ევროპის მეშვიდე ქვეყანამ დაიწყო რუსულის ნაცვლად აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა

02-08-2024 14:28:34 კავკასია ,ევროპა

აზერბაიჯანი აგრძელებს გაზის მიწოდების ზრდას ევროპაში, რომელსაც რუსეთი თითქმის მთლიანად აკონტროლებდა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში – უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე.

1 აგვისტოს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება სლოვენიაში დაიწყო.იტყობინება აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაცია SOCAR.

„მიწოდება ხორციელდება 17 ივლისს SOCAR-სა და სლოვენიის ბუნებრივი გაზის უმსხვილეს კომპანია Geoplin-ს შორის გაზის მიწოდების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად “, - ციტირებს Deutsche Welle SOCAR–ის პრესსამსახურს.

სლოვენია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებამდე გაზის მოხმარების დაახლოებით 40%-ს "გაზპრომის" მიწოდების ხარჯზე უზრუნველყოფდა, გახდა მეშვიდე ევროპული ქვეყანა, რომელიც გადაერთო აზერბაიჯანის მიმართულებაზე.

მანამდე იტალიამ, საბერძნეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა და სერბეთმა დაიწყეს გაზის შესყიდვა SOCAR–ისგან. გარდა ამისა, აზერბაიჯანული გაზი მიედინება საქართველოსა და თურქეთში.

2023 წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე 23,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა, აქედან დაახლოებით ნახევარი - 11,8 მილიარდი კუბური მეტრი - ევროპის ბაზარზე გავიდა. 2024 წელს მიწოდება უნდა გაიზარდოს შესაბამისად 25 და 13 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ხოლო 2027 წლისთვის ევროკავშირი ყოველწლიურად 20 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვას გეგმავს, განაცხადა მარტში ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა.

რუსული მილსადენის გაზის ექსპორტი ევროპაში გასულ წელს 28 მილიარდ კუბურ მეტრამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1970-იანი წლების ბოლოდან. ევროკომისიის შეფასებით, ომამდელ დონესთან შედარებით, მიწოდება თითქმის 5-ჯერ შემცირდა, ხოლო "გაზპრომის" წილი ევროპულ ბაზარზე სამჯერ – 45-დან 15%-მდე. 2024 წელს ევროპაში უნგრეთი, სლოვაკეთი და ავსტრია აგრძელებენ რუსული გაზის მიღებას მილებით.