„თუ კრიტიკას შესაბამისი ქმედება არ მოჰყვა, აუცილებლად აისახება აშშ–ის პოლიტიკაზე“

24-01-2020 13:53:59 საგარეო პოლიტიკა ,ინტერვიუ

თუ აქამდე აშშ–ის კონგრესიდან წამოსული კრიტიკის საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ კონგრესმენების „თავებს ითვლიდნენ“ და მათაც ლობიზმში, თუ „ფეიკ–ნიუსების“ გავლენის ქვეშ მყოფებად წარმოგვიდგენდნენ, დღეს ამ „ფეიკ–ნიუსების“ „მიმწოდებელთა“ რიცხვი გაფართოვდა, მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ–ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა თქვა რა, რომ „ის ადამიანები, ვისაც მათთან [კონგრესმენებთან] ჰქონდათ ურთიერთობა, ჩვენი გუნდის წევრები, აღარ არიან და როგორც ჩანს, ინფორმაციის ნაკლებობა არისო“. ამდენად, ოხანაშვილმა ყოფილი თანაგუნდელები ირიბად დაადანაშაულა ან არაეფექტურ მუშაობაში, ან დეზინფორმაციის გავრცელებაში. მას მხედველობაში უნდა ჰყავდეს ის დეპუტატები, რომელთაც „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ისტორიული დაპირების ჩაგდების შემდეგ დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა. „აქცენტი“ სწორედ ერთ–ერთ მათგანს, ამჟამად დამოუკიდებელ დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა ტენდენციად ქცეულ კრიტიკაზე, მმართველი გუნდის მიერ მის აღქმაზე და პროცესების შესაძლო კულმინაციაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი: ანრის [ოხანაშვილი] განცხადებას ვერ შევაფასებ, არ მომისმენია, უბრალოდ, ვფიქრობ, ამ კრიტიკის მიმართ დამოკიდებულება ალბათ, სხვანაირი უნდა იყოს: როდესაც აჟღერებს კრიტიკას საერთაშორისო ორგანიზაცია, მით უმეტეს, სახელმწიფო სტრუქტურა, ან მისი წარმომადგენელი კონგრესმენი, რომელიც მუდმივად ჩართულია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში, საქართველოს ერთ–ერთი მთავარი ლობისტია, მას ინფორმაციის ნაკლებობა არ შეიძლება, ჰქონდეს. ის შესაძლოა, სხვადასხვა წყაროებიდან იღებდეს ინფორმაციას, მაგრამ ცდილობს, ფლობდეს მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას. მან მიიღო წერილი მთავრობისგან, მასთან „ქართული ოცნების“ დელეგაცია იყო ჩასული და შეეძლოთ, განმარტებები გაეკეთებინათ. თუ ეს არ არის საკმარისი, კიდევ უფრო მეტი განმარტება უნდა მოხდეს, რადგან კონგრესმენების წერილში დასმული საკითხები ძალიან პრობლემატურია და ამ პრობლემებს გადაწყვეტა, დღის წესრიგიდან მოხსნა სჭირდება. სხვა შემთხვევაში, კრიტიკა გაიზრდება. ამდენად, მაქსიმალური ინფორმირებაა საჭირო და იმ შიდაპოლიტიკური საკითხების მოგვარება, რომელზეც ეს წერილია აგებული. აქ მეთოდზე არ არის საუბარი. ახლახან საკმაოდ მაღალკვალიფიციური ადამიანები იყვნენ ჩასულები აშშ–ში და დარწმუნებული ვარ, ინფორმაციასაც მიაწვდიდნენ.

მმართველი გუნდის წევრები პოზიციონირებენ, რომ მათ აშშ–ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვთ, აქცენტირებენ მხარდამჭერ აქტზე, რომლის ფორმალური ინიციატორიც სწორედ კინზინგერი (კონგრესმენი, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრისთვის მიწერილი კიდევ ერთი კრიტიკული წერილის თანაავტორი და აშშ–ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა) იყო, მეორეს მხრივ, საუბრობენ, რომ მათ თურმე ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ და ოპოზიციის გავლენის ქვეშ არიან. ეს რამდენად ადეკვატური მდგომარეობაა?

ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ახლაც აქვს, კრიტიკაც ორპარტიულია, თუმცა ამ შემთხვევაში კრიტიკა მიმართულია არა სახელმწიფოს, არამედ ხელისუფლების მიმართ. კრიტიკა, რომელიც იწყება კონგრესში ერთ–ერთი გავლენიანი ჯგუფის მიერ, ჯგუფის, რომელიც ყველაზე მეტადაა აქცენტირებული საქართველოსთან თანამშრომლობაზე, მან შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს უკვე სახელმწიფოს პოლიტიკაზე: თეთრი სახლის და სახელმწიფო დეპარტამენტის დამოკიდებულებაზე. შესაძლოა, დროთა განმავლობაში (არა რამდენიმე, ერთი წლის განმავლობაში) ეს აისახოს სახელმწიფო პოლიტიკის შინაარსზეც. სწორედ ამიტომ უნდა მოეკოდონ ამ საკითხებს ფრთხილად. კონგრესი მართლაც არის ის ორგანო, რომელიც დიდწილად განაპირობებს სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებას. ამას უსმენს სახელმწიფო დეპარტამენტი, უსმენს პრეზიდენტი და ამ განწყობებზე ეგება მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკა. რა თქმა უნდა, სტრატეგიული თანამშრომლობა არც ერთი პარტიის დამსახურება და კუთვნილება არ არის: ამ პროცესში საქართველოს ყველა ხელისუფლებას და პარტიას თავისი წვლილი აქვს შეტანილი, ამიტომ ამას ასე მარტივად ვერ შეცვლის ვერც ერთი ხელისუფლება. მაგრამ ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური გუნდის მიმართ არის კრიტიკა, ეს ფაქტია და ამას სჭირდება არა მოლოდინი, რომ მას ვინმე დაივიწყებს, არამედ არგუმენტებით გაქარწყლება.

ანუ მმართველი გუნდის წევრებს პარტიისა და სახელმწიფო მიმართ მხარდაჭერა ერთმანეთში ერევათ, თუ შეგნებულად აპელირებენ?

კონკრეტულ განცხადებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ვსაუბრობ ზოგად მდგომარეობაზე. ავიღოთ თუნდაც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებული განცხადება, იქაც იყო კრიტიკული მინიშნებები: სასამართლო რეფორმა; გენერალური პროკურორის დანიშნვა არ უნდა იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი მხრიდან პოლიტიკურად მიკერძოებული პროკურორის დანიშვნის შესაძლებლობის ვარიანტი განიხილება. ანუ, დეკემბრის განცხადებაში გაფრთხილებაც იყო ჩადებული. ამდენად, სიგნალები არის, ეს სიგნალები მზარდია და თუ გვაქვს სურვილი, მათთან ვითანამშრომლოთ და გამოხატული მხარდაჭერა გვქონდეს, კრიტიკას პასუხი უნდა გავცეთ სახელმწიფომ, უპირველესად მმართველმა პარტიამ.

რაც შეეხება პრემიერის პასუხს, იყო ერთი პასაჟი, „ალბათ, წერილები არ არის ის ფორმა, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები უნდა ურთიერთობდნენო“, ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ?

რა თქმა უნდა, სტრატეგიული ურთიერთობა მხოლოდ წერილები არ არის: რეალურად არსებობს უამრავი ფორმატი, მაგრამ კონგრესმენს ვერავინ აუკრძალავს, ჰქონდეს თავისი განსაკუთრებული პოზიცია და განსაკუთრებული ფორმა, ისევე, როგორც პარლამენტარს – პარლამენტარი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. პრემიერმა ისიც განაცხადა, რომ მზადაა, ყველა დასმულ საკითხს უპასუხოს და მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია, თუ ამის საჭიროება არსებობს. ეს სწორედ ესაა ის, რაც უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია პრობლემა არა ინფორმაციის ნაკლებობაში, არამედ იმაშია, რომ არასწორი რაღაცეები კეთდება, მათ შორის საარჩევნო სისტემის თაობაზე, ოპოზიციასთან წარმოებული თითქოს დიალოგის კუთხით, რომელიც ამ ეტაპზე ვერანაირ შედეგს ვერ გვაძლევს.

ან აწვდიან ინფორმაციას, რომელიც უბრალოდ დამაჯერებელი არ არის...

ვფიქრობ, დღეს კრიტიკა გამომდინარეობს არა იქიდან, რომ ინფორმაციას ვინმე აწვდის არასწორად, არამედ იქიდან, რომ ქვეყნის შიდაპოლიტიკაში ხარვეზებია დემოკრატიის თვალსაზრისით.

მმართველი გუნდის წევრები კრიტიკული წერილის საპასუხოდ ამბობენ იმასაც, რომ „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციაო“. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს „სიგნალები“ სწორედ იქითკენ მიდის, რომ საბოლოოდ სწორედ ვაშინგტონის განცხადებაში აისახოს კრიტიკული გზავნილები უფრო მწვავედ, ვიდრე აქამდე იყო?

ეს პროცესია. ყველა ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით აშშ–ში კონგრესს, რომელიც განსხვავებული პოლიტიკური ძალის მიერ არის კონტროლირებული, ვიდრე თეთრი სახლი, ყოველთვის მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე. ამიტომ, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ყოველთვის უნდა გაუწიოს ანგარიში, რა განწყობებია კონგრესში. მით უმეტეს მაშინ, როდესაც კონგრესის „რესპუბლიკელი“ და „დემოკრატი“ წარმომადგენლები კრიტიკას ერთობლივად აფიქსირებენ, თეთრ სახლს და სახელმწიფო დეპარტამენტს კიდევ უფრო მეტად მოუწევთ, გაითვალისწინონ ის და მეტად ასახონ პოლიტიკაში. ამდენად, თუ კრიტიკას ადეკვატური პასუხი არ გაეცა და არ მოჰყვა შესაბამისი მოქმედებები, ეს აუცილებლად აისახება აშშ–ის საგარეო პოლიტიკის გარკვეულ მიმართულებებში. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო იქნება და შეარყევს არა ამერიკა–საქართველოს ურთიერთობებს, არამედ კონკრეტული პოლიტიკური გუნდის მიმართ აშშ–ის ნდობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები