18-10-2024 15:59:14 ანალიზი
ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე შეკრებილმა ლიდერებმა გაიმეორეს კრიტიკა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ და ხაზი გაუსვეს შემოდგომის არჩევნების მნიშვნელობას. ამ კრიტიკას თბილისიდან ბოლო დროს ჩამოყალიბებული პათოსით უპასუხეს, რასაც მიესალმნენ მოსკოვიდან.
17-18 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს (ევროკავშირის უმაღლესი ორგანო, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს და ევროკომისიის პრეზიდენტს აერთიანებს. მას შარლ მიშელი ხელმძღვანელობს) სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოზეც იმსჯელეს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ კრიტიკული განწყობის არსებობა პირველივე დღეს გაკეთებულ კომენტარებში იგრძნობოდა.
„საქართველოში აშკარად დემოკრატის მიმართულებით უკუსვლაა. შემდეგი არჩევნები სიმართლის მომენტი იქნება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა - ევროპისკენ თუ მისგან დაშორება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ქართველებისთვის კიდევ უფრო, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს“, - თქვა 17 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. ორიოდ დღით ადრე მედიისთვის მიცემულ კომენტარში კი მან ავტორიტარიზმიც ახსენა: "მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი განცხადებები, ქმედებები, საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს. ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალი. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროპულ დაფინანსების კუთხით. დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნებს, რაც გადამწყვეტი ტესტი იქნება დემოკრატიისთვის საქართველოში და მისი ევროპული გზისთვის".
საკუთარი კრიტიკული პოზიცია არ დაუმალავს საქართველოს ერთ-ერთი ტრადიციული მოკავშირის - ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასაც:
„საქართველო არის დიდი საკითხი. საქართველოში გაიმართება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტს ქვეყნის მიმართულებას. თუკი ისინი შეინარჩუნებენ ამჟამინდელ სტატუს-კვოს, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ექნება შანსი, წინ წაიწიოს და იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. პროევროპული ძალების გამარჯვების შემთხვევაში გვექნება განსხვავებული გზის მოლოდინი და ამას მივესალმებით“.
უკვე დღის ბოლოს, ევროკავშირის ლიდერებმა გამოაქვეყნეს ევროპული საბჭოს დასკვნა, რომელიც ასევე ტრანსლირებს ხსენებულ განწყობებს. კერძოდ, საბჭო ადასტურებს "ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე" და ამასთან, კვლავ გამოხატავს "სერიოზული შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობებს და პრინციპებს".
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, "მოქმედებების ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს".
"ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს ევროინტეგრაციის ძირითად პრინციპეთან შესაბამისი დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები.
ევროპული საბჭო განაგრძობს საქართველოში სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას და მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ.
„ქართულ ოცნებაში“ არ დაუმალავთ ევროკავშირიდან წამოსული გზავნილებით გაღიზიანება. მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პარტნიორებს არჩევნებზე ზემოქმედებაში დასდო ბრალი:
„არჩევნებამდე 10 დღეც არ დარჩა და მსგავსი განცხადებები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოზე ზემოქმედებისა და წინასაარჩევნო პროცესებში პირდაპირი და უხეში ჩარევა“.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კი, რომელმაც მანამდე ევროკავშირი საბჭოთა კავშირსაც კი შეადარა, ამჯერად ევროპელი ლიდერები სისულელეების გამეორებაში დაადანაშაულა:
„ადამიანები, ვინც ცხოვრობენ საქართველოში, ისინი ხომ საკუთარ თავზე გრძნობენ. ქვეყანაში არის დემოკრატია, თავისუფლება, თუ ისევ და ისევ წარსულში ვართ ჩარჩენილები, როგორც 2012 წლამდე. ხალხს ქუჩაში ვკლავთ, თუ ვაუპატიურებთ ციხეებში, თუ ბიზნესმენებს ვარეკეტებთ და ქონებებს ვაფორმებინებთ? ეს ხომ არ არსებობს? ხომ წარმოუდგენელია? - ხომ შეუძლებელია ისაუბრო ისეთ რაღაცაზე, რომელიც ქვეყანაში არ არის, ანუ ისეთ ცუდ რაღაცებზე, რომელიც ქვეყანაში არ არსებობს, მდგომარეობა გვაქვს პირიქით - ყველანაირი თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯები, მიღწევები გვაქვს.
მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და ბატონ ბორელსაც, მაგრამ სისულელეს რომ იტყვი ადამიანი, წარმოუდგენელია. ამ ქვეყანაში ხალხი ხომ ცხოვრობს, ყოველდღიურობაში ხო ადამიანი გრძნობს, რომ ის თავისუფალია, თუ არ არის - თავისუფალი, ბიზნეს ართმევს ვინმე? - არ ართმევს. ხომ შეუძლებელია ისეთი რაღაც დააბრალო და მოიგონო, რაც არ არსებობს“.
„ოცნების“ ლიდერებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც უკრაინაში ომს უკავშირებს ევროკავშირთან დაძაბულობასაც, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ხაზგასმით შეახსენა, რომ პრობლემა არა ბრიუსელში ან სადმე სხვაგან, არამედ საქართველოში მიღებულ გადაწყვეტილებებშია, შესაბამისად, გამოსავლებიც:
„საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერება გადაწყდა მიზანმიმართული ნაბიჯების, გადაწყვეტილებების, კანონების მიღების შედეგად, რომელიც საქართველოში მიიღეს. პრობლემა ბრიუსელში არაა! არ არის არც ვაშინგტონში ან კიევში, არამედ პრობლემა და გადაწყვეტა არის აქ, საქართველოში - საქართველოს ხელისუფლების, პარალამენტის, მმართველი პარტიის ქმედებების, გადაწყვეტილებების და განცხადებების შედეგია. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვეტიეს საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება. გაფართოების პირველი ანგარიში, რომელიც შარშან ნოემბერში გამოქვეყნდა, მოუწოდებდა, შეაჩერეთ ანტიდასავლური პროპაგანდა, კონსპირაციული თეორიები, უცნაური ნარატივი. სამწუხაროდ, დეზინფორმაციის გავრცელება არ შეჩერებულა, პირიქით. მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჯიბრი გვაქვს, ასპარეზობა გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებს შორის საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მმართველ პარტიაში, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად. ეს მიუღებელია! ეს მიუღებელია იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც სურს, შეუერთდეს ევროკავშირს“.
საქართველოსა და მის დასავლელ მოკავშირეებს შორის დაპირისპირებას დაუფარავი კმაყოფილებით ადევნებენ თვალს მოსკოვიდან. „არავის სურს, ხურდა ფულად იქცეს სხვების თამაშშიო“,- თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „ომში ჩათრევის“ თაობაზე „ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივის გამაგრების მცდელობისას და „ახალ წესრიგზე“ ისაუბრა.
"აუცილებელია საკუთარი "იმუნიტეტის" გაძლიერება - ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, აუცილებელია საღად მოაზროვნე ყველა ქვეყნის გაერთიანება ახალი მსოფლიო წესრიგის ეგიდით, რომელიც დაეფუძნება არა ვიღაც უცხოს გაუგებარ "წესებს", დამყარებულს დომინირებასა და განსაკუთრებულობაზე, არამედ მრავალპოლარულობას, პოლიცენტრიზმს, პატივისცემას, სუვერენიტეტსა და ყველაფერ იმას, რაც თავის დროზე გაერო-ს წესდებაში ჩაიდო“,- განაცხადა ქვეყნის წარმომადგენელმა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ორი ქართული რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალი, არ ამჟღავნებს მზაობას, შეცვალოს დამოკიდებულება და რეგიონში დესტაბილიზაციის მთავარი წყარო თბილისს „დახმარებას“ სთავაზობს „მეზობლებთან“ (გულისხმობენ ცხინვალს და აფხაზეთს) დიალოგში.
ვისაც მოსკოვის ეს წინადადება ხიბლავს, რომელიც რეალურად გავლენის სფეროების დანაწილებას გულისხმობს, ატლანტიკური საბჭოს წევრი, ანალიტიკოსი გიორგი მუჩაიძე სთავაზობს, ჯერ "პოლუსობის" კანდიდატი ქვეყნების მართვის სტილს გაეცნოს და ასევე გაიხსენოს თავად საქართველოს ახლო წარსული.
„მრავალპოლარული სამყარო ზოგისთვის მაცდური გზავნილია. თითქოს რატომ უნდა იყოს ცუდი, როდესაც ამბობენ, რამდენიმე დომინანტი ქვეყანა ერთმანეთს გააწონასწორებს და საერთაშორისო ურთიერთობებში იქნება მეტი თანასწორუფლებიანობაო. რეალურად ეს ნიშნავს გავლენის სფეროების დანაწილებას. ამ ვერსიით, ჩვენს რეგიონში ეს პოლუსი უნდა იყოს რუსეთი, იქეთ - ჩინეთი. ორივე ქვეყანას თავის სამეზობლოში აქვთ აშკარა რეგიონალული ჰეგემონიის ამბიციები, საზღვრებთან დაკავშირებით დავები მეზობლებთან, აგრესიული პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას არღვევს. იგივე ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ამბობს, რომ მთლიანად ეს ზღვა „ჩემი ეკონომიკური ზონააო“, სერიოზულ ნაბიჯებს დგამს, მათ შორის - სხვა ქვეყნების გემების დაზიანების, ადამიანების დაკავების გზით. ტერიტორიული პრეტენზიები აქვს ინდოეთთან, სხვათა შორის, რუსეთთანაც. ადამიანის უფლებების კუთხით რა მდგომარეობაა, უიღურების მაგალითზეც ვხედავთ - მილიონზე მეტი უიღური ხელახალი აღზრდის ბანაკებში ჰყავთ, იტენტობის წაშლას ცდილობენ, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში და მთლიანად რეგიონში.
თუ ასეთი ქვეყნები გახდნენ პოლუსები - რეგიონალური ჰეგემონები, ეს ნიშნავს, რომ ასეთი წესრიგი დამყარდება მათ სამეზობლოშიც. აი, ამას გულისხმობს საერთაშორისო ურთიერთობების მათი ხედვით „გადემოკრატიულება“. თავის მხრივ, ამას რა მოჰყვება, ეს უკვე ვიცით: საბჭოთა კავშირს რომ შევეშვათ, 90-იან წლებში, ვიდრე დასავლეთი ნელ-ნელა დაინტერესდებოდა რეგიონით, რუსეთს ჰქონდა ექსკლუზიური გავლენა სამხრეთ კავკასიაზე. გავიხსენოთ ახლო ისტორია - რუსეთს გაჩაღებული ჰქონდა ჰიბრიდული ომი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წვრთნითაც, სამხედრო ტექნიკით და იარაღით ეხმარებოდა სეპარატისტებს. იგივე ხდებოდა მოლდოვაში, უკრაინაში, ყარაბაღშიც. ნატო-ს წინააღმდეგ შექმნილ „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაშიც“ კი გაწევრიანდნენ საქართველო და აზერზბაიჯანი იმედით, რომ რუსეთიდან რბილი პოლიტიკის წარმოება მოხდებოდა და კონფლიქტების გადაწყვეტის შესაძლებლობა მიეცემოდათ. თუმცა, სულ პირიქით მოხდა - მოხდა რუსეთის გავლენის კონსოლიდაცია, სეპარატისზმის ხარისხი გაიზარდა და ეს რეგიონები კიდევ უფრო დაშორდნენ დანარჩენ საქართველოს. შემდეგ დაიწყო ნატოს კარზე „დაკაკუნება“ შევარდნაძემ, ალიევიც გამოვიდა ამ სამხედრო კავშირიდან. ახლა უკვე სომხეთმაც დაიწყო პოლიტიკის შემობრუნება, შეაჩერა წევრობა. აი, მოლდოვა 1993 წლიდან არის კონსტიტუციით ნეიტრალური სახელმწიფო და ეს რაიმენაირად დაეტყო დნესტრისპირეთში კონფლიქტის მოგვარებას? გადადგა რაიმე სერიოზული ნაბიჯი რუსეთმა? ცხადია არა!“,- იხსენებს "აქცენტთან" ანალიტიკოსი.
ის ყურადღებას ამახვილებს კრემლის მიერ არაერთგზის გაჟღერებულ იმერიალისტულ ზრახვებზე, რომელზეც ცივილური სამყარო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ხუჭავდა თვალს - პოსტ საბჭოთა ქვეყნები აქციოს საკუთარ „უკანა ეზოდ“:
„სწორედ ამიტომ არის მათთვის მიუღებელი ნეისმიერი ძლიერი ორგანიზაცია, თუ ის ხელს შეუშლის რუსეთის ამ იმპერიალისტურ პოლიტიკას და ამ ქვეყნებს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის გაძლიერებაში, განვითარებაში დაეხმარება. რუსეთის ინტერესია დაკნონებული, ჩამორჩენილი სამეზობლო მისი გავლენის გასაფართოებლად.
მისგან განსხვავებით, ევროკავშირს სურს ცივილიზებული სამეზობლო - განვითარებული, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები, რომ არ ხდებოდეს პრობლემების გადადინება. ეს უპირველესად მათ ინტერესშია. ისინი ასე ხედავენ საკუთარ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირში - გარდა იმისა, რომ პროგრესია, მიდგომა აქვთ განსხვავებული“,- ამბობს მუჩაიძე, თუმცა დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება და რაიმე სახის პროგრესის მიღევა, შეუძლებელია.
„არ მახსენდება მსგავსი განცხადებები ევროპელი ლიდერების მხრიდან, გზავნილები მკაფიოა“,- იხსენებს ანალიტიკოსი ევროპელი პარტნიორების კრიტიკას და ვითარებიდან გამოსავალს ისიც შემოდგომის არჩევნებში ხედავს, „ხალხი არ უნდა მოტყუვდეს, რომელსაც მმართველი პარტია თვალში ნაცარს აყრის“.
„ეს არჩევნები გადამწყვეტია“,- დასძენს მუჩაიძე.