11-09-2024 16:55:33 პოლიტიკა ,ანალიზი
„ქართული ოცნების“ მმართველობის 12-წლის თავზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პირველად უხელმძღვანელებს მის მიერ დაფუძნებული პარტიის საარჩევნო სიას. გათვალისწინებით იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან გადადგომის შემდეგ უპირატესობას ანიჭებდა „კულისებში“ ყოფნას, გაჩნდა კითხვა, რაში დასჭირდა მილიარდერს პარლამენტის დეპუტატის სტატუსი? პოლიტიკის კომენტატორებს, მათ შორის, ივანიშვილის ყოფილ თანაგუნდელებს არ აქვთ მოლოდინი, რომ ის საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთვება და ძირითადად ორ ვერსიას განიხილავენ - „ქართული ოცნება“ დასუსტებულია და საპატიო თავმჯდომარე მის „გადარჩენას“ ცდილობს; ივანიშვილი შესაძლოა, თავადაც იყოს დაინტერესებული საჯარო სტატუსის მოპოვებით კონსტიტუციური იმუნიტეტის შეძენის მიზნით. ხოლო „ქართულ ოცნებაში“ საზოგადოებაში მათი საპატიო თავმჯდომარის „ძალიან დიდ მხარდაჭერაზე“ ამახვილებენ ყურადღებას.
„ეს პირდაპირი აღიარებაა, რომ ძალიან უჭირს „ქართულ ოცნებას“, სხვაგვარად ივანიშვილი არ იქნებოდა სიის სათავეში - თუ არა ის, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო? კობახიძე? სცენაზე ასულს ხალხი შეძახილით რომ ხვდება, რადგან არ სურთ მისი მოსმენა? მას [კობახიძეს] არასოდეს არ აირჩევენ. ივანიშვილი სიის სათავეშია, რადგან მან უნდა აიღოს მთავარი ტვირთი. რა თქმა უნდა, ის პარლამენტში არ იქნება, ის ამისთვის არ არის - ის არის იმისთვის, რომ როგორმე ხმების მობილიზება მოხდეს მის ირგვლივ“,- თქვა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა და ყოფილმა თანაგუნდელმა ეკა ბესელიამ.
ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილისთვის გადაწყვეტილება არ იყო კომფორტული:
„ადრე ეპატიჟებოდნენ [პარტიაში] ეკონიმისტებს, მეცნიერებს, განათლების სპეციალისტებს, კულტურის მუშაკებს, ახლა კი ორიოდ სპორტსმენის იმედზე დარჩნენ [„ოცნებამ“ საარჩევნო სიაში ოლიმპიური ჩემპიონები შეიყვანა]. ეს ნიშნავს, რომ სიის ფორმირებასთან დასკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვთ.
ვფიქრობ, ეს მისთვის იყო არაკომფორტული, მაგრამ იძულებითი გადაწყვეტილება გამომდინარე იქედან, რომ მას საკუთარ მომავალთან დაკავშირებით სერიოზული შფოთვები, შეიძლება ითქვას, კოშმარები აქვს“.
ის არ გამორიცხავს, ივანიშვილს პრეზიდენტობა სურდეს:
„მისთვის არ არის კომფორტული პირდაპირი მენეჯმენტით დაკავება. ამიტომ, მის შესაძლო პრემიერ-მინისტრობას სკეპტიკურად ვუყურებ. თუ მან რაღაც ფორმით შეძლო ძალაუფლებაზე კონტროლის შენარჩუნება, ასეთ შემთხვევაში ის საკუთარი სტატუსის ფორმალიზებას მოახდენს უფრო პრეზიდენტის პოზიციაზე“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი თვლის, რომ „ოცნებამ“ „ბოლო ხმაზე იყვირა“, რომ გარდაუვალი მარცხის მოლოდინშია და მათი აზრით, ბოლო „ჯოკერს“ ჩამოვიდნენ:
„2012 წელს, ცხადია, ივანიშვილი იქნებოდა საარჩევნო სიაში, მაგრამ სააკაშვილმა მას ამის შესაძლებლობა არ მისცა. მას შემდეგ 12 წელი გავიდა - ის სიაში არასოდეს არ ყოფილა. მე ისედაც ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ცვლილებები აუცილებლად იქნება არჩევნებზე, მაგრამ გუშინ „ქართული ოცნება“ ბოლო ხმაზე ყვიროდა, რომ ის არჩევნებს აგებს. მთელი გუშენდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ ამ პარტიაში საერთოდ აღარავის აღარ აქვს შერჩენილი ლეგიტიმაცია, ნდობა, ყველა კარტი გაჭრილია და ეს არის ერთადერთი კარტი, რომელიც დარჩათ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის ჯოკერი, რომლითაც, მათი აზრით, არჩევნებში გარდამტეხ ცვლილებას შეიტანენ.
ვფიქრობ, მთელმა საქართველომ კარგად გაიცნო, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი. არ იყო საჭირო მასთან ინდივიდუალური კონტაქტი გქონოდა: ამ 12 წელიწადში რაც ყველაზე კარგად გამოჩნდა, არის ის, რომ მას სძულს ოფიციალური სისტემის ნაწილობა. ის კმაყოფილებას იღებს, როდესაც კადრს მიღმაა და იქედან მართავს მოვლენებს და პირდაპირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ამიტომ, არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ეს არის განწირული ნაბიჯი“.
ის დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნოდ თავდაჯერებული რომ ყოფილიყო, ივანიშვილი საარჩევნო სიაში „არავითარ შემთხვევაში“ არ იქნებოდა: „ამიტომ გახდა იძულებული ივანიშვილი, პირადად აეღო პასუხისმგებლობა საარჩევნო შედეგზე. მას დღემდე საარჩევნო შედეგზე პასუხისმგებლობა არ აუღია, რადგან ჰქონდა განცდა, რომ ჯერ გიორგი კვირიკაშვილი, შემდეგ გიორგი გახარია ამ პასუხისმგებლობას რომ აიღებდნენ, შედეგსაც დადებდნენ. „ქართული ოცნება“ გარდაუვლად რომ დამარცხდება, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის მარცხი“.
ხიდაშელი ელის, რომ ივანიშვილის ფაქტორმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს „ქართული ოცნების“ იმ ყოფილ ამომრჩეველზე, რომელიც ამ პარტიისკენ იხრება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და მოვლენათა განვითარებას ელის. თუმცა, ხიდაშელის აზრით, ამ შემთხვევაში „მთავარი ამოცანაა“ შესასრულებელი, რაც მას შეუძლებლად მიაჩნია - ამომრჩეველი უნდა დარწმუნდეს, რომ ეს არა საარჩევნო სიის ფანდია, არამედ ივანიშვილი ნამდვილად დარჩენა პოზიციაზე.
„კაცი პრემიერ-მინისტრობიდან ერთ წლის შემდეგ გაიქცა - ყველაზე მაღალი ნდობის არსებობის პირობებში, იმიტომ, რომ სააკაშვილის წასვლის შემდეგ დაინახა, რომ ეს პირადი და ინდივიდუალური კომფრონტაცია [სააკაშვილთან] რომ აღარ ჰქონდა, რაღაცნაირად ფუქნცია დაკარგა, აღარ იცოდა სხვა რაღა ეკეთებინა, ამიტომ, პასუხისმგებლობა ვეღარ აიღო დანარჩენზე. და თუ საქმე საქმეზე მიდგებოდა, ცუდად წავიდოდა საქმე, ვიღაცეებს დააბრალებდა, პრემიერ-მინისტრებს შეცვლიდა, იტყოდა, „ვერ გაამართლა“ - როგორც ახლა გიორგი გახარიაზე ლაპარაკობენ (მათგან არის ეს ძალიან სამაცხვინო, თორემ გახარიაზე შეიძლება, ბევრი აზრი გქონდეს ადამიანს) და თითქოს თავად არაფერ შუაში იყო. ახლა მან ეს ინსტრუმენტი დაკარგა. წავიდა რისკზე, რადგან სხვა შემთხვევაში კიდევ უარესი იქნება შედეგი. ივანიშვილი მცირეოდით აუწევს პროცენტს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ეს ვერ იქნება 50%+, რომ ინდივიდუალურად დააკომპლექტონ მთავრობა; იმდენიც ვერ იქნება, რომ მათ გარეშე ვერ შედგეს შემდეგი მთავრობა. ამის შესაძლებლობასაც ვერ გააჩენს ბიძინა ივანიშვილი“,- ფიქრობს ხიდაშელი.
აქვე, ამ „დიდი საჩუქრის“ პირობებში, რომელიც ივანიშვილმა „გაუკეთა ოპოზიციას“, როდესაც „საკუთარი თავი დადო ამ რისკზე და საკუთარი მარცხის ალბათობა გააჩინა“, ხიდაშელი ოპოზიციის მხრიდან „სხვაგვარი კამპანიის“ აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას: კერძოდ, მისი აზრით, ეს უნდა იყოს აქტიური, მაჟორული, ხმამაღალი კამპანია მთელს საქართველოში, ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ ოპტიმიზმის განცდა, რომ მოდიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც შესაძლებლობებს გააჩენენ, გამარჯვების რწმენას, ბედნიერებას დააბრუნებენ ქვეყანაში, „არ შეიძლება 24-საათიან რეჟიმში ნეგატივზე ვესაუბრებოდეთ ადამიანებს“.