საკონსტიტუციომ „აგენტების კანონი“ არ შეაჩერა: რა სამართლებრივი ინსტრუმენტი რჩება?

09-10-2024 17:08:03 პოლიტიკა ,საზოგადოება ,კომენტარი

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა „აგენტების კანონის“ მოქმედება და სარჩელები ნაწილობრივ მიიღო განსახილველად, მოსარჩელეები ხაზგასმით აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ ბრძოლას ამ სადავო კანონის სრულ გაუქმებამდე. დაანონსებულია დავის გაგრძელება როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე საერთაშორისო სასამართლოებში.

ინფორმაციისთვის: მოსამართლეებმა ხმათა უმრავლესობით მიიჩნიეს, რომ „აგენტების კანონი“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისთვის მყისიერ საფრთხეს არ ქმნის, შესაბამისად, უარი თქვეს განხილვების დასრულებამდე მისი მოქმედების შეჩერებაზე.

ვინაიდან დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების კუთხით ეროვნულ დონეზე რესურსი ფაქტობრივად, ამოიწურა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის ირგვლივ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, „აქცენტი“ დაინტერესდა, მოსალოდნელია თუ არა ამ მიმართულებით დავის გაგრძელება მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

„დიახ, ერთ-ერთი ინსტრუმენტი ესეც იქნება, რაზეც შეიძლება ვიფიქროთ, მათ შორის საერთაშორისო სამართალწარმოების დროს“,- უთხრა „აქცენტს“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა გურო იმნაძემ, თუმცა იქვე დასძინა, რომ ჯერ დრო და ფორმები არ არის გადაწყვეტილი.

მნიშვნელოვანი გარემოება: იმნაძე „აქცენტთან“ განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს და ევროპული სასამართლოს სამართალწარმოება განსხვავებულია:

„საკონსტიტუციო სასამართლო დროებითი შეჩერების მექაზნიზმით თუკი აჩერებს უშუალოდ კანონის მოქმედებას, ევროპულ სასამართლოში ასეთი მექანიზმი არ არსებობს - ევროპულმა სასამართლომ კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიძლება გამოიყენოს შეჩერების მექასნიზმი ან ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების კონკრეტულ ქმედებაზე. მთლიანად კანონს ან კანონის რომელიმე მუხლის მოქმედებას ვერ შეაჩერებს“.

ამდენად, უკვე მოქმედი კანონის საფუძველზე სახელმწიფო უწყების მხრიდან რომელიმე კონკრეტული მოქმედების განხორციელების შემთხვბევაში უფრო ეფექტურია შეჩერების მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით ევროპული სასამართლოსადმი მიმართვა. ამგვარი ქმედება კი შეიძლება იყოს, მათ შორის, ორგანიზაციებთან მიმართებით მონიტორინგის დაწყება, დაჯარიმება.

რაც შეეხება ეროვნულ დონეზე დავის გაგრძელებას, სასამართლომ წარმოებაში მიღებული სარჩელების მიხედვით, უნდა დაადგინოს, კანონის სხვადასხვა ნაწილი რამდენად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ შემდეგ უფლებებსა და ვალდებულებებს:

  • ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას (კონსტიტუციის 78-ე მუხლი);
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობას (მე-15 მუხლი);
  • აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას და ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას (მე-17 მუხლი);
  • გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს (მე-17 მუხლი);
  • გაერთიანების თავისუფლებას (22-ე მუხლი);
  • კონსტიტუციურია თუ არა კანონის გასულ წელზე გავრცელება (მონაცემების შევსება). (31-ე მუხლი).

იმნაძე გვეუბნება, რომ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან სარჩელის ფორმალური სამართლებრივი პოიტენციალი და რეალობა:

„პირველის შემთხვევაში, იმ ფარგლებით, რომლითაც მიიღო სასამართლომ სარჩელი, აბსოლუტურად არის შესაძლებელი დავა ამ კანონის კონსტიტუციურობაზე, მის დამაზიანებელ შედეგებზე, მაგრამ რეალობა გვაქვს ის, რაც გვაქვს - ჩვენ არ გვყავს დამოუკიდებელი მოსამართლეები და მიტაცებულია სასამართლო! ამგვარ რეალობაში მოლოდინები, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს დროულად, სამართლიანად განიხილავს, საფუძლიანი არ არის და ამას კიდევ ერთხელ აჩვენებს, მათ შორის, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებაც, როდესაც სასამართლომ ნორმების დროებით შეჩერებაზე უარი თქვა!“

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა სავალდებულო პროცედურა არ იყო, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, განსხვავებული სპეციფიკა აქვს საკონსტიტუციოში და ევროპულ სასამართლოში დავას - „თავად ევროპულ სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა არ არის სავალდებულო მექანიზმი, რომ ამოიწუროს ქვეყნის შიდა ევროვნული მექანიზმები“. ამდენად, მისი თქმით, საკონსტიტუციოსადმი მიმართვა ერთის მხრივ, იყო მოკლე გზა კანონის მავნე ზეგავლენის შესაჩერებლად, მეორეს მხრივ - შანსი მოსამართლეებისთვის, რომელიც არ გამოიყენეს:

„ამ სამართლებრივი დავის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო და ეს ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა, უნდა გვეცადა, მათ შორის, მოსამართლეებისთვის კიდევ ერთხელ უნდა მიგვეცა შანსი, ეჩვენებინათ, რომ არიან დამოუკიდებლები, მაგრამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მოსამართლეებმა (გარდა ორი გამონაკლისისა), რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლო მიტაცებულია!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები