04-10-2024 14:31:08 კონფლიქტები ,პოლიტიკა
მოსკოვი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სხვა ლოკაციაზე გადატანის საკითხზე "აქტიურად მუშაობს". ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ოს და აფხაზ კოლეგებთან ერთად კონსულტაციებზე, რომლებიც ბოლო დრომდე ჟენევაში იმართებოდა. ახლა ვნახავთ, სად იქნება უფრო ხელსაყრელი მსგავსი შეხვედრების ორგანიზება" - განაცხადა ლავროვმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას.
მიმდინარე წლის აპრილში ამ თემაზე განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვს "ჟენევის დისკუსიების სხვა ქვეყანაში გადატანის საკითხი პრაქტიკულ ჭრილში გადაჰყავს". თუმცა მას შემდეგ ამ კუთხით ახალი ჯერ არაფერი მომხდარა.
ცნობისთვის: საერთაშორისო ფორმატის სხვა ლოკაციაზე გადატანის საკითხის დღის წესრიგში დადგომის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციებია, მათ შორის - სავიზოც.
ჟენევის დისკუსიების ფორმატი
ჟენევის დისუსიები (GID) საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატია, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, იმავე წლის 15 ოქტომბერს ჩამოყალიბდა. საერთაშორისო დისკუსიები ეუთო-ს, ევროკავშირისა და გაერო-ს ხელმძღვანელობით, ასევე აშშ-ის ჩართულობით 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე მხარეების - საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის იმართება, თუმცა მოლაპარაკებებზე წარმოდგენილები არიან რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებიც. დისკუსიების მიზანს წარმოადგენს უსაფრთხოების კომპლექსური მექანიზმებისა და გარანტიების შემუშავება მთლიანად რეგიონისთვის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ჩათვლით.
რუსეთის მიერ 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის" აღიარების შედეგად ოკუპირებულ რეგიონებში გაერო-სა და ეუთო-ს მისიების შეწყვეტის შემდეგ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი რჩება ერთადერთ საერთაშორისო პლატფორმად კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისა და დაინტერესებული მხარეების კონტაქტებისათვის.
ბოლო დრომდე მოლაპარაკებები წელიწადში ოთხჯერ გაერო-ს ჟენევის ოფისში, ორ პარალელურ პანელად იმართებოდა. პირველში განიხილებოდა უსაფრთხოების საკითხები, აქცენტირებით რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევაზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე, ხოლო მეორეში - კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული თემები, როგორიცაა, მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიერ განათლების მშობლიურ ენაზე მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა.
ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების მიღწევა არის ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი ცენტრალური საგანი. 2010 წლის 23 ნოემბერს, ევროპარლამეტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივი დეკლარაციის ფორმით აიღო ძალის არგამოყენების ვალდებულება - პირობა, რომ საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად და მხოლოდ თავდასხმის შემთხვევაში იტოვებს ძალის გამოყენების უფლებას. რუსეთს სამასუხო ნაბიჯი ამ დრომდე არ გადმოუდგამს და არც აპირებს, რადგან მთელი ომისშემდგომი წლების განმავლობაში ცდილობს, საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს 2008 წლის ომის მხარეები არა მოსკოვი და თბილისი იყო, არამედ თბილისი და ცხინვალი იყვნენ, რუსეთი კი არც მხარეა, არც აგრესორი - უბრალოდ "იძულებული იყო, შეეჩერებინა ქართველი აგრესორი, ეიძულებინა მშვიდობისთვის თბილისი, რომელიც მძინარე ცხინვალს დაესხა თავს".
რატომ არგებს მოსკოვს ისტორიის გადაწერის "ოცნებისეული" მცდელობები
2008 წლის ომის შესახებ სწორედ ამ რუსულ სადეზინფორმაციო ნარატივს ამყარებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების - "ქართული ოცნების" ლიდერშიფის, მათ შორის საქართველოს ფაქტობრივი მმართველის - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელი განცხადებები "სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ოსი ძმების ცეცხლში გახვევის", ამის გამო ოსებისთვის "ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა" და საქართველოს იმჟაინდელი ხელისუფლებისთვის "ნიურნბერგის პროცესის მოწყობის" განზრახვის თაობაზე, რომლებშიც რუსეთი საერთოდ არ იყო ნახსენები - ზუსტად ისევე, როგორც პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ამასწინათ გაერო-ს ტრიბუნიდან წარმოთქმულ სიტყვაში, რომელშიც მან, მათ შორის, "ოს და აფხაზ ძმებთან შერიგებაზე" მორიგი ტრივიალური მოწოდებები გააჟღერა.
ანალიტიკოსებმა ეს "ქართული ოცნების" მხრიდან "ისტორიის გადაწერის რუსეთისთვის სასარგებლო მცდელობად" შეაფასეს. "ქართულმა ოცნებამ" კი ერთის მხრივ, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის რისხვა დაიმსახურა, ხოლო მეორეს მხრივ - მოსკოვის მორიგი შექება "წარსულის სწორად გააზრებისთვის", "ისტორიული სიმართლის აღიარებისთვის" და დაპირება, საქართველოს მის მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" შერიგებაში დაეხმაროს". ამასთან, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ამ ცინიკურ დაპირებაში სოხუმი და ცხინვალი "საქართველოს მეზობლებად" იყვნენ მოხსენიებულნი და ამის მიუხედავად, "ოცნების" წევრებმა იგი პოზიტიურად" შეაფასეს, შეეცადნენ, მოსკოვის პოზიციის ერთგვარ ცვლილებად წარმოეჩინათ და მოსკოვს "პრაქტიკულ ნაბიჯებზე გადასვლისკენ, მაგალითად, ჯარების გაყვანის გეგმის შემუშავებისკენ" მოუწოდეს, თუმცა მალევე მიიღეს მოსკოვიდან მკვახე პასუხი: არც ჯარების გაყვანას ვაპირებთ, არც აღიარების უკან წაღებას - 2008 წლის გადაწყვეტილებები არ გადაიხედებაო.
რა პოზიცია ეკავა ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებასთან მიმართებაში თბილისს ბოლო დრომდე
საქართველოს ოფიციალური პოზიცია, რომელიც 2008 წლიდან ბოლო დრომდე უცვლელი იყო, იმაში მდგომარებდა, რომ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმომწერი მეორე მხარე უნდა იყოს რუსეთის ფედერაცია და არა მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებები. ქართულ მხარეს ამასთან დაკავშირებით გააჩნდა რამდენიმე არგუმენტი:
დევნილების დაბრუნების პრობლემა
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნება, რომელზეც მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება. საუბარია აფხაზეთიდან (1992-1993 წწ.) და ცხინვალის რეგიონიდან (1989-1992 წწ.) იძულებით გადაადგილებულ პირებზე, უმეტესად ეთნიკურ ქართველებზე.
2007 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული იყო 251 000-ზე მეტი პირი, რომელიც დევნილად 1990-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იქცა. ეს რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენდა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ კი მათ რიცხვს კიდევ 26 000-მდე პირი შეემატა.
რუსეთის მიერ წაქეზებული სოხუმისა და ცხივალის რეჟიმების წარმომადგენლები დევნილთა საკითხზე მოლაპარაკებებს პროტესტით ხვდებიან. მათი მხრიდან მართალია, უსუსურ, მაგრამ არგუმენტად სახელდება საქართველოს მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის შემდეგ ყოველ წელს ინიცირებული რეზოლუციები იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, რომებსაც სულ ურო მეტი სახელმწიფო უერთდებოდა.
****
როგორ აპირებს, მათ შორის, ამ პრობლემის დაძლევას ივანიშვილი, რომელიც თავის წინასაარჩევნო შეხვედრებზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ვითომდა "ყოველ წუთს მოსალოდნელი ტერიტორიული გამთლიანების" თაობაზე და ამისთვის "ქვეყნის საკონსტიტუციო დონეზე მოსამზადებლად" მმართველი გუნდისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მინიჭებას მოითხოვს, სრულიად გაუგებარია:
არც ცხინვალთან, არც სოხუმთან, არც მოსკოვთან რაიმე ოფიციალური თუ არაოფიციალური მოლაპარაკებების შესახებ დღემდე არავის არაფერი სმენია;
მმართველ გუნდს კონფლიქტების მოგვარების არანაირი გეგმა არავისთვის წარუდგენია და არც წინასაარჩევნო განცხადებებში უთქვამს ამ კუთხით თუნდაც რაიმე კონკრეტული - თუ არ ჩავთვლით "მოძმე ოსების ცეცხლის ალში გახვევისთვის ბოდიშის მოხდისა" და "ნაციონალების დანაშაულებრივი რეჟიმისთვის ნიურნბერგის პროცესის მოწყობის" დაპირებებს, რომელმაც, აშკარაა, პოზიცია ვერც მოსკოვს შეაცვლევინა და შესაბამისად, ვერც სოხუმსა და ცხინვალს.