Accentnews.ge
შახი და მატი აფხაზეთს: როგორ მიჰყავს რუსეთს პარტია გარდაუვალი გამარჯვებისკენ

შახი და მატი აფხაზეთს: როგორ მიჰყავს რუსეთს პარტია გარდაუვალი გამარჯვებისკენ

03/10/2024 09:02:29 კონფლიქტები

რუსეთის მიერ დაწესებული ფინანსური შეზღუდვების საპასუხოდ აფხაზეთმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი დათმობისკენ: 25 სექტემბერს დე-ფაქტო პარლამენტმა დაჩქარებულად მოახდინა მოსკოვთან ჯერ კიდევ 2022 წელს გაფორმებული დოკუმენტის - „ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებისა და აღსრულების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება.

ამ გადაწყვეტილებას 27-მა „დეპუტატმა“ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ვერავინ წავიდა - ორმა ყველაზე გულადმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, ზოგიერთებმა კი სულაც სხდომათა დარბაზიდან გასვლა არჩიეს. ასე, რომ რუსული ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა ხანმოკლე აღმოჩნდა - როგორც ჩანს, ფინანსური დახმარების გემომ პატრიოტული გრძნობები სწრაფად გადაწონა.

თავად დოკუმენტში, ერთი შეხედვით, არაფერია განსაკუთრებული ან აფხაზეთისთვის საფრთხისშემცველი. დე-ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს შეთანხმება დამცავ მექანიზმად იქცევა არა მარტო რუსეთის მოქალაქეებისთვის, არამედ თავად აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვისაც, რომლებიც სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში დააპირებენ შესვლას. მმართველი გუნდი აპელირებს ასევე საერთაშორისო პრაქტიკაზე, კერძოდ, უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ გაერო-ს კონვენციაზე, რომლის მონაწილეც 172 სახელმწიფოა, რუსეთის ჩათვლით.

მაგრამ ასეა კი რეალურად?

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის რატიფიცირებამ მასობრივი პროტესტის გარეშე ჩაიარა, განსხვავებით ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებისა და „აპარტამენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის შემთხვევებისაგან, არაერთი ექსპერტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი არცთუ უსაფუძვლოდ მრავალ ფარულ რისკზე მიუთითებს.

ამ კუთხით საყურადღებოა, უპირველესად, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც შეთანხმების რეტროაქტიურ მოქმედებას ადგენს. ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტი შეიძლება, გავრცელდეს იმ სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებზეც, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლამდე იქნა მიღებული. ეს კი სერიოზული იურიდიული შედეგების მომტანია: ნებისმიერ სასამართლო პრაქტიკაში ყოველთვის არსებობენ როგორც გამარჯვებულები, ისე დამარცხებულები და მაღალი ალბათობით, დამარცხებულები სწორედ აფხაზები აღმოჩნდებიან.

მაგრამ ნელი მოქმედების მთავარი ნაღმი, რომელიც ხსენებულ შეთანხმებაშია ჩადებული, სერიოზულ საფრთხეს უქმნის იმას, რასაც აფხაზები ყველაზე მეტად უფრთხილდებიან - დემოგრაფიულ ბალანსსა და კულტურულ იდენტობას.

იმის გათვალისწინებით, რაოდენ კუდამოძუებულები არიან რუსეთის წინაშე როგორც დე-ფაქტო ხელისუფლება, ისე ყველაზე გააფთრებული ოპოზიციონერებიც, შემდგომში მოვლენები, მაღალი ალბათობით, კოზაკი-ბჟანიას რეზონანსულ პროტოკოლში გაწერილი სცენარით განვითარდება. კერძოდ, როგორც ცნობილია, სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებასთან ერთად, რუსულმა მხარემ აფხაზურს სხვა ულტიმატუმებიც წაუყენა, მათ შორის - „რუსეთის იურიდიულ პირთა მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერა და კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი შეზღუდვების გაუქმება. ნათელია, რომ ეს საკითხები ერთმანეთთან კავშირშია და ერთიან კონტექსტში უნდა იქნას განხილული: რუსეთი აფხაზეთის შიდა საინვესტიციო კანონმდებლობას არ ენდობა და უძრავი ქონების სფეროში საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართლებრივი ბაზის შექმნას ცდილობს. სწორედ ამით აიხსნება სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებისა და რუსული ინვესტიციების დაცვის იმ ახალი ვალდებულებების წარმოშობაც, რომლებიც „რუსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობათა ჰარმონიზების პროგრამის“ მიმდინარე წლის თებერვალში ხელმოწერილ მეორე ეტაპშია გაწერილი. შესაბამისად, ეჭვგარეშეა, რომ აფხაზური დღის წესრიგის შემდგომ პუნქტად იქცევა ინვესტიციების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რის შემდეგაც საქმე უცილობლად მივა რუსეთის მოქალაქეებისთვის აპარტამენტების მშენებლობამდეც.

"აპარტ-ოტელების შესახებ" კანონპროექტის თანახმად, რომლის ინიცირებაც „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ უკვე ორჯერ სცადა, ნავარაუდებია აპარტამენტებისთვის არა საცხოვრებელი ფართის, არამედ მუდმივი ცხოვრებისთვის არგათვალისწინებული კომერციული ობიექტის სტატუსის მინიჭება. ეს კი ნიშნავს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აპარტამენტები ავტომატურად მოექცევა „სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების“ შესახებ უკვე რატიფიცირებული შეთახმების იურისდიქციის ქვეშ.

საგულისხმოა, რომ აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის ამასწინანდელი „საპარლამენტო“ განხილვისას, რომლის დროსაც დე-ფაქტო პრეზიდენტის მხარდამჭერები აქტიურად ცდილობდნენ მის ლობირებას, მათ არ შეუთავაზებიათ არანაირი დამცავი მექანიზმი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ახლადგამომცხვარი რუსი მეზობლები აპარტამენტებში მუდმივ საფუძველზე არ დასახლდნენ. ასე, მაგალითად, „დეპუტატ“ რეზო ზანთარიას ხედვით, აფხაზეთი თავად რუსი მესაკუთრეების კეთილსინდისიერებას უნდა მიენდოს - „მათ უნდა დაიცვან და აუცილებლად დაიცავენ ადგილობრივ რეგულაციებსო“, ასევე ზამთრის კლიმატს, რომელიც, ზანთარიას ღრმა რწმენით, აფხაზეთში ხანგრძლივად ცხოვრებას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

"საპარლამენტო" განხილვისას გაიჟღერა ასევე წინადადებამ, აპარტამენტებში ცხოვრების ვადებზე კონტროლი ადგილობრივ უშიშროების ორგანოებს დაეკისროთ. თუმცა თუ აქამდე სცენა, რომლის დროსაც ფორმიანი პირი მესაკუთრეს საცხოვრისში ეჭრება და მის დაცლას სთხოვს, ძნელი წარმოსადგენი იყო, მაგრამ თეორიულად შესაძლებელი, ამიერიდან - "სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთერთაღსრულების შესახებ" შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, რაიმე პრევენციული ზომების განხილვამ და ადგილობრივ კანონმდებლობაზე დაყრდნობით მესაკუთრის მისივე საკუთრებიდან გასახლების შესაძლებლობაზე საუბარმა საერთოდ დაკარგა აზრი: მესაკუთრეს ხომ შეუძლია, რუსულ სასამართლოს მიმართოს და დიდად საეჭვოა, „მსოფიოში ყველაზე ჰუმანურმა" სასამართლომ აფხაზური კანონების დაცვა გადაწყვიტოს: ეს ხომ ევროპული დემოკრატიული სასამართლო არაა, ასე, რომ მაღალი ალბათობით, რუსული უწყება იპოვის შემოვლით გზებს აფხაზეთის ინტერესების საზიანოდ რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. აფხაზურ „სასამართლოს“ კი სხვა აღარაფერი დარჩება, თუ არა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „სტრატეგიული პარტნიორის“ მორიგი სანქციების თავიდან ასაცილებლად რუსულის გადაწყვეტილებას დაემორილოს.

შემთხვევითი როდია სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ კონსტანტინე ზატულინის მიერ აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლებთან ამასწინანდელ შეხვედრაზე გაკეთებული პირდაპირი განცხადებაც - „აპარტამენტები აფხაზეთში - ეს მხოლოდ და მხოლოდ ხერხია უძრავი ქონების გაყიდვაზე მოქმედი აკრძალვისთვის გვერდის ასავლელადო“.

ამგვარად, რუსეთი დაუფარავი შანტაჟისა და ზეწოლის გამოყენებით უკვე აღწევს აფხაზეთში საკუთარ მიზნებს, უძრავი ქონების შესყიდვაზე მოქმედი აკრძალვის ფაქტობრივი გაუქმების ჩათვლით.

ამის შემდეგ კი, მაღალი ალბათობით, უნდა ველოდოთ რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზური „მოქალაქეობის“ მასობრვ მინიჭებას: კრემლი, ცხადია, ამ საკითხს არა უბრალოდ იმისთვის ლობირებდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში საკუთრებაში რამდენიმე ათეული კვ. მეტრი საცხოვრისი მიეღოთ, არამედ უფრო მასშტაბური მიზნებისთვის, მათგან გამომდინარე ყველა პოლიტიკური და დემოგრაფიული შედეგით.

რომ შევაჯამოთ, რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები სულ უფრო მეტად ემსგავსება ჭადრაკის პარტიას, რომელშიც კრემლის ყოველი სვლა რუსეთს მთელი დაფის კონტროლსა და გარდაუვალ მატთან აახლოებს.

ეკა ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S