21-08-2024 23:11:08 ანალიზი
იმ დღის ბოლოს, როცა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა აფხაზეთში საქართველოს ერთბაშად ოთხი მოქალაქე დააპატიმრა, ახალგორის მიმართულებით კი - მეხუთე, “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები მორიგ ხმამაღალ საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ “12-წლიან უწყვეტ მშვიდობაზე” და იმაზე, რომ “ქვეყნის სუვერენიტეტის, მშვიდობისა და განვითარების მთავარი გარანტი “ოცნება” და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია”.
რამდენად შეიძლება, “მშვიდობა” ეწოდოს ვითარებას, როცა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია არ წყდება, ქვეყნის მოქალაქეებს კი ოკუპანტები სრულიად დაუსჯელად იტაცებენ, ფიზიკურად უსწორდებიან, რიგ შემთხვევებში კლავენ კიდეც და როგორც უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე გამყოფი ხაზების მიმდებარედ თავს დაცულად არავინ გრძნობს - ეს ყველამ ვიცით. მაგრამ უკანონო ბორდერიზაციას, მოქალაქეთა გატაცებებს, ძარცვას, ცემასა და მკვლელობებს დღეს საღამოს მცხეთის წინასაარჩევნო შეხვედრაზე დაჯავშნული მინის ბარიერს ამოფარებული "ქართული ოცნების" ლიდერშიფი (რა გასაკვირია და) არ ახსენებდა. უშუალოდ 21 აგვისტოს ფაქტები ახსენა პრემიერმა კობახიძემ, მაგრამ მანაც - მხოლოდ დაკავებულთა გასათავისუფლებლად "ტრადიციულად, ყველაფრის გაკეთების" დაპირების კონტექსტში და ტრადიციულად, რუსი ოკუპანტების ბრალეულობის ხსენების გარეშე.
მცხეთის შეხვედრამდე კი, დღის განმავლობაში ამ ფაქტების კომენტირებისგან მთელი "ოცნება" გულმოდგინედ იკავებდა თავს. დუმდა ყველა, დეპუტატ ბექა ოდიშარიას გარდა, თუმცა ასეთ გამოხმაურებას ალბათ, ის სჯობდა, რუსი ოკუპანტების მორიგ დანაშაულს ისიც, თანაგუნდელების მსგავსად, წაყრუებით შეჰხვედროდა. ოდიშარიამ ხომ მომხდარში თავად უკანონოდ დაკავებულთა ბრალეულობაზე მიანიშნა - “თუ ადამიანი ფულს იღებდა იმაში, რომ ადამიანებს ეს ადმინისტრაციულ-საოკუპაციო საზღვარი გადაეკვეთათ, ესე იგი, სამწუხაროდ, ამ ადამიანმა ასევე შეუწყო ხელი იმას, რომ იგი დაეკავებინათო”.
მმართველი პარტიის წარმომადგენლის ამ სიტყვებს პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა. ერთ-ერთი პირველი, ვინც აღშფოთება გამოხატა, დეპუტატი თეონა აქუბარდია იყო, რომლის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლის მსგავსი კომენტარი შემთხვევითი სულაც არ ყოფილა:
“წარმოუდგენელია, რომ ოკუპანტების მისამართით გამამართლებელი განცხადებები კეთდება მაშინ, როცა ჩვენს დაკავებულ მოქალაქეებს არცთუ მცირე საპატიმრო ვადები ელით. ეს ცალსახა სიგნალია მმართველი პარტიისგან და ნათლად წარმოაჩენს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისადმი მისი გულგრილობის დონეს იმ პირობებში, როცა საქართველოს მოქალაქეების დაცვა ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებააო!“.
არ დაუტოვებია უკომენტაროდ ოდიშარიას განცხადება არც საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ემოციური პოსტი სოცქსელში გამოაქვეყნა:
„სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ! საერთოდ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე, რას გულისხმობს და უარესი, კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე. ეს, როგორც სჩანს, ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების „ოცნებისეული” ხედვაა, რისთვისაც თურმე, საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათო!”.
საკონსტიტუციო უმრავლესობა კი, რომელიც პოსტში პრეზიდენტმა ახსენა, “ქართული ოცნების” ლიდერშიფმა მოქალაქეებისგან დღესაც ღიად მოითხოვა. და დღესაც, წინა შემთხვევის მსგავსად, ამ მოთხოვნის ერთ-ერთ მიზეზად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის “ყოველ წუთს მოსალოდნელი” აღდგენისთვის მზაობის “აუცილებლობა” დაასახელა.
“დღეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიურად იცვლება. ნებისმიერ დროს შეიძლება, დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში უნდა გადაისინჯოს ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ დროსაც კი აუცილებლად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინაღობას შეუქმნის, რისი დაშვებაც არ შეიძლება. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაბრკოლების გარეშე განახორციელოს” - განაცხადა მცხეთის შეხვედრაზე “ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ქვეყნის ფაქტობრივმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა.
თუმცა როგორც კონსტიტუციონალისტებს, ისე კონფლიქტოლოგებსა და პოლიტოლოგებს მმართველი გუნდის მიერ დასახელებული ეს მოტივი დიდად საეჭვოდ მიაჩნიათ და ვარაუდობენ, რომ მმართველი გუნდის რეალური მოტივი სულ სხვაა.
“ჯერ ის ვთქვათ, რა არის საჭირო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. კონსტიტუციის თანახმად, ასეთ შემთხვევაში საქართველოში პარლამენტი ორპალატიანი უნდა იყოს. შესაბამისად, საჭირო იქნება კონსტიტუციაში თითოეული პალატის უფლებამოსილებების, შემადგენლობის, ასევე ახალი პალატის არჩევის სისტემისა და წესების განსაზღვრა. და ყველა ეს საკითხი, ბუნებრივია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებთან ერთობლივად უნდა გადაიჭრას. ეს, ცხადია, საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს. მაგრამ რატომაა ამისთვის საჭირო, ერთ პარტიას, ამ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს - ეს სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელია. ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენის აუცილებლობაზე ხომ პარლამენტში წარმოდგენილი უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია საუბრობს! თითოეული პარტია იქნება პასუხისმგებელი და ეცდება, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები სადღეისოდ სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებთან ერთობლივად განახორციელოს. ასე, რომ ამისათვის ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლბა ნამდვილად არ დგას - მე ვიტყოდი, ზუსტად პირიქით უნდა იყოს, რადგან როცა საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი, მით უფრო როცა საქმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეხება, გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი თანხმობის საფუძველზე უნდა მიიღებოდეს, საზოგადოება კი ამ შემთხვევაში სხვადასხვა პარტიებითაა წარმოდგენილი. შესაბამისად, ეს უნდა იყოს პარტიათა შეთანხმება და არა ერთი პარტიის დიქტატი, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს დემოკრატიული მართვის სისტემასთან” - განმარტავს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე და იქვე იმ ფაქტსაც უსვამს ხაზს, რომ ჯერჯერობით სოხუმისა და ცხინვალის მხრიდან საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებისთვის არანაირი მზადყოფნა არ შეიმჩნევა და ნაკლებ სავარაუდოა, უახლოეს ოთხ წელიწადში გამოიკვეთოს.
ძალზე არადამაჯერებლად მიაჩნია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოთხოვნის “ოცნებისეული” არგუმენტაცია კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილსაც.
"რასაც ბოლო წლებში ვადევნებთ თვალს, რეალურად, არის ის, რომ “ოცნება” მეთოდურად უთმობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სიტუაციას რუსეთს (გახსოვთ, ლუკაშენკო რომ ჩავიდა, “ოცნებამ” - რა მოხდა მერეო?! წაუყრუა ბიჭვინთის ამბავს, წაუყრუა აპარტამენტების თემას და ა.შ.). “ოცნების” მოქმედების ლოგიკა რუსული ანექსიისთვის წაყრუებაშია. თუ ასეა, ერთადერთი, რაც ამას ხელს უშლის, არის საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ქვეყნის ტერიტორიის განუყოფელობის შესახებ და თუ კონსტიტუციაში რამე შეიძლება, შეიცვალოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით, ეს ამ ჩანაწერის გაუქმებაა! როგორც ჩანს, დაგეგმილი აქვთ, შეამზადონ საზოგადოება მსგავსი განცხადებებით - აქაოდა, “ჩვენ ეხლა ტერიტორიებს ვიბრუნებთ, მაგრამ ეს მუხლი ამ სახით ხელს გვიშლის, ამიტომაც უნდა გავაუქმოთ და სხვა ფორმით შემოვიყვანოთო”, ან რაიმე მსგავსი… ეს იქნება უდიდესი მზაკვრობა და ბოროტება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამდენად, კატეგორიულად დაუშვებელია, “ოცნებამ” მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან ამ ხალხს ვიცნობ და ვიცი, რომ ეს გუნდი გამკეთებელია ამის! დააკვირდით, რას აკეთებენ: მოსახლეობას მოუწოდებენ, ბრმად მიენდოს და მისცეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ვითომდა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მაშინ, როცა ამის არავითარი გაწერილი გეგმა არ გააჩნიათ და შესაბამისად, არც მოსახლეობისთვის აქვთ წარდგენილი! ეს ძალზე სახიფათო თემაა, ძალზე საშიში თამაშია ქვეყნის მომავლისთვის და ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელიც "ოცნებას" ამ საქმეში აჰყვება, უნდა იცოდეს, რომ საქართველოსთვის უდიდეს ბოროტებას შეუწყობს ხელს" - ამბობს ზაქარეიშვილი.