03-10-2024 16:00:39 საზოგადოება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა ნაწილი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ მოხვდა. ამ პრობლემის შესახებ ბევრი მოქალაქე წერს, მათ შორის არის თამარ დემურია, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი, დევნილი აფხაზეთიდან.
„ეს მხოლოდ ჩემი ბრძოლა არაა. ვიბრძვი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომელსაც ხმის მიცემა შეუზღუდეს!“,- ხაზს უსვამს თამარი.
ის იხსენებს, რომ პრობლემა, რომელსაც ამჯერად შეეჩეხა და არჩევნებში მისი მონაწილეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, პირველად წამოიჭრა მიუხედავად იმისა, რომ არაერთ არჩევნებში მიუღია მონაწილეობა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მიზნით.
„მე და ჩემი მეგობრები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საკონსულოში რეგისტრაციის კუთხით ვეხმარებით საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს. გარდა ამისა, უბნების გახსნის მოთხოვნით გაგზავნილი გვქონდა განცხადებები, რეგიონებში დავდიოდით ხელმოწერების შესაგროვებლად. თუმცა ახალი პრობლემა გამოგვიჩნდა - როდესაც ვარეგისტრირებდით მოქალაქეებს და შემდეგ ვამოწმებდით (რეგისტრაცია შედგა თუ არა), აღმოვაჩინეთ, რომ მე და ჩემი მეგობარი (ორივე აფხაზეთიდან დევნილები ვართ - მე გალელი ვარ, ის - სოხუმელი) ცესკოს სიაში არ ვიყავით. ცხადია, გადავამოწმეთ დევნილთა სამინისტროში, საიდანაც ცესკო-ში გადაგვამისამართეს, რადგან დევნილის სტატუსი მოხსნილი გვაქვს და მათ აღარ ეხებათ ჩვენი პრობლემა. ცესკო გვეუბმება, რომ „მათ უნდა გაუგზავნონ ჩვენზე იმფორმაცია“ და ასე გავიჩხირეთ ამ ორ ინსტიტუციას შორის! შემდეგ განცხადებით მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რადგან აღმოჩნდა, რომ მხოლოდ დევნილები არ ვართ ამ მდგომარეობაში - სხვადასხვა კატეგორიები ამოტივტივდა ამ სიტუაციაში - ვინც არის საკონსულოში რეგისტრაციაზე და არ იძებნება ცესკოს ერთიან სიაში“,- იხსენებს თამარი.
„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენი იურიდიული მისამართი არის მხოლოდ გალში და სოხუმში, არ გვაქვს ფაქტობრივი მისამართი თბილისში - ეს საკითხი ვერ გავარკვიერთ, რადგან პირადად მე 24 წელია, საფრანგეთში ვცხოვრობ, ყველა არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას, რადგან ვიცი, რომ ეს მოქალაქეობრივი ვალია, ჩართული ვარ საქართველოს ამბებში და გული გამისკდება, ხმა რომ არ მივცე! ეს არის პირველი არჩევნები, რომელზეც შემექმნა პრობლემა. მახსენდება ოთარ ჭილაძის სიტყვები, „დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც არ დამითმიაო“ - ახლა გვათმობინებენ იმას, რაც არ დავთმეთ! ჩემს შემთხვევაში, მისამართს გალში! ჩვეულებრივი შანტაჟია! იმ შემთხვევაში, თუ დავთმობ გალის მისამართს და გადმოვეწერები თბილისში, შევძლებ ხმის მიცემას, მაგრამ თუ არ გადმოვეწერები, ვერ შევძლებ - ჩემს კონსტიტუციურ უფლებას მართმევენ!“
არსებობს სხვა ანალოგიური ისტორიებიც, მაგალითად, სოხუმელმა ლადო სამუშიამ, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, აღმოაჩინა, რომ არ არის ერთიან სააერჩევნო სიაში:
„დიდი ხანია ვმუშაობ ამერიკაში ლეგალურად. მაქვს ქართული პირადი ნომერი, პასპორტი, პირადობა, რეგისტრირებული ვარ საქართველოს საკონსულოში (ნიუ იორკი). წალენჯიხაში მაქვს სახლი, რომელიც რეესტრში ჩემს სახელზეა გატარებული. მოკლედ, ტყეში გავარდნილი აბრაგი არ ვარ. ვარ პატიოსანი მოქალაქე და სახელმწიფომ იცის, რომ ნამდვილად ვარსებობ.
მინდოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ვიყიდე კანზას-ნიუ-იორკის ავიაბილეთი, დავჯავშნე სასტუმრო. ვიფიქრე, მივალ უბანზე, ვაჩვენებ პასპორტს და მივცემ ხმას. თითქოს მარტივია, მაგრამ ნურას უკაცრავად. როგორც აღმოჩნდა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებ იმიტომ, რომ ცესკოს სიაში არა ვარ და ამასთან, არ არსებობს არანაირი გზა ცესკოს სიაში მოხვედრის“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ლადო ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც ამომრჩეველთა სიაში ვერ მოხვდა, ისაა, რომ ოფიციალურად რეგისტრირებულია სოხუმის მისამართზე:
„ამ მისამართით ხმას ვერ მისცემ იმიტომ, რომ სოხუმი ოკუპირებულიაო. თუ გინდა სხვა მისამართზე დარეგისტრირდე (მაგალითად, აშშ – ში ან წალენჯიხაში), უნდა მიმართო იუსტიციის სამინისტროს, რომელიც დაგარეგისტრირებს, მაგრამ სოხუმის მისამართს ამოშლისო. სოხუმის მისამართის დატოვება და დროებით/ფაქტობრივ სხვა მისამართზე რეგისტრაციის უფლება შენით არ გაქვსო. ეს უნდა გააკეთოს დევნილთა სამინისტრომო.
დევნილთა სამინისტრომ ამას ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ დევნილის სტატუსი შეჩერებული გაქვსო. დევნილის სტატუსი შეჩერებული იმიტომ გაქვს, რომ უცხოეთში ცხოვრობ და მუშაობ დიდი ხანიაო. მაგრამ უცხოეთში ვერ დარეგისტრირდები იმიტომ, რომ სოხუმში ხარ რეგისტრირებულიო.
ანუ, თელაველი რომ ვიყო, შევძლებდი ნიუ-იორკიდან ხმის მიცემას, მაგრამ რადგან სოხუმელი ვარ, არ შემიძლია.
დევნილთა სამინისტრო ჩემს ფაქტობრივ მისამართს ვერ ამატებს სიაში იმიტომ, რომ მაგათ თვალში ოფიციალურად დევნილი არ ვარ, მაგრამ ამავე დროს ნიუ-იორკის საკონსულო ვერ მამატებს სიაში იმიტომ, რომ სოხუმიდან ვარ.
თქვენ გაიგეთ რამე? ვერც მე. ჰოდა, მე არაფერი არ მიჭირს. ჩავალ ნიუ-იორკში და ერთი დღე ბროდვეიზე გავისეირნებ, მაგრამ თქვენ ასე აპირებთ ღირსებით ევროპაში შესვლას?“ – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი შარაბიძის თქმით, საარჩევნო უფლება უნივერსალური არაა და იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, კანონით გათვალისწინებულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.
როგორც მან „ტვ პირველთან“ თქვა, დევნილი მოქალაქე, რომელსაც არ აქვს ფაქტობრივი მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე და მასზე ინფორმაციას ცესკოს არ აწვდის დევნილთა სამინისტრო, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ მოხვდება.
კითხვაზე, ახლა რატომ გაიგეს დევნილებმა, რომ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე პასუხობს, რომ მისი თქმით, როცა დევნილები დაინტერესდნენ და ცესკოს დაუკავშირდნენ, ცესკომ ინფორმაცია მაშინ მიაწოდა.
ამასთან დაკავშირებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია - „ჩემი ხმა“ ცესკოს მიმართავს კითხვით, „რატომ არ ხდება საზღვარგარეთ მყოფი იმ პირების ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანა, რომლებიც რეგისტრირებული არიან აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ან/და შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებით მოხსნილი აქვთ დევნილის სტატუსი?“
„აღმაშფოთებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის უფლების შეზღუდვის ფაქტი. მიგვაჩნია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს საკანონმდებლო ბერკეტი, რათა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგისტრაციის არმქონე დევნილ და არა დევნილ თანამოქალაქეებს სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანის გზით“,- ხაზს უსვამს კოალიციის წარმომადგენელი ლონდა თოლორაია.
„საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა, მათი რაოდენობის გათვალისწინებით, არჩევნების შედეგებისთვის არსებითია“,- ამბობს თოლორაია და ვინაიდან საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ 5 დღე, მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, დაუყოვნებლივ შექმნას და აამუშაოს საკომუნიკაციო ეფექტური ცხელი ხაზი საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რათა, დროულად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე უზრუნველყოფილი იქნეს არჩევნებში მათი მონაწილეობა.