
"ტერიტორიული გამთლიანება" დამოუკიდებლობის დაკარგვის ფასად? - რას გვთავაზობს მოსკოვი და "ოცნება"
20/09/2024 17:46:09 კონფლიქტები
14 სექტემბრიდან, როცა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ქვეყნის ფაქტობრივმა მმართველმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ომგამოვლილ გორში რეზონანსული განცხადებები გააკეთა, სულ ერთი კვირაა გასული - და უკვე ცალსახად, უდავოდ და ერთმნიშვნელოვნად შეიძლება, ითქვას, რომ მისი ნარატივი, თითქოს მოახლოვდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დრო და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები “ნებისმიერ წუთს შეიძლება, დავიბრუნოთ", არაფრით გამყარებული წინასაარჩევნო ხაფანგია ძალაფლების შესანარჩუნებლად: ამისთვის მზაობის არანაირი ნიშანი არ შეიმჩნევა არც ცხინვალში, არც სოხუმში, არც თავად თბილისში, ხოლო მოსკოვი მინიშნების დონეზეც კი არ ავლენს განზრახვას, საქართველოს თუნდაც რაიმე დაუთმოს - პირიქით, რაც მეტს უთმობს “ქართული ოცნება”, მით მეტად თავხედდება და ერთადერთი, რაც საქართველომ “ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის მრავალწლიანი დასავლელი პარტნიორებისადმი ზურგის ქცევისა და მოსკოვისადმი სულ უფრო აშკარად გამოხატული ლოიალობის სანაცვლოდ ამ დრომდე მიიღო, კრემლის მიერ თავად “ქართული ოცნების” ქება და წინასაარჩევნოდ ღიად გამოხატული მხარდაჭერაა. უკვე უდავოა, რომ მოსკოვს აწყობს და სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სათავეში “ოცნება”, რომელიც მზადაა, მართვის სადავეების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავიდეს - თუნდაც საქართველოს ცივილიზებული სამყაროსგან უკვე ხილულ იზოლაციაზე, რუსეთის პირისპირ სრულიად მარტოდ - დაუცველად დატოვებაზე და შესაბამისად, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის რეალური რისკის შექმნაზე. ტყუილად ხომ არ აღუთქვამს რუსეთის ხელისუფლებას უკვე ორგზის გაკეთებული საჯარო განცხადებით “ოცნებისთვის” "საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალით მხარდაჭერაც"...
მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ივანიშვილი და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლები უბრალოდ ცრუობენ, როცა ტერიტორიული მთლიანობის “ნებისმიერ წუთს აღდგენის შესაძლებლობაზე” გვესაუბრებიან და ვითომდა “ამ შესაძლებლობისთვის მოსამზადებლად” საკონსტიტუციო უმრავლესობის მინიჭებას გვთხოვენ, 19 სექტემბერს სოხუმიდან მივიღეთ დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუს სახით, რომელშიც იგი, მათ შორის, “მეზობელ საქართველოში” მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა. გასათვალისწინებელია, რომ ეს ინტერვიუ ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიას მოსკოვში იმ გრძელვადიანი ვიზიტის დასრულებისთანავე მისცა, რომლის მსვლელობისას რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთს ფინანსური და სხვა სახის სანქციები დაუწესა კრემლის ანექსიური ზრახვების აღსრულებაზე მიმართული რიგი რუსული კანონების არმიღების გამო, რასაც მოჰყვა აფხაზური საზოგადოების უკიდურესი აღშფოთება, მათ შორის - მოსკოვისადმი ლოიალური დე-ფაქტო ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა და განცხადებები, რომ რუსეთს აფხაზეთის საბოლოოდ შთანთქმა სურს.
„ურჩი“ აფხაზეთის მიმართ რუსეთის სადამსჯელო ზომებზე საუბრისას ბჟანიამ მოსკოვის მხარე დაიკავა და შეახსენა მოსახლეობას, რომ არაერთგზის გაუფრთხილებია აფხაზები „ერთადერთი სტრატეგიული მეგობრის“ - რუსეთის წინაშე ნაკისრი „ვალდებულებების“ შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ, „ურჩობის“ გაგრძელების შემთხვევაში კი კიდევ უფრო მძიმე შედეგებით დაემუქრა, ვიდრე ოკუპირებული რეგიონის ანექსიისკენ მიმართული რუსული კანონების მოწინააღმდეგე აფხაზი „დეპუტატებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა და საბიუჯეტო სფეროს რიგი სექტორების დაფინანსების შეწყვეტაა:
„როგორც იცით, რუსეთის ფედერაციიდან მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვი წყვეტს საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა გარკვეული კატეგორიების ხელფასების თანადაფინანსებას, სანამ ჩვენს ორმხრივ შეთანხმებებში ჩადებული ვალდებულებების შესრულებას არ უზრუნველვყოფთ. ახლა ყველამ ერთად შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ - ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების ავ-კარგიანობის განხილვა. მით უფრო, რომ თუ ასე გაგრძელდა, დაფინანსების შეწყვეტა სამომავლოდ, მაღალი ალბათობით, აფხაზეთის მოქალაქეთა გაცილებით მეტ რაოდენობას შეეხება. ვალდებულებები, რომელთა შესრულებასაც რუსული მხარე გვთხოვს, რაიმე სიახლეს არ წარმოადგენს - ისინი დიდი ხნის წინ ხელმოწერილ სამთავრობოთაშორის შეთანხმებებშია გაწერილი, მოწონებული მთავრობებისა და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების დონეზე, ახლა დარჩენილია მხოლოდ ჩვენი პარლამენტის მიერ რატიფიცირება და საკითხი ისე დგას, რომ ეს უახლოეს ხანებში უნდა უზრუნველვყოთ [...] რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის ფაქტებსა და ჩვენი ვალდებულებების შეუსრულებლობის სამომავლოდ გაგრძელების შემთხვევაში ამ კუთხით მოსალოდნელ რისკებს, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთის მკვიდრთათვის რუსეთის მოქალაქეობის მასობრივად ჩამორთმევის საკითხი ჯერ არავის გაუჟღერებია. თუმცა ითქვა, რომ ისინი, ვინც ზიანს აყენებს და სამომავლოდაც ეცდება, ზიანი მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოთაშორის ურთიერთბებს, ვინც რუსეთის სახელმწიფოსადმი უპატივცემულობას იჩენს და გამოიჩენს და ეცდება მის დისკრედიტაციას, მოქალაქეობის ჩაორთმევას დაექვემდებარებიან. და დიახ, რუსულ სახელმწიფოს ამის სრული უფება აქვს - ეს მისი პრეროგატივაა და მე ვერ ჩავერევი - ეს ჩემი საქმე არაა. არ მოგწონს რუსეთის პოლიტიკა? არ ენდობი? პატივს არ სცემ? - კი ბატონო, დატოვე რუსული პასპორტი მაგიდაზე და აკეთე, რაც გინდა!“ - მიმართა აფხაზებს ბჟანიამ.
საკანონმდებლო „ვალდებულებების“ კუთხით საუბარია, მათ შორის, კომერციულ დავებთან დაკავშირებით მხარეთა საარნიტრაჟო ორგანოების გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებაზე, რაც, დე-ფაქტო ლიდერის მტკიცებით, „მხოლოდ დადებით შედეგებს მოიტანს, შექმნის რა ახალ შესაძლებლობებს აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებისთვის, ინვესტიციების მოსაზიდად“. „ხომ გვსურს, თავად შეგვეძლოს ჩვენი მოქალაქეების ხელფასებით უზრუნველყოფა? მაშინ სხვა გზა არ არსებობს, ეს უნდა გავაკეთოთ. არავითარ რისკებს ეს ჩენთვის არ შეიცავს - მხოლოდ ხელს უხსნის კეთილსინდისიერ ბიზნესმენებს, გააფართოვონ საკუთარი ბიზნეს-საქმიანობა და მთლიანობაშიც სარგებელი მოუტანონ ჩვენს სახელმწიფოს. ხოლო ვინც ამას ეწინააღმდეგება, ეს ის ხალხია, ვისაც ჰგონია, რომ შეძლებს, ბანკში კრედიტი აიღოს, მერე კი აღარ დააბრუნოს, რაც ჩვეულებრივი თაღლითობაა და მეტი არაფერი. მადლობა ღმერთს, ასეთები უმცირესობაში არიან“ - განაცხადა დე-ფაქტო ლიდერმა.
რაც შეეხება ამასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საკანონმდებლო „ვალდებულებას“, რომელიც რუსულ ინვესტიციებს შეეხება და როგორც აფხაზური საზოგადოება შიშობს, ხელს გაუხსნის რუს ოლიგარქებს, აფხაზეთში ყველაფერ ფასეულს დაეპატრონონ, ბჟანიას მტკიცებით, „ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნას გათავისებული, რომ აფხაზეთს ინვესტიციები მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან შეიძლება, შეუვიდეს, სხვა საუბრები კი უბრალოდ სიცრუეა და შეუძლებელი შექმნილი გარემოებების პირობებში“. ამასთანავე, დე-ფაქტო ლიდერის მტკიცებით, „რუსული ინვესტიციები, რუსული კაპიტალი, რუსული წარმოდგენილობის ზრდა აფხაზეთში - ეს, სხვა ყველაფერთან ერთად, რესპუბლიკის უსაფრთხოების დამატებითი ფაქტორიც იქნება“.
ამ კონტექსტში ბჟანიამ მოუწოდა „ყველას, ვინც რუსეთთან ურთიერთობებში კრიზისზე საუბრობს, ვინც რუსეთის ფედერაციას აღარ ენდობა და მისი პოლიტიკა აღარ მოსწონს, ასჯერ დაფიქრდეს და აფხაზეთის ირგვლივაც მიმოიხედოს“:
„ჩვენ გვყავს ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი და ამასთანავე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთადერთი წევრი სახელმწიფო, რომელმაც გვაღიარა - რუსეთი! მაინტერესებს, როდიდან და რის საფუძველზე შეიძლებოდა, გაგვჩენოდა რუსეთისადმი უნდობლობა?! მე ჩვენს ურთიერთობებში კრიზისს ვერ ვხედავ, მე ვხედავ ხარვეზებს, შექმნილს სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი შიდა და გარე მტრების, ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი რესპუბლიკისთვის ესოდენ მნიშვნელოვან და აუცილებელ რუსულ ინიციატივებს ბლოკავს... ვინ არ იცის, რა ხდება სადღეისოდ რუსეთის ტერტორიაზე, ვინ ვერ შეამჩნია, რომ უკვე თავად რუსეთში მიდის საბრძოლო მოქმედებები?! კიდევ რა უნდა მოხდეს ჩვენს ირგვლივ, ჩვენს მოსაზღვრე ტერიტორიებზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ გავაცნობიეროთ, რაოდენ რთუ პირობებში ვიმყოფებით, რაოდენ მყიფეა მშვიდობა, რომელიც ახლა ბეწვის ხიდზე ჰკიდია?“.
„გარე და შიდა მტრებზე“ საუბრისას კი დე-ფაქტო ლიდერმა მიმართა კრემლის იმ ცნობილ ანტიქართულ, ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ ნარატივებს, რომელთა ნაწილს, სამწუხაროდ, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც ხშირად ვისმენთ:
„აფხაზეთის რომელმა მოქალაქემ, რომელმა საზოგადო თუ პოლიტიკურმა მოღვაწემ არ იცის, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ქართულ ოპოზიციას საქართველოში გადატრიალების მოწყობისა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს?! რომელს დაგავიწყდათ, რომ საქართველოსთან სამშვიდობო შეთანხმება ამ დრომდე არ გაგვაჩნია და რომ ქართულ მხარეს წარსულშიც უცდია და მომავალშიც ეცდება აფხაზეთის დაბრუნებას? მე მგონი, ეს ყველას გვესმის და თუ ვინმეს დაავიწყდა, უნდა გაიხსენოს!“.
„გარე და შიდა მტრების“ კონტექსტში, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მსგავსი კრემლისტური ნარატივებით შეუტია ბჟანიამ აფხაზურ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორსაც, რომელთა გასანადგურებლადაც მოსკოვი სოხუმის ხელისუფლებისგან „აგენტების შესახებ“ რუსული და „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ ქართული კანონების ანალოგის მიღებას მოითხოვს:
„აფხაზეთში ხომ სამოქალაქო საზოგადოების საფარქვეშ არა მარტო ჩვენი საზოგადო მოღვაწეები, არამედ უცხოური სპეცსამსახურებიც მუშაობენ - ზუსტად ისეთი, რომელთა „დამსახურებაცაა“ დიდწილად, რაც უკრაინაში მოხდა. მანამდე, 2020 წელს ბელარუსიც იქცა უცხოური სპეცსამსახურების ძალიან სერიოზული შეტევის ობიექტად და საქმე ხელისუფლების შეცვლამდე იყო მისული... დღეს ანალოგიური ძირგამომთხრელი საქმიანობა წარმოებს ჩვენთანაც. საყურადღებოა, რომ მთელ რიგ საკითხებში შეიმჩნევა აფხაზური სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის ნაწილის გარკვეული სინქრონიზაცია მტრულ ძალებთან. მაგალითად, შეგახსენებთ ბიჭვინთის აგარაკების ამასწინანდელ თემას - ერთის მხრივ, ჩვენი ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილის, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოპოზიციის თანმხვედრ საპროტესტო გამოსვლებს. ჩვენები მაშინ გაჰკიოდნენ - „პუტინისთვის არაფრის მიცემა არ შეიძლებაო“ - ხომ გახსოვთ? ქართული ოპოზიციისა და ზურაბიშვილის ნაწილში ყველაფერი ნათელია, მაგრამ ჩვენ რა დაგვემართა? თუ ვინმე ეჭვობს, რომ რუსეთის ფედერაცია, რუსეთის ხელმძღვანელობა აფხაზეთში რაღაც ორმაგ თამაშს თამაშობს, რომ რუსეთი არასანდო ქვეყანაა და მის განცხადებებსა თუ ქმედებებს არ უნდა ვენდოთ, ასეთებისთვის არსებობს მშვენიერი გამოსავალი: მოვიდნენ და დემონსტრაციულად ჩააბარონ რუსული პასპორტები! და ეს უკვე არა მხოლოდ ჩემი მოწოდებაა - ეს მოწოდება უკვე მოვისმინეთ რბილი და არცთუ რბილი ფორმით რუსეთის საგარეო უწყებისგან, ასევე აფხაზეთის დიდი მეგობრისგან - ბატონი ზატულინისგან... სირცხილია, რომ მათ აზრს ჩვენს საზოგადოებაში ამხელა კრიტიკა მოჰყვა!“.
დასასრულს, „გარე და შიდა მტრებზე“ საუბრისას ბჟანიამ „დეპუტატ“ ჭამაღუას მოწოდებაც ახსენა თბილისის მიერ აფხაზეთის მოსახლეობისთვის თავის დროზე შეთავაზებული სტატუს-ნეიტრალური პასპორტების აღების თაობაზე და განაცხადა, რომ „ეს საქართველოს ხელმძღვანელობის იდეაა, რომელიც “ემსახურება თბილისის ინტერესს, ვითომდა ოკუპირებული“ აფხაზეთი დაიბრუნოს“:
„ძალიან გამაკვირვა ბ-ნი ჭამაღუას განცხადებამ. ნეიტრალური პასპორტების აღების ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავ. თუმცა როგორც ჩანს, ვიღაცები ხედავენ და უკვე მზად არიან კიდეც, აიღონ... უნდა გახსოვდეთ, რომ ის პასპორტები მხოლოდ პირობითადაა ნეიტრალური, რომ ეს თბილისის გეგმაა - საქართველოს ხელისუფლების იმ პროგრამის, ე.წ. შერიგებისა და ჩართულობის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელიც, საბოლოო ჯამში, აფხაზეთის „რეინტეგრაციაზეა“ მიმართული. არავის ვურჩევ იმ პასპორტების აღებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი - აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი, გვაქვს რუსეთის პასპორტებიც და ეს სრულიად საკმარისია“ - დასძინა აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა.
ამგვარად, არავითარი ნიშანი იმისა, რომ სოხუმში რომელიმე პასუხისმგებელი პირი საქართველოსთან რეინტეგრაციის შესაძლებლობაზე ფიქრობდეს, არ არსებობს. პირიქით, დე-ფაქტო ხელისუფლებას კრემლის ზეწოლით საქმე რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის სრული ანექსიისკენ მიჰყავს და ამ მიზნით ცდილობს, აფხაზურ „პარლამენტს“ მიაღებინოს რიგი რუსული კანონები, მათ შორის - ის საკანონმდებლო ინიციატივაც, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე რუსული ანექსიის აქტიურ მოწინააღმდეგე ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს მოსპობს.
ცხინვალის მიმართულებით ვითარება კიდევ უარესია: რუსეთის მიერ ოკუპირებულ ამ რეგიონში ანექსიას მოწინააღმდეგეები თითქმის არც ჰყავს - დე-ფაქტო ხელისუფლებაც და საზოგადოების უდიდესი ნაწილიც დიდი ხანია, მომხრეა რუსეთთან მიერთების.
ხოლო რაკი როგორც სოხუმის, ისე ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებები, უდავოდ, მოსკოვს არიან დაქვემდებარებულები და პოზიციებს კრემლთან შეთახმებით აფიქსირებენ, ნათელია, რომ მოსკოვს აზრადაც არ აქვს, თბილისს რუსეთის მიერ ოკუპირებული რომელიმე რეგიონი დაუბრუნოს. ამაზე თუნდაც მკრთალი მინიშნება დღემდე არც თავად მოსკვიდან მოგვისმენია. შესაბამისად, ივანიშვილისა და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ვითომდა „ნებისმიერ წუთს შესაძლო აღდგენის“ თაობაზე სხვა არაფერია, თუ არა მორიგი წინასაარჩევნო ფანდი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
რუსეთის ხელისუფლების რეალური ზრახვები კი დღეს ასევე მოსკოვს დაქვემდებარებული ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ყოფილი დე-ფაქტო ლიდერის - ედუარდ კოკოითისგან მოვისმინეთ. მან ღიად დაასახელა ის ფასი, რომლის გადახდაც საქართველოს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ "ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ წუთს შესაძლო აღდგენაში" მოუწევს - ეს საკუთარი დამოუკიდებლობის დათმობა და რუსეთ-ბელარუსის ე.წ საკავშირო სახელმწიფოში გაერთიანებაა.
"პირადად მე ვთავაზობ თბილისს შექმნილი ვითარების გადაჭრის მშვიდობიან კომპრომისულ ვარიანტს: როგორც საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი და თანასწორუფლებიანი სუბიექტები, როგორც ქრიტიანული რესპუბლიკები, შევიდეთ რუსეთისა და ბელარუსის რესპუბლიკის საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში" - წერს ყოფილი დე-ფაქტო ლიდერი.
თუმცა იდეა, რომელსაც კოკოითი პირადად მის ინიციატივად ასაღებს, რეალურად, არახალია და წარსულში უკვე გაჟღერებული აქვთ როგორც მოსკოვის, ისე მინსკის ხელისუფლებების პირველ პირებს. კერძოდ, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერმა, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის პირველმა მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ჯერ კიდევ ორიოდ წლის წინ დაწერა, რომ "საქართველომ სოხუმი და ცხინვალი მხოლოდ ერთ შემთხვევაში - რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეიძლება, დაიბრუნოს". ხოლო ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს მინსკში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მასპინძლობისას მოწოდებული აქვს სოხუმის, ცხინვალისა და თბილისისთვის, "ყველანი ერთად რუსეთის ირგვლივ რაღაცნაირად შევიკრათ და შევკოწიწდეთ ერთიანი ისტორიული ტრადიციების, სარწმუნოების, ფასეულობების გათვალისწინებითა და დასაცავად".
მარტივად რომ ვთქვათ, ამ იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველომ ვითომდა "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის" სანაცვლოდ საკუთარი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი დათმოს და პუტინის იმ ახალი იმპერიის - გნებავთ, "რუსსკი მირის" ან იგივე "სსრკ-2"-ის ნაწილად იქცეს, რომლის ჩამოყალიბება კრემლს ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმის ანექსიამდე შემუშავებული გეგმის მიხედვით აქვს დაანონსებული და რომლის რეალიზების რეალური განზრახვითაც შეიჭრა 2022 წელს უკვე სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით უკრაინაში.
კიდევ უფრო მარტივად რომ ამ იდეის რეალიზების შემთხვევაში რუსეთი არა მარტო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, არამედ უკვე მთელს საქართველოს დაისაკუთრებს, ამჯერად - უბრძოლველად.
გვიღირს თუ არა ქართველებს ამგვარი “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” - ერთ-ერთია იმ კონცეპტუალურ, ქვეყნისათის ეგზისტენციალური მნიშვნელობის კითხვებს შორის, რომელთათვისაც პასუხის გაცემა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოგვიწევს.