“ოცნების” წინასაარჩევნო “ნათელი” აწმყო და მწარე ქართული რეალობა

21-08-2024 18:38:05 ანალიზი

მმართველი გუნდი, რომლისგანაც საქართველოს მოსახლეობას 12 წლის განმავლობაში ხმამაღალი წინასაარჩევნო დაპირებები გაცილებით მეტი ახსოვს, ვიდრე შესრულებული, წინასაარჩევნოდ ქვეყნის ნათელი აწმყოს ილუზორულ სურათს სახავს და ცდილობს, ეს ილუზორული სურათიც პირად დამსახურებად წარმოაჩინოს.

ასე, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, "ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან "ქართულმა ოცნებამ" გაანახევრა უმუშევრობა, 3-ჯერ შეამცირა სიღარიბე და დღეს ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ლიდერები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით".

"ეს მაჩვენებლები კარგად წარმოაჩენს იმ ძირითად მიზეზს, რატომაც ბოლო 12 წლის ყველა ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი „ქართულ ოცნებას" დაუჭირა", - ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი საქართველოში უმუშევრობის დონისა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობის შემცირების შესახებ ამასწინანდელ - ისევ და ისევ "ოცნებისეულ" სტატისტიკურ მონაცემებს.

ამასთან, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორების არაერთი უკიდურესად კრიტიკული ანგარიშის მიუხედავად, იგი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი "დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით შთამბეჭდავ შედეგებთან ერთად" ხდება.

"ვამაყობთ აღნიშნული ეკონომიკური მიღწევებით, რაც არის ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი განვითარების და საქართველოს აღმშენებლობის მთავარი წინაპირობა,” - წერს სოცქსელში პარლამენტის თავმჯდომარე.

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო…

მეც სიამოვნებით დავიჯერებდი, რომ საქართველოში ყველანი ვყვავით, მომავალი კი კიდევ უფრო ნათელი გველის, მაგრამ რა ვუყოთ იმ სულ სხვა, არაოცნებისეულ რეალობას, გამყარებულს ასევე არაოცნებისეული - სანდო საერთაშორისო ინსტიტუტების სტატისტიკით, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ მმართველ გუნდს არათუ არაფერი აქვს საამაყო, არამედ მმართველობის 12 წლის თავზე სირცხვილით უნდა იწვოდეს და წინასაარჩევნოდ გამალებით ზრუნავდეს გაფუჭებულის გამოსწორებაზე?

ამჯერადაც უშველით კი “ოცნების” წარმომადგენლებს “მიღწევების” შესახებ ხმამაღალი განცხადებები, მაგალითად, მიგრაციის კუთხით არსებული კატასტროფული მაჩვენებლების ფონზე, რომელიც, სამწუხაროდ, არა საარაკო ილუზიის წინასაარჩევნო პროპაგანდირებაა, არამედ ქვეყნის დამამწუხრებელი რეალობა?

გადაფარავს კი “მეოცნებეთა” მსგავსი განცხადებები, მაგალითად, იმ ფაქტს, რომ მართალია, საქართველო სამხრეთ აფრიკასა და კიდევ 6 ახალდამატებულ ქვეყანასთან ერთად 2018 წლიდან უსაფრთხო სახელმწიფოების სტატუსით სარგებლობს, მაგრამ 2020 წელს ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა 20% სწორედ საქართველოს მოქალაქეებზე მოდიოდა, ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი გაკვირვებას ვერ მალავდნენ, რატომაა, რომ უსაფრთხო ქვეყანას ბოლო წლებში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს? და მათი გაკვირვება არცაა გასაკვირი: თუ 2020-ში ირლანდიაში საქართველოდან ამ სტატუსის მხოლოდ 41 მაძიებელი იყო აღრიცხული, 2022-ში მათი რაოდენობა უკვე 2710-ს შეადგენდა, 2023-ში კი - 3377-ს!

ანალოგიური ვითარებაა სხვა ევროპულ მიმართულებებზეც. ბოლო წლებში საქართველო სტაბილურად შედის იმ ქვეყნების ათეულში, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ თავშესაფარს გერმანიაში, ქვეყანაში საქართველოდან ჩასული მოქალაქეების რაოდენობამ კი ირანიდან, სომალიდან და ერითრეიდან ჩასულთა რიცხვს გადააჭარბა.

თებერვალში ევროკავშირის თავშესაფრის საკითხთა სააგენტომ გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის თანახმად, ევროპაში თავშესაფრის მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა გაორმაგდა და ამ შედეგით ქვეყანა წამყვან ათეულში მოხვდა სირიის, ვენესუელის, ავღანეთის, კოლუმბიის, პაკისტანის, ერაყის, ბანგლადეშის, თურქეთისა და ომის მდგომარეობაში მყოფი უკრაინის მხარდამხარ.

ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი გადინების კიდევ ერთი მიმართულება აშშ-ია. ამასთან, ამერიკაში მოხვედრას ქართველები უმთავრესად არალეგალური გზით - მექსიკის გავლით ცდილობენ 15-20 ათასი დოლარისა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური რისკის ფასად. ამასთან, საგულისხმოა, რომ მათ შორის არიან არა მარტო უმუშევრობით გატანჯული მოქალაქეები, არამედ საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურებისა და ქართული ბანკების თანამშრომლებიც.

კვლევით ცენტრ PNC-ს მონაცემებით, „ოცნების“ მმართველობის პერიოდის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის უკვე 23%-მა გადაინაცვლა და ამ მოქალაქეთა მთავარი მოტივაცია ოჯახების რჩენაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ემიგრანტთა უდიდეს ნაწილს უმაღლესი განათლების მქონე, 20-დან 35 წლამდე ასაკისა და ხშირ შემთხვევაში საქართველოში სამსახურის მქონე მოქალაქეეები შეადგენენ...

აქამდე „ოცნების“ ხელისუფლება ემიგრაციის ამ კატასტროფულ მაჩვენებლებს ქვეყნის ევროინტეგრაციასა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს უკავშირებდა - აქაოდა, ჩვენი ევროინტეგრაციული ძალისხმევის შედეგად მოქალაქეებს ეს შესაძლებლობა შეექმნათ და სარგებლობენ კიდეცო...

მაგრამ რა ვუყოთ რამდენიმე „უმნიშვნელო“ დეტალს, რომელიც „ოცნებას“ წესით, უხერხულობას მაინც უნდა უქმნიდეს? მაგალითად:

1. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში “ოცნების” დამფუძნებელი, ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ “ევროპელებს აქვთ სამუშაო ადგილები და აკლიათ სამუშაო ძალა, ჩვენ კი არა გვაქვს სამუშაო ადგილები - ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა, ამიტომაც აქტიურად ვმუშაობთ ევროპის ქვეყნებთან ჩვენი მოქალაქეების სეზონურ სამუშაოებზე გასაშვებადო”;

2. სწორედაც რომ „ოცნების“ და წორედაც რომ აქტიური ძალისხმევის შედეგად ქვეყნის ევროინტეგრაცია (იმედია, დროებით) ოფიციალურად უკვე გაიყინა, ხოლო რაკი საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა და ანტიდემოკრატიულად შეფასებული ნაბიჯები კვლავინდებურად გრძელდება და ამ ფონზე დასავლური დახმარებები ნაბიჯ-ნაბიჯ წყდება, მოსახლეობაში არსებობს როგორც ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გაუქმების, ისე საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური ვითარების კიდევ უფრო მეტად დამძიმების საფუძვლიანი მოლოდინი;

3. ქართველები გარბიან იმ ქვეყნებში, რომელთა შორისაც, „ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცებით, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერობს და ამავდროულად, რომელთაც სახელისუფლებო პროპაგანდა, კრემლის მსგავსად, საქართველოს მტრებად, გარყვნილების ბუდედ, „გლობალური ომის პარტიად“ წარმოაჩენს.

ბოლო პუნქტში მოყვანილი, მათ შორის, იმის უტყუარი ნიშანია, რომ „ოცნების“ განგრძობადად მძლავრი ანტიდასავლური პროპაგანდა არც ისე ეფექტურია, როგორც მისი დამკვეთ-განმახორციელებლები ისურვებდნენ და მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების არ სჯერა.

ეს კი, თავის მხრივ, მყარო საფუძველია „ოცნებისთვის“, რომელიც საჯაროდ საკუთარ თავს ოქტომბრის არჩევნებში ლამის 60%-იან შედეგს უწინასწრმეტყველებს, სულაც არ იყოს მშვიდად, „საამაყო მიღწევებისა“ და მოსახლეობის “ უდიდესი ნაწილის ურყევი მხარდაჭერის“ შესახებ ხმამაღალი განცხადებების იმედად.

მით უფრო, რომ ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომლითაც ხელისუფლების წარმომადგენლებს ასე უყვართ თავის მოწონება, მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ ემიგრანტების ფულად გადმორიცხვებთანაა დაკავშირებული, რომლებმაც საქართველო იძულებით დატოვეს და დასავლეთში დაუღალავად შრომობენ ოჯახების სარჩენად.

ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის დროიდან, 2012 წლიდან გადმორიცხვების მაჩვენებელი 76%-ით არის გაზრდილი და 2021 წელს ქვეყნის მშპ-ის უკვე 13%-ს შეადგენდა.

და რა ილუზიებსაც არ უნდა გვიქმნიდეს წინასაარჩევნოდ ხელისუფლება, ფაქტია, რომ ემიგრანტების უმრავლესობას ქვეყანა "საამური ყოფის" გამო არ დაუტოვებია: ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ საქართველოდან გადინების მთავარი მიზეზები უმუშევრობა, სიღარიბე, უპერსპექტივობა და უსაფრთხოების კუთხით დაუცველობაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები