18-09-2024 15:45:25 პოლიტიკა ,ინტერვიუ
რუსული ოცნების განხორციელების მცდელობას ვადევნებთ თვალსო,- ეუბნება „აქცენტს“ ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის თუ მასზე დაკვირვების ხანგრძლივი პოლიტიკური გამოცდილება აქვს „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული პოლიტიკის მიზნების გარკვევის მცდელობისას და ინტერესით მოელის კონსულტაციების შედეგებს მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის, თვლის რა, რომ ამ ერთობას აქვს რესურსი, იქცეს ძლიერ სპირწონედ.
- ბატონო ზაზა, ნარატივი, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე შემოგვთავაზა და შემდეგ მთელმა გუნდმა და თავადაც განავითარა, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის კონტექსტში ფაქტობრივად, სრულიად აქრობს რუსეთს, როგორც აგრესორს და მას ანაცვლებს საქართველოთი. მაქსიმალურად რაციონალურად რომ შევხედოთ, რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამ მიდგომას? რის მიღწევას ცდილობენ?
- ცხადია, არ შემიძლია გითხრათ, რა მოტივები ჰქონდა მას, რადგან მის გონებაში ვერ ჩავძვრები, მაგრამ შემიძლია, გითხრათ (როგორ შეფასდა, თქვენც ხედავთ), როგორ შეფასდება მომავალში: ცალსახად შეფასდება როგორც რუსული აგრესიისათვის „პირის მოწმენდის“ მცდელობა! როდესაც ადამიანი ვერ ხვდება, რომ მის განცხადებას ამგვარი განწყობების გაღრმავება შეიძლება მოჰყვეს, ის პოლიტიკოსი არ არის და თავი უნდა დაანებოს პოლიტიკას.
როდესაც მისი მრჩეველი ვიყავი 2012 წლის განმავლობაში, ამ თემაზე რამდენჯერმე იყო საუბარი და მაშინ მეც და კიდევ რამდენიმე კაცმა შევაჩერეთ თემის ირგვლივ საუბარი, „ეს დაუშვებელია!“ - ვეუბნებოდით.
- რა პოზიცია ჰქონდა?
- რომ „ნაცებმა“ დაიწყეს ომი.
- ანუ სჯერა?
- ან სჯერა, ან უნდა, დაიჯეროს... არ მგონია, ისეთი გულუბრყვილო იყოს, სჯეროდეს, რომ შეურაცხყოფილ და დამცირებულ ქვეყანაში ამგვარი ნარატივით შეიძლება ხმების აკრეფა და აგრესიის წარმართვა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ - ეს ამას არანაირად არ ჰგავს.
- სწორედ ამიტომ ვკითხულობ. საწოგადოების ნაწილში შესაძლოა, არსებობდეს სტოკჰოლმის სინდრომი, ნაწილი ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მიდიოდეს კომპრომისზე, მაგრამ ზოგადი განწყობა რუსეთის და მისი მოქალაქეების მიმართ, მოდით ასე ვთქვათ, არ არის პოზიტიური. ამ ფონზე, წინასაარჩევნოდ საზოგადოებისთვის ამ მტკივნეული თემის ამგვარი ფორმულირებით შეთავაზება რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს?
- ყველა შემთხვევაში, ეს არის მცდელობა, გადაიწეროს ისტორია, გადაიწეროს იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს რუსეთისთვის სასარგებლო და მისაღები იქნება - უკრაინაში აგრესიის ფონზე რუსეთს რომ ცოდვა ჩამოაშორონ, რომელიც მას აწევს 2008 წლის შემდეგ იმავე დასავლეთის თვალში, თუნდაც მიგვაჩნდეს, რომ მაშინ დასავლეთის რეაქცია არ იყო ისეთი კატეგორიული, როგორიც უნდა ყოფილიყო. ამის გაკეთება შეუძლია ან რუსეთის პატრიოტს (ამას სრული სერიოზულობით ვამბობ) - საქართველოში არსებობენ ამ კატეგორიის ადამიანები, რომლებიც მიბმულები არიან რუსეთზე; ან არ არის გამორიცხული ის ვარიანტი, რომ ივანიშვილი ცდილობს, იქცეს პუტინის მოლარედ და საქართველო აქციოს პუტინის სეიფად ოფშორების შესახებ კანონის მიღების შემდეგ.
- და ამისთვის ნიადაგი მოამზადოს?
- დიახ, ნიადაგი მოამზადოს, დაარწმუნოს რუსები, რომ მის ავტორიტეტი დიდია და აქ სრულიად ფლობს სიტუაციას, რომ მას შეუძლია, აქ მსოფლმხედველობრივი გარემო შეცვალოს, რომ მტრობა, რაც საქართველოში იყო რუსეთის მიმართ, მას შეუძლია, დაძლიოს...თუ გახსოვთ, პირველივე ხანებში დაიწყო მან საუბარი იმ „ჭარბი ნდობის“ შესახებ, რომელიც მას საზოგადოებამ გამოუცხადა. დღემდე დარწმუნებულია, რომ მისი ავტორიტეტი აბსოლუტურია და მხოლოდ „ნაცები“ უშლიან ხელს.
ვფიქრობ, „ოფშორების კანონი“ გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე „რუსული კანონი“, რადგან სწორედ ამ კანონში იმალება საიდუმლო, თუ რაში დასჭირდა მას „რუსული კანონი“: დასჭირდა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა თავისი მეგობარი რუსები, რომ თავად ფლობს აქ სიტუაციას, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია გააკეთოს ის, რაც თავად სურს. მთელი ის საუბრები, რომ ჩვენ „სტრატეგიული დამოუკიდებლობა“ უნდა მოვიპოვოთ... სხვათა შორის, სავსებით სერიოზული ადამიანი მელაპარაკებოდა „სტრატეგიული დამოუკიდებლობის“ არსებობაზე...
- ეს რას გულისხმობს?
- არც რუსეთი, არც ამერიკა, არც ჩინეთი და რომ შენ დამოუკიდებელი თამაში უნდა ითამაშო...
- რა რესურსით? ბირთვული ძალა ვართ თუ ეკონიმიკა გვაქვს ანგარიშგასაწევი თუ...
- ან რესურსებს ვფობთ ისეთს ან მოსახლეობა გვყავს იმდენი, რომ შეგვეძლოს ამის გაკეთება... ამით შესაძლოა, ვიღაც უბირი გააგიჟო.
ამ ყველაფერს ერთი დიდი კონტექსტი აქვს: რუსების ძველისძველი ოცნებაა, რომ დადგებოდა მომენტი, როდესაც ქართველები მოიყინჭებდნენ დამოუკიდებლობას, ევროპისაკენ სვლას და კვლავ „მშობლიური“ და „საყვარელი“ რუსული წიაღისკენ გაემართებოდნენ. ეს იყო რუსული ოცნება და დღეს ჩვენ ამ ოცნების განხორციელების მცდელობას ვხედავთ!
- აქვე მინდა, გკითხოთ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში შემოთავაზებული ბოდიშის მოხდის თემა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან მღელვარება მოჰყვა, თქვენ როგორ აღიქვით?
- პოლიტიკურად (და არა მხოლოდ) განუსწავლელი კაცის განცხადებად, რომელსაც არ ესმის, რომ მოდიშის მოხდას მაშინ აქვს აზრი, როდესაც მეორე მხარე ამას ადეკვატურად აღიქვამს და თავადაც ბოდიშს იხდის თავისი დანაშაულების გამო. ეს რაღაც პროცესის ნაწილი შეიძლება იყოს. მაგრამ როდესაც შენ საქმე გაქვს ბარბაროსთან, რომელიც ბოდიშს შენი სისუსტის გამოვლინებად აღიქვამს, საპასუხოდ მეტს მოითხოვს და მოგვთხოვეს კიდევაც, ამ ვითარებაში მიჭირს ლიტერატურული ენის ფარგლებში მოვძებნო შეფასება.
- გვესმის, რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკობდა არაოფიციალური პირი, რომელსაც დიდი გავლენები აქვს, მაგრამ შემდეგ ამ ნარატივის განვითარება ვიხილეთ უკვე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე...
- რა ქნან იმ საწყლებმა, რომლებსაც დამოუკიდებელი ჭკუა არ აქვთ და იძულებულებულები არიან, როგორღაც „გაათეთრონ“ თავიანთი ლიდერი. სხვა გზა არ აქვთ, ზედმეტად შეტოპეს - ზოგიერთმა დიდი ფული აკეთა, ზოგმა ნათესავები დაასაქმა და ა.შ. სრულიად სერიოზულად ვამბობ, რომელიმემ უკან დასახევი გზა დაიტოვა?
- მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ მიდგომას შესაძლოა, პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. მართალია, მმართველი გუნდი ცდილობს, ერთმანეთისგან გამიჯნოს ენმ და სახელმწიფო, მაგრამ გვესმის რომ საერთაშორისო სამართალი სახელმწიფოს ცნობს და არა პერსონებს და რომ ეს ჩვენი, მოქალაქეების მემკვიდრეობაა. როდესაც აგრესორად აცხადებ საკუთარ ქვეყანას, ამას ხომ შესაძლოა მოჰყვეს შედეგები, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში?! ანუ ამბობ, რომ სახელმწიფო თავს დაესხა შენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფს და მათ უქმნი „არგუმენტს“. იგივე ცხინვალში სწორედ „ეთნიკურ წმენდაზე“ ლაპარაკობენ...
- რა თქმა უნდა! თქვენ უპასუხეთ კითვას. შენ ამით რეალურად არა „ნაციონალური მოძრაობა“, შენი ქვეყანა აზარალე! არის სიტუაცია, როდესაც მე ჩემს შვილს (თუ შესაბამისი გარემოებები არსებობს) ხელი უნდა დავაფარო და არ ვაღიარო მისი „დანაშაული“. მინდა თუ არა, ეს ხდება, ეს ცხოვრებაა. მით უმეტეს, თუ ამას მოჰყვება დიდი უბედურება!
- ამ მიდგომას ცნობს იურისპუდენციაც...
- დიახ, შეგიძლია ოჯახის წევრის და საკუთარი თავის წინააღმდეგ არ მისცე ჩვენება.
„ოცნება“ შესულია ფაზაში, როდესაც შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ღმერთი რომ კაცს გასწირავს და პირველ რიგში ჭკუას რომ წაართმევს ხოლმე, აი, ასეთ დღეში არიან. ერთმანეთზე უარეს განცხადებებს აკეთებენ! რაც ირაკლი კობახიძემ თქვა ამერიკის ელჩთან ["ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა", რამაც შესაძლოა, ქართულ-ამერიკული "ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს".], ყოველგვარ პოლიტიკურ ტაქტს, პოლიტიკურ აზროვნებას, პოლიტიკურ ინტელექტს სრულიად მოკლებული, განწირული კაცის განცხადებაა. კაცისა, რომელიც გრძნობს, რომ განწირულია და ყველაფერზე შეუძლია წასვლა. „ოცნებამ“ თავისი მორალური, პოლიტიკური, ინტელექტუალური რესურსები დიდი ხანია, ამოწურა. მაგრამ მე ის მადარდებს, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ამ ვითარებით ისარგებლოს, ქვეყანა გამოიყვანოს ჩიხიდან. ქვეყანაა ჩიხიდან გამოსაყვანი ისევე როგორც 2011 წელს! „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება აქამდე შეინარჩუნა არა პოპულარობის, არამედ ოპოზიციის უმწეობის გამო!
ძალიან დიდი ინტერესით ველოდები, რას გადაწყვეტენ „ლელო“ და „საქართველოსთვის“. მიუხედავად იმისა, რომ ილუზიები შესაძლოა, არც ერთის მიმართ არ ჰქონდეს ადამიანს, „ოცნების“ (ისინი საით მიაქანებენ ქვეყანას, ვხედავთ) სერიოზული საპირწონეა საჭირო! „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ კავშირი აუცილებელია, მხოლოდ ასე შეიძლება შეიქმნას სერიოზული საპირწონე პოლიტიკური ძალა და ამან შესაძლოა საერთოდაც იმპულსი მისცეს ინეგრაციულ პროცესებს ამ დაქსაქსულ ოპოიზიციაში.
ეს იდეალური ვარიანტი არაა, მაგრამ როგორც ყოველთვის პოლიტიკაში, გამოვდივართ უმცირესი ბოროტების და უცირესი შეცდომის პრინციპიდან. ახლა ამათ შეუძლიათ, შეაჩეროს ის საშინელება, რაც ხდება. უნდა დაძლიონ საკუთარ თავში ის თავკერძობა, ნარცისიზმი, რაც ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ახასიათებს!
აქვე მინდა, ვთქვა, რომ პრეზიდენტის ნაბიჯი ძალზედ დასაფასებელია. ის, რომ მან საკუთარ თავზე აიღო ამ გაერთიანების შექმნა და მან მოუწოდა ამ პოლიტიკურ ძალებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვიმეორებ, შეიძლება, ეს იყოს ის, რამაც დღეს შესაძლოა გვიხსნას უფსკრულისაგან. არ მინდა, არ დავუფასო ამ ადამიანს მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ხშირად კრიტიკულიც ვყოფილვარ.
- თქვენ ახსენეთ ირაკლი კობახიძის შეხვედრა აშშ-ის ელჩთან და იქ გაჟღერებული მუქარა. ვიცით, რომ თავად აშშ-ს აქვს ურთიერთობების გადახედვა გამოცხადებული და მის ფარგლებში აწესებენ სანქციებს, აჩერებენ სხვადასხვა პროგრამების დაფინანსებას. რთული განსასაზღვრია, რა ნაბიჯი შეიძლება გადადგას „ქართულმა ოცნებამ“, არაა გამორიცხული საელჩოს წარმომადგენელი გააძევონ, მაგრამ რა ხდება შემდეგ? როგორ ფიქრობთ, ამას როგორ ხედავენ?
- ალბათ ასე ხედავენ, რომ ქართულ საბანკო სისტემას მიაბამენ რუსულ საბანკო სისტემაზე და რუსული რუბლის ბედზე იქნება დამოიკიდებული ჩვენი ცხოვრება. მაგრამ მეეჭვება, აქამდე შეძლონ მათ საქმის მიყვანა: მანამდე არის ძალიან სერიოზული ინფლაციის საფრთხე, უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხე - ეს პოლიტიკურად სრულიად გაუთვითცნობიერებელ ადამიანებშიც კი გააჩენს პროტესტს.
- აქვე წარმოვიდგინოთ სცენარი, რომელშიც, ამ ნარატივით და პოლიტიკით, რასაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“, არ ვიცი რის ხარჯზე, მაგრამ არჩევნებში იმარჯვებს...
ეს ნიშნავს, რომ უარი გვითქვამს ჩვენი 40-წლიანი ისტორიისთვის, კვლავ მივბრუნებულვართ წიაღში, საიდანაც თავის დაღწევაზე 70 წლის განმავლობაში ვოცნებობდით - ეს კარგად უნდა გავიგოთ! აღარც ადამიანის უფლებებზე ვილაპარაკებ, აღარც ცენზურაზე, რეპრესიებზე, დეფიციტზე...ვუბრუნდებით ცხოვრების იმ ეკონომიკურ მოდელს და ამას ნახავს ყველა უბირი ადამიანი, ვინც ვთქვათ დღეს პოლიტიკით არ ინტერესდება. შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება პროტესტი, მაგრამ მანამდე (თუ ისე მოხდა, როგორც თქვენ ამბობთ) ისე გაიმაგრებენ პოზიციებს და თავიანთ ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს, რომ პროტესტი დაგვიანებული იქნება.