ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 14-16 ოქტომბერი

18-10-2024 10:00:02 კონფლიქტები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ნოემბერში დაგეგმილი რაუნდის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. განსაკუთრებული აქცენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ამ მიმართულებით „კოლექტიური ძალისხმევის“ გაგრძელების აუცილებლობაზე გაკეთდა. ამასთან, რუსული მხრიდან „ხაზი გაესვა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სასაზღვრო ზონაში პროვოკაციების აღკვეთის მნიშვნელობას, რამაც შესაძლოა ადგილზე მდგომარეობის ესკალაცია გამოიწვიოს“.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას გამოეხმაურა აფხაზური ტელეგრამ-არხი „აფხაზეთის ცენტრი“, რომელმაც ყურადღება რუსეთის მხრიდან საქართველოში შესაძლო პროვოკაციებზე გაამახვილა. „ეს ნიშნავს, რომ თუ საქართველოში არჩევნები კრემლისთვის არასასურველი შედეგებით დასრულდება, იქნება რუსული პროვოკაციები, “მზადყოფნის გეგმის“ პირველი ეტაპი“, - აღნიშნულია „აფხაზეთის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ პოსტში.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოზე მიღებული მორიგი რეზოლუცია „მნიშვნელოვნად ამახინჯებს ადგილზე [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში] არსებულ სურათს და აბსოლუტურად პოლიტიზებულ და ტენდენციურ ხასიათს ატარებს“. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მაშინ როდესაც რეზოლუცია საუბრობს „აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ვითომდა ჰუმანიტარულ პრობლემებზე, მასში არაფერია ნათქვამი ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე და იმ დისკრიმინაციაზე, რომელსაც უკვე მრავალი წელია აფხაზეთის მოქალაქეები აწყდებიან“. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია გადაადგილების თავისუფლებაზე. „ეს პრობლემა აფხაზეთში საკმაოდ მწვავედ დგას, თუმცა ჩვენი მოქალაქეების აშკარა დისკრიმინაციის მიუხედავად, ეგრეთწოდებული საერთაშორისო თანამეგობრობა ამ სერიოზული გამოწვევის იგნორირებას განაგრძობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საერთაშორისო და ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილების მიღების ამჟამინდელი პრაქტიკა მეტყველებს მათ მიკერძოებულობაზე და ცალმხრივი ინფორმაციის გამოყენებაზე, რომელსაც მათ მხოლოდ ქართული მხარე აწვდის. „ამ პირობებში საერთაშორისო სტრუქტურების მიერ მიღებული დოკუმენტებისადმი ნდობაზე საუბარი შეუძლებელია“, - აცხადებს უწყება.

მისივე თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში სოხუმმა არაერთხელ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას თხოვნით, მისცეს აფხაზ „დიპლომატებს“ გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა, თუმცა უშედეგოდ. „ღრმად გვწამს, რომ სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე საერთაშორისო სტრუქტურების მუშაობაში აფხაზეთის რესპუბლიკის ჩართულობის გარეშე დაგროვილი წინააღმდეგობების სწრაფი და ობიექტური გადაწყვეტის იმედი არ უნდა გვქონდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთში ვრცელდება ინმფორმაცია რუსეთის „მოქალაქეობის“ ჩამორთმევის შესახებ

აფხაზურ სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ტაიფუნ არძინბას, რომელიც ამჟამად ბიზნეს-კომპანია „ტამსაშს“ ხელმძღვანელობს, რუსეთის ფედერაციის „მოქალაქეობა“ ჩამოართვეს. გავრცელებული ცნობით, „მოქალაქეობა“ მას რუსეთსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეშლისა და ანტირუსული საქმიანობის გამო შეუწყდა. ტაიფუნ არძინბა არის რეპატრიანტი თურქეთიდან და რუსეთის მოქალაქოების პარალელურად თურქეთის მოქალაქეობის მფლობელიცაა.

თავად ტაიფუნ არძინბამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. „რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია ფეიკია. ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიმიღია“, - აღნიშნა არძინბამ. მან ასევე დასძინა, რომ „რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი“ ბოლოს სექტემბერში გადაკვეთა, რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მის მიმართ კითხვები არ არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა „პროსახელისუფლებო“ ტელეგრამ-არხმა „სოვმინმა“, რომელიც ადასტურებს, რომ არძინბას რუსეთის მოქალაქეობა ნამდვილად ჩამოერთვა. პოსტის ავტორის მტკიცებით, რამდენიც არ უნდა უარყოს არძინბამ მოქალაქეობის ჩამორთმევა, ეს უკვე შემდგარი ფაქტია და ოფიციალურ შეტყობინებასაც უახლოეს მომავალში იხილავს. პოსტის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, ტაიფუნ არძინბა საკუთარ ტერიტორიაზე აღარ შეუშვას.

სოხუმში საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, დასავლეთთან დაპირისპირება და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება აფხაზურ საზოგადოებაში სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს და აქტიურად განიხილება სოციალურ მედიაში.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის გაუმჯობესებული ურთიერთობა ხშირად გამოიყენება დე ფაქტო ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერი ძალების მიერ იმის საჩვენებლად, რომ სოხუმმა მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა შეწყვიტოს და კრემლისთვის სასურველი „კანონები“ მიიღოს.

ასე, „პროსახელისუფლებო“ ტელეგრამ-არხი „სოვმინი“ ირწმუნება, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ დარჩენის შემთხვევაში, საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების დაჩქარება იქნება, რაც უპირველეს ყოვლისა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ნიშნავს. პოსტის ავტორის თქმით, საქართველო დიდი ხანი მიდიოდა დასავლეთისკენ და დასავლურ ბანაკში მოხვედრას ცდილობდა, თუმცა ამჟამად ახალი პოლიტიკური კურსის გამო უარს აცხადებს ამ გზაზე მიღწეულ შედეგებზე. „შეიძლება ითქვას, საქართველო გარკვეულ ფასს იხდის [ახალი კურსის გამო] და ეს ფაქტი აუცილებლად იქნება ხაზგასმული რუსეთთან მოლაპარაკებების დროს“, - აცხადებს ავტორია. მისივე მოსაზრებით, სწორედ ამიტომ საქართველომ „წინასაარჩევნო ავანსად“ მიიღო რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაფართოება, ხოლო ამ დროს აფხაზეთისთვის წყდება რუსული დაფინანსება.

„თუკი აფხაზეთში პოლიტიკური განხეთქილება გაგრძელდება და ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეძლებს რუსეთთან დაახლოების მორიგი მცდელობის აღკვეთას, ქართველები მოსკოვთან ამას აუცილებლად გამოიყენებენ. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი მაშინვე დათანხმდება „რბილ კონფედერაციას“, თუმცა სტრატეგიული თვალსაზრისით ეს აფხაზეთს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის“, - აცხადებს „სოვმინი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები