09-09-2024 11:24:50 პოლიტიკა
"ქართული ოცნება" ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის (NGO) საგრანტო პროგრამას აფუძნებს. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება', – განაცხადა მან.
პრემიერმა გადაწყვეტილების მიზეზად „აგენტების კანონის" რეესტრში დარეგისტრირებისთვის NGO–ის "შანტაჟი" დაასახელა.
„არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც „ენჯეოები“, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები. მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ", – განაცხადა მან.
როდიდან აანონსებს "ოცნება" პროგრამის ამოქმედებას
პრემიერის თქმით, "ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება".
"პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება. საგრანტო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციას ახლო მამავალში გაგიზიარებთ. პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის შესაბამისად განსაზღვრულ ამოცანების შესასრულებლად , ამ ამოცანებს შორისაა: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. ", – განაცხადა კობახიძემ.
მისი მტკიცებით, ვინც ამ პროგრამაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს, "ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებს, ვიდრე უცხოური დონორებისგან იღებენ".
ვის შეეხება პროგრამა
პრემიერის თქმით, "ვინც არ დარეგისტრირდა [„აგენტების კანონის" რეესტრში], იმან არც უნდა გაიზიაროს ეს ინიციატივა":
"ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მოქმედებდა დღემდე და მომავალშიც იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოში კანონს, კანონისა და სამართლის უზენაესობას, ეს არის ჩვენი ინტერესი".
"წინასწარ მოვუწოდებთ, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს, იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში", – დასძინა მან.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.
4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
31 ივლისს აშშ–მა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა.
1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის შემდეგ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შესაძლოა, ევროკავშირმაც შეუჩეროს.
10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.
15 ივლისს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა – გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა. 29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ რიგით მე–5 სარჩელი შევიდა.
31 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ე.წ. აგენტების კანონის საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა განხილვის დაწყებიდან მესამე დღეს დაასრულა და სათათბიროდ გავიდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა „აგენტების კანონისა“ და მისი კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის არსებითი განხილვა. გარდა ამისა, მოსარჩელეები მოითხოვენ კანონის და მისი კონკრეტული მუხლების შეჩერებას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.