მარტო ბოდიში - არა, აღიარებაც! - რით პასუხობს სოხუმი ივანიშვილის განცხადებას

16-09-2024 18:07:19 კონფლიქტები

ბიძინა ივანიშვილის 14 სექტემბრის სკანდალურმა განცხადებამ "ბოდიშის მოხდის" თაობაზე აფხაზ სეპარატისტებს ვერც გული მოულბო, ვერც პოზიცია შეაცვლევინა და თუ დავიჯერებთ, რომ საქართველოს ფაქტობრივ მმართველს გულწრფელად სწამდა, რომ კრემლის მიერ მართული აფხაზი და ოსი სეპარატისტები თბილისის მიერ ინიცირებულ ურთიერთშენდობის პროცესში უპირობოდ ჩაებმებოდნენ, ამ მიამიტობაზე მათგან პასუხი უკვე მიიღო.

დღეს ივანიშვილის სიტყვებს აფხაზური დე-ფაქტო საგარეო უწყება გამოეხმაურა განცხადებით, რომელშიც კვლავინდებურად მოითხოვს სოხუმსა და თბილისს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რაც ფაქტობრივად, აფხაზეთის აღიარების ტოლფასი იქნებოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის განცხადება უშუალოდ აფხაზეთის რესპუბლიკას არ ეხებოდა, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ მსგავსი განცხადება, თუკი ის წარსულის შეცდომების გადაფასებით, აფხაზი და ოსი ხალხების წინაშე ბოდიშის მოხდით, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლაზე უარის თქმითა და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებით იქნება გამყარებული, შეიძლება, საფუძვლად იქცეს მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კეთილმეზობლობისკენ მიმავალი პროცესისთვის" - ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

სიტყვის საქმით დადასტურების მოთხოვნის საფუძვლიანობის დასასაბუთებლად სოხუმი მე-20 საუკუნის მოვლენებს იხსენებს:

"ჯერ კიდევ 1956 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის აგვისტოს პლენუმის მონაწილეებმა ასევე დაგმეს აფხაზეთის მიმართ სტალინისა და ბერიას მმართველობის დროინდელი პოლიტიკა. მოგვიანებით, უკვე 1978 წელს ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: "პირდაპირ უნდა ითქვას, რომ წარსულში, ჩვენთვის ცნობილ პერიოდში, აფხაზი ხალხის მიმართ წარმოებდა პოლიტიკა, რომელიც პრაქტიკულად, შოვინისტურად უნდა ვაღიაროთ, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგებოდა როგორც ქართველი, ისე აფხაზი ხალხების ინტერესებს"... სამწუხაროდ, ამას ხელი არ შეუშლია შევარდნაძისთვის, 1992 წელს აფხაზეთში ომი გაეჩაღებინა".

სოხუმი იმედოვნებს, რომ "ივანიშვილი თავის ზრახვებში უფრო გულწრფელია და აფხაზი ხალხის მიმართაც იპოვის სწორ სიტყვებს, რომელიც ამჯერად საქმეს არ ასცდება და დაგვირგვინდება აფხაზეთსა და საქართველოს, ასევე სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების გაფორმებით".

Новости

Другие новости