
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე ერთ- ერთი წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე იქნება
24/08/2024 16:25:25 სამართალი
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე ერთ- ერთი წარმომადგენელი სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე იქნება.
''კონსტიტუციის დღეს გაუმარჯოს !ამ კონსტიტუციითა და ბაფთით შემდეგ კვირას ვიქნები საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის არაკონსტიტუციურობის საქმეზე მიხარია რომ საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის პირველ სარჩელს წარმოვადგენ!ამ შემოთავაზებისას საბჭოს კონკურსის წყენაზე არ მიფიქრია, რადგან ისეთი საკითხია, სადაც ყველას ერთობა აუცილებელია. რუსული კანონის მიღება სახელმწიფოებრიობის გაუქმების ტოლფასია. ჩემთვის ეს საქმე არის - “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”. როცა სახალხო დამცველის კონკურსში ვმონაწილეობდი, ამას სამსახურის შოვნის გამო არ ვაკეთებდი. მწამს ადამიანის უფლებების და დღევანდელ პირობებში, როდესაც საქართველოს სახალხო დამცველი სრულად უფუნქციოა, ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ რომ ვაწარმოო დავა ამ საკითხზე. თავის დროზე, რუსეთშიც კი ეს საკითხი იქაურმა სახალხო დამცველმა გაასაჩივრა. სამწუხაროდ ამან ესეც ვერ გაბედა. ხშირად მეკითხებიან რისი იმედი მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში დავისას. ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ალბათ სასწაულის. მე ყველაფერს ვეცდები საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საქმეზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებით შეუძლია ისტორია შექმნას, ქვეყანას და კონსტიტუციურ ორგანოებს სანქციები და პასუხისმგებლობა აარიდოს", - წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.
საკონსტიტუციოში „აგენტების კანონის“ განხილვა სავარაუდოდ, 29 აგვისტოს დაიწყება.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.
4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
31 ივლისს აშშ–მა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა.
1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის შემდეგ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შესაძლოა, ევროკავშირმაც შეუჩეროს.
10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.
15 ივლისს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა – გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა.