08-10-2024 17:54:02 კავკასია
სომხეთი არ შეუერთდა დსთ-ს განცხადებებს, რომლითაც რუსეთი და მისი მოკავშირეები დასავლურ სანქციებს გმობენ და გამოდიან ევრაზიაში ახალი, „მრავალვექტორული საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის“ შექმნის ინიციატივით.
მოსკოვში მიღებული ერთი დოკუმენტი, დსთ-ს სამდივნოს პრესცენტრის ცნობით, გმობს დაუსახელებელი ერებისა და ბლოკების მიერ, „ცალმხრივ შემზღუდავ ნორმებს“ - საქნციებს - რათა „აიძულონ სხვა სახელმწიფო, შეცვალოს თავისი პოლიტიკა“.
„შემზღუდავ ნორმებში“ განცხადება ასახელებს სახელმწიფოს აქტივების გაყინვასა კონფისკაციას, ასევე, მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი „შემზღუდავი ნორმები“ არღვევს საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდებას.
მეორე განცხადებაში, რომელსაც სომხეთმა ასევე არ მოაწერა ხელი, ასახულია „თანამშრომლობის პრინციპები ევრაზიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.
დსთ-ს სამდივნოს განცხადებით, ეს განცხადება ხაზს უსვამს „საერთაშორისო ურთიერთობებში ისეთი წესების, სტანდარტებისა და ნორმების დაწესების დაუშვებლობას, რომელთა შემუშავებაში არ იყო უზრუნველყოფილი ყველა დაინტერესებული სახელმწიფოს თანაბარი მონაწილეობა“.
ამავე განცხადებით ხელმომწერი ქვეყნები „მტკიცედ გმობენ იძულებითი დიქტატის ნებისმიერ მცდელობას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ევრაზიაში ინტეგრაციისა და თანაბარუფლებიანი თანამშრომლობის პროცესების შელახვას ისახავს მიზნად“.
ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთი გააქტიურდა დასავლეთის მიმართულებით განსხვავებით საქართველოსგან, რომელიც მწვავე დაპირისპირებაშია პარტნიორებთან. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2024 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით სომხეთი მოლაპარაკებებს იწყებს ევროკავშირთან.
შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიას“ აქვს ინიციატივა, „ფორმალიზდეს“ სომხეთის, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის პარტნიორის სტატუსი.