როგორ შეუძლია თბილისს რუსული დელეგაციის ვიზიტის თავიდან არიდება

29-01-2020 15:41:25 პოლიტიკა

ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის ყოფილ ხელმძღვანელს, დამოუკიდებელ დეპუტატ თამარ ჩუგოშვილს აინტერესებს, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ორგანიზაციის თითქმის ყველა ღონისძიების თბილისში ჩატარებაზე უარი განაცხადა, რატომ გადაწყვიტა მინისტრთა კომიტეტის დედაქალაქში გამართვა.

"ვიზიტი აცილებადია და თუ აცილებადია, რატომ არ უნდა ავიცილოთ?!",– ინტერესდება დეპუტატი.

მისი განმარტებით, ღონისძიებების თბილისში მასპინძლობაზე საქართველომ უარი დეკემბერში სწორედ რისკების გათვალისწინებით განაცხადა. და თუ მინისტრერიალი ჩატარდება, საქართველოში ყველა წევრი უნდა შემოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად აღმოჩნდება სანქცირებულთა ქვეშ.

ჩუგოშვილის აზრით, რისკების შეფასებაზე სახლმწიფო სტრუქტურები უნდა მუშაობდნენ, თუმცა ვნებათაღელვის თავიდან ასაცილებლად, შესაძლებელია მოლაპარაკებების წარმოება და მინისტრთა კომიტეტის თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარება ისევე, როგორც ეს სხვა ღონისძიებების შემთხვევაში მოხდა.

„ალბათ, პრეზიდენს მინისტრიალზე საუბარი სურდა, მაგრამ მისი პასუხიდან ისე ჩანდა, თითქოს საქართველოში ასამბლეა ტარდება. ერთადერთი საკითხი რაც დგას, ეს მინისტერიალია. ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ და 6 თვით გვევალება იმ ძირითადი ღონისძიებების მასპინძლობა, რპმლებიც იმართება ევროპის საბჭოში. მათ შორის, ჩვენ დეკემბერში უნდა ჩაგვეტარებინა საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს და ძირითადი მმართველი კომიტეტის სხდომა, რომელიც თბილისში ზუსტად იმ რისკის გამო არ ჩავატარეთ, რომ 47 წევრ ქვეყანასთან ერთად შეიძლებოდა, ერთი დეპუტატი [რუსეთის] შემოსულიყო. დელეგაციის [რუსული] ხელმძღვანელი არის პიოტრ ტოლსტოი. შესაბამისად, კომიტეტები ჩატარდა სტრასბურგში. მიუხედავად ამისა, როგორც ვხვდები, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ თბილისში ჩატარებულიყო მინისტრთა კომიტეტი. წესით ყველაფერი თბილისში უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ნაწილზე ვთქვით უარი, ალბათ იყო შესაძლებელი, ყველაფერზე გვეთქვა უარი და გვეთხოვა სტრასბურგისთვის, თბილისის ნაცვლად ემასპინძლა ღონისძიებებისთვის.

მინისტრთა კომიტეტის ჩატარება იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მოინდომებს ჩამოსვლას, ჩამოვა და ჩვენ უნდა მივიღოთ. ეს არ არის ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მეორე ქვეყანასან; ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა: ესაა საერთაშორისო ორგანიზაციის ღონისძიება; მნიშვნელოვანი ფორუმის გამართვის გეოგრაფია. ამდენად, საქართველო ვერ შეძლებს, აუკრძალოს, მეორე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, იქნება თუ არა წარმოდგენილი ღონისძიებაზე. მეორე საკითხია, თავად რუსეთი გადაწყვეტს თუ არა, რომ მინისტრით იყოს წარმოდგენილი, თუმცა წარმომადგენელი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება“,– განაცხადა ჩუგოშვილმა და დასძინა, „გვქონია პრეცედენტები, როდესაც მიგვიღია რუსეთის დელეგაცია და ეს არ გაპრობლემებულა, მაგრამ რაც უფრო მაღალი რანგის ვიზიტორი იქნება, მით უფრო ხმამაღალი გამოხმაურება მოჰყვება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები