10-10-2024 17:07:58 კომენტარი
პოლიტოლოგი მიხეილ სარჯველაძე, რომელიც სავარაუდოდ, დაესწრება განხილვებს ბუნდესტაგში, სადაც საქართველოზე რეზოლუციას უნდა უყარონ კენჭი, ამბობს, რომ მას პირდაპირი გავლენა ექნება გერმანიის საგარეო პოლიტიკაზე. ტექსტის მომზადებამდე გერმანიის ბუნდესტაგიდან მაღალი დონის მრავალპარტიული დელეგაცია სტუმრობდა საქართველოს, თუმცა მათ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ შეძლეს, მიუხედავად მცდელობისა. დელეგაციის წევრები მხოლოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მიიღო.
სარჯველაძე ხაზს უსვამს, რომ სამთავრობო ფრაქციები არიან რეზოლუციის ავტორები და ის განსაზღვრავს პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით.
„რეზოლუციაში პირდაპირ არის მოწოდება, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია უნდა შეჩერდეს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება არ შეწყვეტს დემოკრატიის კუთხით რეგრესს და სვლას ავტორიტარული მმართველობისკენ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბუნდესტაგი გერმანიის პოლიტიკური გულია და ძირითადი დებატები, იქნება ეს საგარეო პოლიტიკა თუ სხვა საკითხები, მიმდინარეობს ბუნდესტაგში. შესაბამისად, ბუნდესტაგში მიღებულ რეზოლუციას პირდაპირი ზეგავლენა აქვს გერმანიის საგარეო პოლიტიკაზე“,- თქვა პოლიტოლოგმა. სხვათა შორის, იმავეს ახსნას ცდილობდნენ გერმანელი პარლამენტარები საქართველოში ვიზიტისას მას შემდეგ, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ვერც ერთ დონეზე ვერ გამართეს შეხვედრა და არც დაუმალავთ საკუთარი გაოცება, „ეს ახალი რეალობააო“.
„ამ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნების მიზანს ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებენ. ამ ინტერესებში ნათლად არის აღწერილი ევროკავშირში ინტეგრაცია, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ეს ნათლად ასახავს გერმანიის პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლებისადმი“,- ამბობს პოლიტოლოგი.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი გზავნილია არჩევნების მნიშვნელობაზე ხაზგასმაც, რომელიც გადაწყვეტს, რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა. ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ რეზოლუცია ხელისუფლებას მოუწოდებს, დააკვირდეს პროცესებს და იმოქმედოს შესაბამისად, ამდენად, „სანქციების კომპონენტიც არ არის გამორიცხული“.
ამასთან, ირკვევა, რომ გერმანელმა ულტრამემარჯვენეებმა ბუნდესტაგში დაარეგისტრირეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც პოლიტოლოგის თქმით, იმეორებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ნარატივებს:
„დღეს გამოქვეყნდა ბუნდესტაგში ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეზოლუციის ტექსტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამთავრობო ფრაქციების რეზოლუციას. ეს არის ულტრამემარჯვენე, ნაწილობრივ ექსტრემისტული პარტია, რომელიც გამოირჩევა პრორუსული პოზიციებით. ამ პარტიის რეზოლუციის ტექსტის შინაარსი დიდწილად ემთხვევა „ქართული ოცნების“ რიტორიკას და ერთი ერთში გამოხატავს რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოსადმი. მაგალითისთვის, ამ რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელიც უნდა ემყარებოდეს თვითგამორკვევის პრინციპს (რაც რეალურად რუსული ნარატივია და ეს ჩვენ ვიცით). ასევე, ეს პარტია მოუწოდებს გერმანიის მთავრობას, რომ დასავლეთი არ უნდა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში (აქ იგულისხმება „რუსული კანონის“ გამო ხელისუფლების კრიტიკა) და ასევე მოუწოდებს გერმანიის ხელისუფლებას და დასავლეთს, ნუ ცდილობს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას - იმეორებს იგივე „მესიჯებს“, რომელთაც ჩვენ „ქართული ოცნება“ გვთავაზობს საკუთარი პროპაგანდის ფარგლებში“.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენცია შეიმჩნეოდა ევროპარლამენტში საქართველოს ირგვლივ გამართული დებატების დროსაც, რომლის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. მმართველი პარტიისადმი მხარდამჭერ პოზიციას აფიქსირებდნენ ულტრამემარჯვენე ძალები, რომლებიც ასევე შემჩნეულნი არიან კრემლთან კავშირებში.
„ღიად ვხედავთ, როგორ იცავს პრორუსული პოზიციებით გამორჩეული, ულტრამემარჯვენე, ნაწილობრივ ექსპრემისტული პარტია „ქართულ ოცნებას“ - გადაეფარა „ქართულ ოცნებას“ არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ ბერლინშიც: ევროკავშირში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის ავტორი სამი ევროპარლამენტარიდან ორი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი იყო. ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული პარტიების ბანაკში განიხილება არა მხოლოდ რუსეთის, პრორუსული ევროპული პარტიების მიერაც“,- ამბობს პოლიტოლოგი.
პოლიტოლოგმა ხაზი გაუსვა, რომ ხსენებულ რეზოლუციას დამტკიცების პერსპექტივა არ აქვს.