
როგორ განმარტა პარლამენტის წარმომადგენელმა "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი" საკონსტიტუციო სასამართლოში
29/08/2024 18:24:14 სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „აგენტების კანონის“ საქმეზე პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს, პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ კანონში გამოყენებულ ტერმინებზე ისაუბრა და განმარტა, მისი აზრით, რატომ არ არის "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი" მასტიგმატიზებელი.
მისი აზრით, ტერმინი "უცხო" უარყოფითი კონოტაციით არ არის გამოყენებული, ამის მაგალითად კი დაასახელა: "უცხო სამკაული", "უცხო ვარცხნილობა" ან "უცხოური განათლება".
"ყველა სარჩელს გასდევს ეს მოცემულობა. ისინი მიიჩნევენ, რომ სტიგმატიზაციას განიცდიან კანონის მოქმედებით. ცალსახად ადასტურებენ, რომ თუკი არ იქნებოდა ცნება, რომელსაც ისინი თვლიან, არის სტიგმატიზების ეფექტის მატარებელი და არ იარსებებდა რეესტრში რეგისტრაცია, ისინი ჩათვლიდნენ, რომ მათი პრობლემა გადაიჭრა. [...] რას გვეუბნება კანონი? ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი" - გავყვები თითოეულ სიტყვას, რა მნიშვნელობა და რა შთაბეჭდილება შეიძლება, შეიქმნას.
"უცხო" - რა შთაბეჭდილება გვექმნება, დადებითი, თუ უარყოფითი? მაგალითად, ჩვენ ხშირად გავიგონებთ ხოლმე: რა უცხო სამკაულია, ან რა უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ, თავისთავად, ამაზე არ მეტყველებს. თუკი კონსტიტუციის მუხლებს ჩავხედავთ, იქაც არის საუბარი: "უცხოელები", "უცხო" - ეს ტერმინები კონსტიტუციური კანონმდებლისთვისაც დამახასიათებელია", -განაცხადა კუპრავამ სხდომაზე.
საკონსტიტუციო სასამართლომ „აგენტების კანონის“ განხილვა დღეს დაიწყო.
საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.
4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
31 ივლისს აშშ–მა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა.
1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის შემდეგ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შესაძლოა, ევროკავშირმაც შეუჩეროს.
10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.
15 ივლისს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა – გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა. დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ რიგით მე–5 სარჩელი შევიდა.