
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 23-25 სექტემბერი
01/10/2024 06:49:48 კონფლიქტები
გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტის რატიფიცირებას 27-მა „დეპუტატმა“ დაუჭირა მხარი, ხოლო 2-მა თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ „შეთანხმებას“ სოხუმსა და მოსკოვს შორის ჯერ კიდევ 2022 წელს მოეწერა ხელი, თუმცა მისი საბოლოო დამტკიცება საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების გამო ვერ ხერხდებოდა.
აპარტამენტების „კანონის“ მსგავსად, დე ფაქტო პარლამენტში განხილვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. რიგ ჟურნალისტებს სესიაზე დასწრების უფლება არ მისცეს, რაც მათი პროტესტი გამოიწვია. „როდესაც პარლამენტში (უზენაეს საბჭოში) ქართველები იყვნენ, სესიებზე მიშვებდნენ. დღეს, როდესაც პარლამენტის შემადგენლობაში 90% აფხაზია, პარლამენტში აღარ მიშვებენ...“, - დაწერა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ.
განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილმა გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მხრიდან „საკანონმდებლო ორგანოზე უპრეცედენტო ზეწოლაზე“ მიუთითა და „დეპუტატებს“ საკითხის განხილვის გადადებისკენ მოუწოდა.
ინფორმაციას „შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ძალზე ნეგატიურად შეხვდნენ. ისინი ითხოვენ იმ „დეპუტატების“ სიის გამოქვეყნებას, რომლებმაც, მათივე შეფასებით, „აფხაზეთისთვის დამაზიანებელი შეთანხმების“ დამტკიცებას მხარი დაუჭირეს.
სოხუმში სასულიერო პირს თავს დაესხნენ
სოხუმში, უნივერსიტეტის შენობაში, ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ დოროთეოსი დბარს თავს დაესხნენ. სავარაუდო თავდამსხმელია ლიხნიში „წმინდა ხის“ დაზიანებაში ბრალდებული ძმებიდან ერთ-ერთი, ირაკლი ბაღათელია. მამაკაცი სასულიერო პირს ცარიელ დერეფანში ჩაუსაფრდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო დერეფანში სტუდენტების გამოჩენისთანავე გაუჩინარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაღათელია ლიხნის ცაცხვთან დაკავშირებით მიტროპოლიტ დოროთეოსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა აღაშფოთა. იგი ცდილობდა სასულიერო პირთან შეხვედრას ახალი ათონის მონასტერში, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა.
თავის მხრივ, დოროთეოსი დბარი აცხადებს, რომ „მას კითხვები აქვს არა ფსიქიურად დაავადებული ადამიანის, არამედ მისი ნათესავებისა და სამართალდამცავების მიმართ“.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ძმებმა ირაკლი და დაურ ბაღათელიებმა ბენზოხერხით ლეგენდარული კავკასიური ცაცხვი დააზიანეს, რომელიც სოფელ ლიხნის ისტორიული ჭალის სულიერ სიმბოლოდ ითვლება. თავდაპირველად გამოძიებას რამდენიმე ვერსია ჰქონდა მომხდარის მიზეზებზე, მათ შორის განიხილებოდა ქართული სპეცსამსახურების „დივერსიაც“, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ დამნაშავეები რელიგიური მოტივით მოქმედებდნენ და მათი მიზანი წარმართული სიმბოლოს განადგურება იყო. როგორც დოროთეოსი დბარი სოციალურ ქსელში წერდა, ვანდალიზმი აფხაზეთში დონეცკიდან ჩასული მართლმადიდებელი მღვდლის “დავალებითა და კურთხევით“ მოხდა.
აფხაზეთში ამჟამად მართლმადიდებლური სტრუქტურის სახით ორი თემი ფუნქციონირებს. ერთი მათგანი არის „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ მამა ბესარიონ აპლიას მეთაურობით, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს რუსულ ეკლესიასთან გაერთიანებას და ამ საკითხზე რუსეთის პატრიარქ კირილესაც მიმართა. მეორე სტრუქტურა არის ახალ ათონში მოქმედი მართლმადიდებლური ორგანიზაცია - „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“. მას სწორედ არქიმანდრიტ დოროთეოსი დბარი ხელმძღვანელობს, რომელიც, ბესარიონ აპლიასგან განსხვავებით, აღიარებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთში და მიიჩნევს, რომ აფხაზური ეკლესიის კანონიკური სტატუსი საქართველოს ეკლესიასთან მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს.
აფხაზეთის ე.წ. ეროვნულ მუზეუმში შამილ ბასაევის პორტრეტის გამოფენას რუსეთის უკმაყოფილება მოჰყვა
აფხაზეთის ეროვნულ მუზეუმში ჩეჩენი საველე მეთაურის, შამილ ბასაევის პორტრეტი გამოფინეს, რამაც მოსკოვის უკმაყოფილება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ 1992 წელს, რუსეთში ტერორისტად მიჩნეული ჩეჩენი მეამბოხე მეთაური შამილ ბასაევი აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა, რის გამოც მას ე.წ. უმაღლესი ეროვნული ჯილდო, “აფხაზეთის გმირის” მედალიც გადასცეს. მისი პორტრეტი მუზეუმში სწორედ “აფხაზეთის გმირების” სახელობის გამოფენის ფარგლებში ჩამოკიდეს.
მუზეუმში ბასაევის ფოტოების გამოჩენას ათობით რუსი ბლოგერი და პოლიტოლოგი კრიტიკით გამოეხმაურა. მიუხედავად ამისა, მუზეუმის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ექსპოზიციიდან ფოტოს ამოღებას იქამდე არ აპირებს, სანამ ამას სასამართლო არ გადაწყვეტს, ან ბასაევს გმირის წოდებას არ ჩამოართმევენ. „[ბასაევი] აფხაზეთის სამამულო ომის დროს ქართულ ჯარზე გამარჯვებაში დაგვეხმარა. იგი ჩვენი ისტორიის ნაწილია და მის ფოტოს ჩვენი ნებით არ ჩამოვხსნით“, - აღნიშნეს მუზეუმში.
შექმნილ ვითარებაში აფხაზეთში ე.წ. რუსეთის საელჩო ჩაერია და პორტრეტის გამოფენა „დაუშვებლად“ მიიჩნია. „საელჩოს“ განცხადებით, მან მუზეუმის ხელმძღვანელობისგან უკვე მიიღო დაპირება, რომ „უმოკლეს დროში მდგომარეობა გამოსწორდება“. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მუზეუმმა ბასაევის პორტრეტი არ ჩამოხსნა, თუმცა საგამოფენო დარბაზი დროებით დახურა.
ადგილობრივი საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს კამპანია მოსკოვის მხრიდან აფხაზეთზე ზეწოლის ნაწილია. “შამილ ბასაევის პორტრეტი რამდენიმე წელია აფხაზეთის მუზეუმებშია გამოფენილი, მოსკოვში კი ეს მხოლოდ ახლა შენიშნეს. რატომ? რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში კრიზისია (თუმცა ორივე მხარე ამას სიტყვიერად უარყოფს), ხვალ მნიშვნელოვანი კენჭისყრაა პარლამენტში [საუბარია „ეკონომიკურ საკითხებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირებაზე] და კრემლი იძლევა სიგნალს: მოიქეცით როგორც გეუბნებით, თორემ კიდევ ბევრ რამეს შეგახსენებთ“, - წერს ტელეგრამ-არხი „აფხაზეთის ცენტრი“.