თორნტონი "ოცნებას" "ტრამპზე ნატვრისას" სიფრთხილისკენ მოუწოდებს: "იზოლაციონისტური აშშ სიამოვნებით დაუშვებს საქართველოს კრემლის გავლენის სფეროში შთანთქმას"

02-08-2024 15:53:37 პოლიტიკა ,კომენტარი

გერმანიის მარშალის ფონდის "დემოკრატიის დაცვის ალიანსის" ხელმძღვანელი ლორა თორნტონი "ქართულ ოცნებას" აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში "დოლანდ ტრამპის გამარჯვებაზე ნატვრისას" სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

იგი მიიჩნევს, რომ "ტრამპსა და "ქართულ ოცნებას" მართლაც ბევრი რამ აქვთ საერთო", თუმცა, მისი თქმით, იქედან გამომდინარე, რომ "ტრამპის გეგმაა, საგარეო დახმარება გლობალურად შეამციროს და უფრო იზოლაციონისტური პოლიტიკა განახორციელოს, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ იგი საერთოდ არ იზრუნებს საქართველოზე".

"ტრამპს და "ქართულ ოცნებას" მართლაც ბევრი რამ აქვთ საერთო, კერძოდ, ილიბერალიზმი, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები და ქრისტიანული ნაციონალიზმისკენ გადახრა, ასევე მათი საერთო საუბრის თემები კრემლთან, საერთო ხედვები ორბანის შესახებ, უკრაინის მხარდაჭერის მიმართ სკეპტიციზმი, იზოლაციონიზმი და სოროსისა და ე.წ. "გლობალური ომის პარტიის" შესახებ კონსპირაციული თეორიების პროპაგანდა", – აცხადებს თორნტონი.

მისი ვარაუდით, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში მისი ადმინისტრაციის მხრიდან საგარეო პოლიტიკისა და დახმარების მიმართ უარყოფითი გავლენა უფრო მკვეთრი იქნება:

"ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სენატისა და წარმომადგენელთა პალატის შემადგენლობაზე ზოგიერთი საგარეო პოლიტიკის პოზიციასთან დაკავშირებით, ასევე ტრამპის დანიშვნებზე სახელმწიფო დეპარტამენტსა და USAID-ში. როგორც გასულ წელს Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დავწერე, ჩვენ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის მხრიდან საგარეო პოლიტიკისა და დახმარების მიმართ უარყოფითი გავლენა ვიგრძენით ჩვენს უნარზე, დავიცვათ ლიბერალური დემოკრატია, უმცირესობათა უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება, და [ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში] მეორე [უარყოფითი გავლენა] სავარაუდოდ, უფრო მკვეთრი იქნება".

ამასთან, მან განმარტა, მისი შეფასებით, რა განსხვავებაა გლობალურ დემოკრატიის მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციისა და ტრამპის პოზიციებს შორის.

"ბაიდენის ადმინისტრაციამ მტკიცე პოზიცია დაიკავა გლობალურ დემოკრატიასთან მიმართებით, ამხელს ისეთ ლიდერებს, როგორიცაა ორბანი და სხვები, მაშინ როცა ტრამპი აღფრთოვანებულია ამ ლიდერებით. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ნაკლებად იზრუნებდა "ქართული ოცნების" რეგრესულ ტაქტიკასა და დემოკრატიაზე თავდასხმებზე, ალბათ, გააუქმებდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ სადამსჯელო ზომებსაც. მაგრამ უფრო მეტად სავარაუდოა, რომ საერთოდ არ იზრუნებს საქართველოზე, რადგან მისი გეგმაა გლობალურად შეამციროს საგარეო დახმარება და განახორციელოს უფრო იზოლაციონისტური პოლიტიკა", – განაცხადა მან.

მისი შეფასებით, "იზოლაციონისტური აშშ სიამოვნებით დაუშვებს საქართველოს კრემლის გავლენის სფეროში შთანთქმას":

"გარდა ზემოთხსენებულისა, ტრამპს დაგეგმილი აქვს უკრაინისთვის მხარდაჭერის შემცირება და სავარაუდოდ, NATO-სთვისაც, რაც მრავალ უარყოფით თანმდევ ეფექტს გამოიწვევს რეგიონში და კიდევ უფრო არასტაბილურს გახდის მას. ვფიქრობ, "ქართულმა ოცნება" ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რასაც ნატრობს, რადგან იზოლაციონისტური აშშ საერთოდ არ გახდის საქართველოს უფრო უსაფრთხოს და სიამოვნებით დაუშვებს საქართველოს კრემლის გავლენის სფეროში შთანთქმას".

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

  • "აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებდა. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები არ დაკონკრეტებულა.
  • 4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
  • 9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
  • 10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.
  • 31 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას უჩერებს.

აშშ–ის რეაგირების საპასუხოდ "ქართული ოცნება" არანაირ ნიშანს არ აჩენს, რომ კურსი შეცვალოს. უფრო მეტიც, მმართველი პარტია აშშ–სთან ურთიერთობების შეცვლისა და უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების კუთხით იმედებს ტრამპის გამარჯვებაზე ამყარებს.

  • „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მითუმეტეს ამხელა ქვეყნის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით. ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას. დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი. „ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 ივლისს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები