10-10-2024 18:12:49 საზოგადოება ,ეს საინტერესოა
დღეს, 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და სახელმწიფო დაწესებულებებს ლუკასთვის სერვისის მიწოდებაზე უარის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა,- იტყობინება „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR). ეს საქმე და მისი თანმდევი გადაწყვეტილებები გავლენას იქონიებს სხვა ბავშვების ცხოვრებაზე - ეროვნულ დონეზე ქმნის ახალ შესაძლებლობას მათი ინტერესების, უფლებების დასაცავად.
ლუკას საქმე
ეს საქმე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჯერ კიდევ 2020 წელს, როდესაც 14 წლის ლუკას მხოლოდ იმიტომ რომ, ქვეყანაში სათანადო ბავშვზე ზრუნვის სერვისი არ არსებობდა, 3 თვეზე მეტი დროით იძულებით განათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში (თუმცა მას ეს არ სჭირდებოდა) და მისი ინტერესების დაცვის საქმეში PHR-ს იურისტები ჩაერთვნენ.
საქმე იმაშია, რომ ლუკას სჭირდებოდა პერსონალური ასისტენტის მომსახურება. საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ინფორმირებული იყო მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქცევის სირთულისა და პერსონალური ასისტენტის გადაუდებლად დანიშვნის საჭიროების შესახებ. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე უარის გამო, ბავშვს უხდებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თვეობით ყოფნა, სადაც იგი, მისი ინტერესების დამცველების ცნობით, ძალადობის მსხვერპლი გახდა. ქცევის სირთულის გამო, ასევე, ვერ იღებდა განათლებას და ვერც სახელმწიფოში არსებული სხვა სერვისებით სარგებლობდა.
სახელმწიფო ორგანოებს ლუკამ არაერთხელ მიმართა თხოვნით პერსონალური ასისტენტის სერვისის შექმნის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ორგანიზაციამ უკვე სასამართლო ჩართო საქმეში და მოითხოვა ბინაზე მოვლის ქვე-პროგრამაში პერსონალური ასისტენტის პროგრამის შექმნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 28 სექტემბერს სახელმწიფოს დაუყოვნებლივ დაავალა აღნიშნული პროგრამის შექმნა და ლუკას საჭიროებების დაკმაყოფილება - პროგრამის ფარგლებში სახელწმიფო ვალდებული გახდა ლუკასთვის დღე-ღამეში 12 საათის განმავლობაში გაეწია ასისტენტების მომსახურება. და ეს იმთავითვე იყო პრეცედენტული გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა მნიშვნელოვანი ცვლილებები ყველა ბავშვისთვის სასარგებლოდ.
ლუკას საქმის შედეგად ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა სისტემური ცვლილება, რაც ყველა შშმ ბავშვს, საჭიროების შეფასებით დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში, აძლევს შესაძლებლობას, პერსონალური ასისტენტის სერვისით ისარგებლოს.
სწორედ ლუკას სამართლებრივი პროცესების წარმოების შემდეგ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სოციალური რეაბილიტაციის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა, სადაც შევიდა ცვლილება, კერძოდ:
შშმ ბავშვები, მათ შორის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები დღის ცენტრებში უზრუნველყოფილი იქნებიან პერსონალური ასისტენტებით.
რაც შეეხება ბინაზე მოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას: ქცევის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში შესაძლებელი გახდა ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელება, ისე როგორც ეს მოხდა ლუკას შემთხვევაში.
მორიგი პრეცედენტი
დღეს კი, ოთხწლიანი განხილვების შემდეგ, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის ძირითადი მოთხოვნა და სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის არ არსებობა და შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე უარი, შეაფასა როგორც სახელმწიფოს უმოქმედობა, რამაც გამოიწვია ლუკას უფლებების დარღვევა წლების განმავლობაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უმოქმედობის გამო დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 12 000 ლარის ოდენობით.
რატომ არის მნიშვნელოვანი სასამართლოს გადაწყვეტილება
ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო, პროგრამის არ არსებობას ხსნიდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით, და განმარტავდა რომ ფინანსური რესურსების გათვალისწინებით სახელმწიფოში დროთა განმავლობაში იქმნებოდა შესაბამისი სერვისები. სასამართლომ მათი არგუმენტი არ გაითვალისწინა და მიიჩნია, რომ გაჭიანურდა და დაყოვნდა ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სერვისის შექმნა, რასაც არ ჰქონდა გონივრული გამართლება.
ამდენად, ეს საქმე, როგორც ორგანიზაციის იურისტები განმარტავენ, „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შშმ პირების და მით უფრო შშმ ბავშვების დაცვის კუთხით, ვინაიდან გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის სერვისების დროულად დანერგვის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს ვალდებულებებს შშმ ბავშვების უფლებების ეფექტურად დაცვის კუთხით. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს შშმ პირებისთვის მათზე მორგებული სახელმწიფო სერვისების დროულ და ეფექტურ დანერგვას და მიწოდებას“.
ამ გადაწყვეტილებით სახელწმიფოს სხვა მსგავს შემთხვევებში აღარ ექნება საშუალება ფინანსების არარსებობით გაამართლოს ბავშვებისთვის ისეთი სერვისების შექმნაზე უარი, რაც შედეგად ბავშვების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას.
საქმეზე მოსამართლე იყო დავით წერეთელი. ლუკას ინტერესებს იცავდნენ ადვოკატები: სოფიკო მენაბდიშვილი, ანა არგანაშვილი, ნანა გოჩიაშვილი, თამარ კაპანაძე.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.