16-09-2024 19:03:32 პოლიტიკა
აშშ–მა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა.
სანქცირებულთა შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე ძალადობრივი პრორუსული "ალტ-ინფოს" დამფუძნებლები ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
ოთხივე შეყვანილია ე.წ. "მაგნიტსკის სიაში" და ამ სიის წევრი პირველი ქართველები არიან.
ცნობისთვის: "მაგნიტსკის სიაში" პირები სამუდამოდ შეჰყავთ. სიის წევრებს სამუდამოდ ჩაეკეტათ გზა როგორც აშშ-ისკენ, ისე ამერიკის ათობით პარტნიორი ქვეყნისკენ.
"აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა საქართველოს ორ ოფიციალურ პირს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან, ასევე საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობდნენ, პირდაპირ ან ირიბად ჩაერთვნენ მშვიდობიანი გამოხატვის ძალადობრივი გზით ჩახშობაში", – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ბრედლი სმიტმა აღნიშნა, "აშშ კვლავ ერთგული რჩება გადაწყვეტილებისა, პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც ქართველი ხალხის უფლებების შელახვას ცდილობს":
რას წერს სახაზინო დეპარტამენტი ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურზე
"კანონის ["აგენტების კანონის"] მიღებამდე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის (სპეცდანიშნულების დეპარტამენტის) უშიშროების ძალებმა ძალადობრივად ამოიღეს სამიზნეში საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს. ამ ძალადობას ზედამხედველობდნენ სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი (ხარაზიშვილი) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური (ლაგაზაური).
სპეცდანიშნულების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ძალადობა მოიცავდა "უცხოური გავლენის" ახალი კანონის წინააღმდეგ არაძალადობრივი საპროტესტო აქციების მრავალი დამსწრის სასტიკ ცემას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ცემას. ხარაზიშვილი ცნობილია თავისი სადამსჯელო ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და პირადად იყო ჩართული მომიტინგეების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში", – ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რას წერს სახაზინო დეპარტამენტი კონსტანტინე მორგოშიასა და ზურა მახარაძეზე
"კონსტანტინე მორგოშია (მორგოშია) არის მედიაკომპანია "ალტ–ინფოს" დამფუძნებელი, რომელსაც იყენებდა დეზინფორმაციის გასაძლიერებლად და მარგინალიზებული თემების წინააღმდეგ სიძულვილის ენისა და მუქარის გასავრცელებლად. 2021 და 2023 წლის ივლისში იგი მხარს უჭერდა ძალადობრივ თავდასხმებს მარგინალიზებულ პირებზე, რომლებიც მშვიდობიანად ახორციელებდნენ გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტურ უფლებას და გაუძღვა ასობით მიმდევარს, შეჭრილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში და თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და პოლიციელებს შემთხვევის ადგილზე.
ზურაბ მახარაძე (მახარაძე) "ალტ–ინფო"–სთან ასოცირებული პიროვნებაა და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მარგინალიზებული ქართველების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია. მან პირდაპირ წაახალისა ძალადობა უმცირესობათა ჯგუფებისა და ჟურნალისტების მიმართ მარგინალიზებულ თემებზე ძალადობრივ თავდასხმებამდე. [...] მორგოშია და მახარაძე პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილენი არიან, ან უშუალოდ ან ირიბად მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში", – ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რას ითვალისწინებს სანქცია
"დღევანდელი ქმედების შედეგად, ზემოთ ჩამოთვლილ პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება და აქტივი, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ან ამერიკელი პირების მფლობელობაში, ან მათი კონტროლის ქვეშ, არის დაბლოკილი და ამის შესახებ უნდა აცნობონ "საგარეო ქონების კონტროლის ოფისს" [OFAC]. გარდა ამისა, დაბლოკილია ყველა ის ობიექტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ერთიან ჯამში, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთს ან რამდენიმე დასანქცირებულ პირს. თუ OFAC-ის მიერ გაცემული ლიცენზიით არ არის ნებადართული, ან არ არის გამონაკლისი, OFAC-ის რეგულაციები კრძალავს აშშ-ის პირების მიერ ან შეერთებულ შტატებში ან ტრანზიტით ყველა ტრანზაქციას, რომელიც გულისხმობს რაიმე ქონებას ან აქტივებს, რომელიც ამ პირებთანაა კავშირში", – აღნიშნულია სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ხარაზიშვილი, ლაგაზაური, მახარაძე და მორგოშია გლობალურ " „მაგნიტსკის სიაში" დაამატეს.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.
4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
31 ივლისს აშშ–მა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა.
1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის შემდეგ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შესაძლოა, ევროკავშირმაც შეუჩეროს.
10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.
15 ივლისს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა – გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა. 29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ რიგით მე–5 სარჩელი შევიდა.
31 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ე.წ. აგენტების კანონის საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა განხილვის დაწყებიდან მესამე დღეს დაასრულა და სათათბიროდ გავიდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა „აგენტების კანონისა“ და მისი კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის არსებითი განხილვა. გარდა ამისა, მოსარჩელეები მოითხოვენ კანონის და მისი კონკრეტული მუხლების შეჩერებას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.