვისაუბროთ, ხოლო ივანიშვილზე თავდასხმა განხორციელებულიც კი არაა და მხოლოდ ხელისუფლების ვარაუდის დონეზეა, „ოცნებისთვის“ და საკუთრივ იურისტი პრემიერისთვის უკვე საკმარისი საფუძველი არსებობს, სადღაც მსოფლიოში მოქმედი რაღაც ძალის „მკაფიოდ გამოკვეთილ ხელწერაზე“ ისაუბროს და ამ საქმესთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ არც „მკვლელობამოწყურებული“ პოლიტიკური ოპონენტების ხსენება დაივიწყოს იმ „საფუძვლით“, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ისინი „მკვლელობებით გამოირჩეოდნენ“. მაინც ვინ „ათობით“ ახალგაზრდა მოკლეს „ნაციონალებმა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქუჩებში, კობახიძეს არ დაუზუსტებია - მთავარი ხომ ისაა, რომ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის სათქმელი ითქვას და ბრალდებამ გაიჟღერის: დამჯერი დაიჯერებს - „დანარჩენს კი გამოძიება დაადგენს“...
გიკვირთ? მე - აღარ, რადგან თუ, როგორც კობახიძემ განაცხადა, „ნაციონალების“ ხელისუფლება „მკვლელობებით გამოირჩეოდა“, თავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად უკვე მყარად იქცა უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ დაუდასტურებელი ბრალდებების საჯაროდ ფრქვევა და მათ საფუძველზე დაწყებული უსასრულო გამოძიებები, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას წლობით აღარავინ აღარაფერს უმხელს... საკმარისია, გავიხსენოთ თუნდაც ერთ-ერთი პირველი მსგავსი ეპიზოდი - ჯერ კიდევ ჭიკაიძის დროინდელი „საბურავების საქმე“, ან, გნებავთ, უახლოესი წარსულის წინასაარჩევნო ქეისი „დავით-გარეჯი ჩვენია“...
„ივანიშვილზე თავდასხისა და გადატრიალების მზადების“ საქმე კარგად ეწერება ასევე „მეორე ფრონტის“ შესახებ „ოცნების“ უკვე „სტაჟიან“ ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ ნარატივშიც, რომელიც, მათ შორის, ერთ-ერთ პროპაგანდისტულ „საფუძვლადაა“ ქცეული ხელისუფლების მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის, საქართველოს მრავალწლიანი დასავლელი პარტნიორებისგან დისტანცირებისა და პირის რუსეთისა და მისი საპარტნიოროსკენ ქცევის „აუცილებლობის“ განსამარტად.
ვინმეს ჯერ კიდევ არ გჯერათ, რომ კურსი შეცვლილია? - გჯერათ „ოცნების“ მტკიცების, არ შეგვიცვლიაო? მაშინ სულ ბოლო ფაქტებით დავიწყებ და გთხოვთ, საკუთარ თავს ჰკითხოთ, წარმოიდგენდით თუ არა სულ ორიოდე წლის წინ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის ჯერ ექს-პრეზიდენტის დაკრძალვაზე გაემგზავრებოდა, შემდეგ - ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე? წარმოიდგენდით, რომ ზუსტად იმ უნიკალურ - უკრაინის ომის ფონზე შექმნილ მომენტში, როცა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების მრავალათწლეულოვანი ოცნების ასრულების მნიშვნელოვნად დაჩქარების შესაძლებლობა გაუჩნდა, ქვეყნის ხელისუფლება უარს იტყოდა ამ შესაძლებლობის რეალიზებისა და ამავდროულად საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებაზე, მთელი სახელისუფლებო მედია კი გადაერთვებოდა დაუფარავი სიცრუის ან, სულ მცირე, ნახევრად სიმართლის ტირაჟირებასა და მანიპულაციაზე ქართული საზოგადოების თვალში დასავლელი პარტიორების ოკუპანტ რუსეთთან გასათანაბრებლად და საქართველოს მტრებად წარმოსაჩენად? წარმოიდგენდით, რომ ხელისუფლება, რომელიც ერთ დროს გვპირდებოდა, „დემოკრატიით ევროპას გავაოცებო“, დასავლელი პარტნიორების ასგზის გაფრთხილებისა და თავად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის 55-დღიანი მრავალათასიანი პროტესტის იგნორირებით მიიღებდა „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის საკუთარ ვერსიას, რომელიც როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ევროპულ კანონმდებლობას არღვევს და ამით ქვეყანას ევროინტეგრაციის მნიშვნელოვნად დაჩქარების უნიკალურ შანსს უქრობს? წარმოიდგენდით, რომ მოლდოვა, რომელიც ახლო წარსულში მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით, დღეს ჩვენზე წინ იქნებოდა და უკრაინის მსგავსად, წევრობის საკითხზე მოლაპარაკებებს გაუხსნიდნენ მაშინ, როცა საქართველოს, რომლის ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის ავანსად მიღების შემდეგ არათუ წევრობაზე მოლაპარაკებების გასახსნელად განსაზღვრული პირობების შესრულება არ დაუწყია, არამედ ღიად ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე გადავიდა, ევროინტეგრაციის პროცესი გაუყინეს და თუ ასე გაგრძელდა, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის საკითხიც შეიძლება, დადგეს დღის წესრიგში? წარმოიდგენდით, რომ „ოცნების“ ამ პოლიტიკის შედეგად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაყინვით გახარებული ოკუპანტი რუსეთი საქართველოს მმართველ გუნდს ქება-წახალისებას არ მოაკლებდა? წარმოიდგენდით, რომ ხელისუფლებასთან აფილირებული ჯგუფები საზოგადოებაში ქვეყნის ნეიტრალიტეტის წმინდად რუსული იდეის პოპულარიზებას მიჰყოფდნენ ხელს და ამ მიზნით ტელესიხშირეებსაც გამოუყოფდნენ, ოფისებსაც გაუხსნიდნენ, რუსეთიდნ დაფინანსებულ მათ „ტიტუშკებს“ კი კონსტიტუციაში გაწერილი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მხარდამჭერი აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაში წაახალისებდნენ, მათ შორის - სასტიკი ფიზიკური თავდასხმების გამოუძიებლობითა და დაუსჯელობით? წარმოიდგენდით, რომ ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლებასთან უშუალო კავშირში მყოფი ბიზნსემენები საქართველოში ბიზნესებს წამოიწყებდნენ, ჰექტრობით ტერიტორიებსა და ობიექტებს დაეპატრონებოდნენ? წარმოიდგენდით, რომ რუს პოლიტიკოსებსა და კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენებს საქართველოს პარლამენტში ვიხილავდით „სტუმრად“, ან თბილისის კაფეებში ქართველ დეპუტატებთან ისეთ „უმნიშვნელო“ თემებზე „სასაუბროდ“, როგორიც აფხაზეთია? წარმოიდგენდით, რომ თავად ქართველი დეპუტატები რუსეთთან ბიზნეს-პარტნიორულ ურთიერთობებში შევიდოდნენ და გვეტყოდნენ - „ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავთო“? წარმოიდგენდით, რომ საქართველოს გზებზე კადიროვის ბიჭების ავტოკოლონები იგრიალებდნენ, ქართულ კურორტებზე კი - ლავროვის ოჯახის წევრები? წარმოიდგენდით, რომ რუსეთის მოქალაქეები იმ რაოდენობით შემოვიდოდნენ ქვეყანაში, რომ აჭარაში, მაგალითად, ქუჩაში გასვლისას რომელიმე რუსულ ქალაქში გეგონება თავი? წარმოიდგენდით, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში არა მარტო ათასობით ბიზნესების წამოწყებისა და უძრავი ქონების შეძენის, არამედ მიწების შესყიდვის შესაძლებლობაც ექნებოდათ და თანამოქალაქეებსაც მოიწვევდნენ მათ საყიდლად - ახლა უკვე საქართველოში დასაქმებული კერძო მაკლერებისა და სარიელტერო კომპანიების სტატუსით? წარმოიდგენდით, რომ პუტინის ფონდებიდან დაფინანსებული რუსული ორგანიზაციები საქართველოში დაუბრკოლებლად ჩაატარებდნენ „სემინარებსა“ და „ტრენინგებს“ ქართველი პედაგოგებისთვის?... აქ კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება და ვერა, მე პირადად ამას ვერ წარმოვიდგენდი, თავი ახლაც სიზმარში მგონია, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე რეალობაა...
ავტორიტარიზმისკენ გადახრილი „ოცნება“ პარტნიორებსაც ავტორიტარულ რეჟიმებში ეძებს. ხელისუფლება, რომელიც საქართველოში ოკუპანტი რუსეთის გავლენის ხილულ ზრდას „მშვიდობისა და სუვერენიტეტის დაცვას“ უწოდებს, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებს, ირანის ლიდერებს უახლოესი პარტნიორის სადარად მიაგებს პატივს, საკუთარი ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით მრავალათწლეულოვანი დასავლელი პარტიორებისთვის ზურგის ქცევას კი თავად დასავლეთს აბრალებს - „ომში ვერ ჩაგვითრია, „მეორე ფრონტი“ ვერ გაგვახსნევინა და ამიტომ გვსჯისო“... არადა, „მეორე ფრონტი“ არც ზემოთ ხსენებულ მოლდოვას გაუხსნია, მაგალითად, მაგრამ რაკი მისმა ხელისუფლებამ, „ოცნებისგან“ განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის საკითხზე მოლაპარაკებების გასახსნელად განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულა, არც დასავლეთის საწინააღმდეგო სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს, არც აგრესორი რუსეთისთვის „პირის მობანას“ ცდილობს, არც ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს და პირიქით - როგორც სიტყვით, ისე საქმით აქტიურად მიიღწვის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ, ევროპაც მოლდოვას თავის კარს ფართოდ უღებს და ყოველმხრივ დახმარებას უზრდის. ასე, რომ „მეორე ფრონტსა“ და „დასავლეთის მიერ დასჯაზე“ საუბრები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და თუ ვინმე ვინმეს სჯის, „ოცნების“ ხელისუფლება სჯის საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში ავტორიტარიზმისკენ იმ გადახრით, რომელიც ქვეყანას ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციაში აქცევს, აგრესორი რუსეთის პირისპირ სრულიად დაუცველს ტოვებს, მაგრამ ივანიშვილსა და მის გუნდს ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებად ესახებათ.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერთა იმ მნიშვნელოვანი ნაწილის დასამშვიდებლად, რომელიც კვლავინდებურად მოსურნეა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ამ კურსის ცვლაზე თანხმობა არავისთვის მიუცია, პროპაგანდისტულ კონვეიერში უკვე ჩაშვებულია ახალი ნარატივი - თითქოს უკრაინაში ომის დასრულებლისთანავე საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან ურთიერთობა დაულაგდება. ამ დღეებში პრემიერმა კობახიძემ „იმედის“ ეთერში კვლავ გაიმეორა, რომ „ქართული ოცნების“ გათვლით, ომი მაქსიმუმ ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო როგორც კი რეგიონში ვითარება დამშვიდდება, ინტერესებიც მაშინვე გადალაგდება და რისკებიც რადიკალურად შემცირდება“. ანუ, ჩვენ ასე გავთვალეთ და დაგვიჯერეთო...
ოღონდ ერთია: მმართველი გუნდი არ აკონკრეტებს, ომის რა შედეგით დასრულების შემთხვევაში „დალაგდება ყველაფერი“, უკრაინის ომის რა შედეგით დასრულებას ისურვებდა თავად და რაც მთავარია, რა ესახება ამ „დალაგებად“. არადა რეალურად, საქართველოსა და რუსეთის სხვა მეზობლების ბედი დიდწილად სწორედ ომის შედეგზეა დამოკიდებული და თუ, ღმერთმა არ ქნას, უკრაინა დამარცხდება, ვერანაირი ივანიშვილი და „ოცნება“ ვერ დაიცავენ საქართველოს არათუ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ვითომდა უცვლელ კურსს, რომელიც „ოცნების“ მიერვე თავის დროზე სავალდებულოდ დასაცავად კონსტიტუციაშიც აისახა, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტსაც, რომლის „დაცვითაც“ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ იწონებს თავს: პუტინსა და მის იდეოლოგებს ხომ ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე ღიად აქვთ გაცხადებული, შემდგომში კი არაერთგზის გამეორებული, რომ „დიადი იმპერია უნდა გაფართოვდეს, სსრკ აღდგეს“ და „რუსსკი მირის საზღვრები არსად მთავრდება“.
შემთხვევითი როდია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში მცხოვრები და კრემლთან დაახლოებული ქართველების ახლადგამომცხვარი პარტიის „ინიციატივების“ საფუძველზე უკვე მიაღწია ორ ქვეყანას შორის ფრენების აღდგენას, საქართველოს რუსეთის მოქალაქეებით გადავსებას, ბიზნეს-კავშირების მნიშვნელოვნად გააქტიურებას, ამ და სხვა გზებით საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე საიმედოდ მიბმასა და საქართველოს პარტნიორების ბანაკში დასავლეთის ქვეყნების რუსეთის მოკავშირეებით ჩანაცვლებას, მოსკოვში მზად არიან, ახალ საფეხურზე გადავიდნენ - და უკვე ალაპარაკდნენ აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო გახსნაზე, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენაზე, საქართველოს პუტინის ОДКБ-ში შესაძლო გაწევრიანებასა და არაერთ სხვა რამეზეც, რასაც სულ რამდენიმე წლის წინ კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ ვნახავდით.
თუმცა სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერთა იმ ნაწილისთვის, რომელსაც მსგავსი პერსპექტივა სულაც არ მოსწონს და ამის გამო შესაძლოა, 26 ოქტომბერს „ოცნებისთვის“ არასასურველი არჩევანი გააკეთოს, უკვე მომზადებულია და პროპაგანდისტულ კონვეიერში ჩაშვებულიც კი დევ ერთი ნარატივი - „პრაგმატული“ ლოიალობის სანაცვლოდ რუსეთმა შესაძლოა, სოხუმი და ცხინვალი დაგვიბრუნოსო... ვისაც გჯერათ, გირჩევთ, გულდასმით გაეცნოთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს, თავად დარწმუნდეთ, რომ რუსეთი საქართველოსთვის არათუ რაიმეს დაბრუნებაზე ფიქრობს, არამედ ოკუპაციიდან უკვე აქტიურ ანექსიაზეა გადასული, რაზეც „ოცნება“ ბოლო დროს განცხადებების დონეზეც კი დიდად აღარ რეაგირებს. გირჩვეთ ასევე, მოიძიოთ მედვედევის განცხადება - „საქართველომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში შეიძლება, დაიბრუნოსო“. გირჩევთ, გაიხსენოთ რუსეთის მიერ ოჩამჩირეში არსებული ძველი ბაზის გაფართოებისა და ახალ სამხედრო-საზღვაო ბაზად გარდაქმის გეგმა, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია... თუ ამ ყველაფრის მიუხედავად, ვინმეს კიდევ გჯერათ, რომ მოსკოვი თბილისისთვის რამის დაბრუნებაზე ფიქრობს მაინც, რა გაეწყობა? - ნეტარ არიან მორწმუნენი...
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021